Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის მოსახლეობა საერთაშორისო პოლიციის ამოქმედებას ითხოვს


ავტობუსი ოტობაიაში გასამგზავრებლად ემზადება
ავტობუსი ოტობაიაში გასამგზავრებლად ემზადება
ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი ზუგდიდში ხშირადაა შესაძლებელი იმ ადგილას, საიდანაც აფხაზეთის მიმართულებით ავტობუსი გადის. მის მგზავრებს შორის დღეს ოკუპირებული სოფლის, საბერიოს, მკვიდრი შუა ხნის მამაკაციც იყო. მან რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ამჟამად წალენჯიხის რაიონთან მდებარე სოფელ საბერიოს საზღვარზე მხოლოდ აფხაზები იმყოფებიან, მათგან 150-200 მეტრში კი რუსი სამხედროები დგანან. მისივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრში რუს ჯარისკაცებს ათამდე კარავი აქვთ გაშლილი, საავტომობილო გზაზე კი ჯავშანმანქანებით მოძრაობენ. საბერიოს მკვიდრი იმასაც ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში გადასასვლელად აფხაზი მესაზღვრეები 5 ლარს ახდევინებენ, რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებს კი ჯერჯერობით არ უქმნიან.

მსგავს ვითარებას აღწერენ ზუგდიდის რაიონთან მოსაზღვრე ოკუპირებული სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების, მცხოვრებნიც. მათი ინფორმაციით, უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან ამჟამად მხოლოდ აფხაზები დგანან, მათგან მოშორებით, სოფლების ცენტრში კი - რუსი სამხედროები. საზღვრის გადაკვეთისთვის თანხას ნაბაკევისა და ბარღების მოსახლეობაც იხდის. ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ევროკავშირის მეთვალყურეთა ყოფნა აუცილებელია, რადგან ფიქრობენ, რომ გაეროს მისიის გასვლის შემდეგ ყაჩაღობის და ადამიანთა გატაცების ფაქტები გახშირდება.

„მით უმეტეს, ახლა თხილის სეზონი მოდის და, როგორც წესი, ამ დროს ვითარება კიდევ უფრო რთულდება“, - ამბობს სოფელ ბარღების მკვიდრი ქალი. რადიო თავისუფლებას მან ისიც უამბო, რომ ყაჩაღური ჯგუფების წევრები ხშირად ადგილობრივი ქართველებიც არიან. მსგავს ფაქტებზე საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც გაიხსენა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ოკუპირებულ გალის რაიონთან მოსაზღვრე ზუგიდიდს რაიონის სოფელ ხურჩასთან ადამიანები ქართული პოლიციის საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში გაძარცვეს.
XS
SM
MD
LG