Accessibility links

logo-print
მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლამდე არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მოსკოვის სამიტს უნდა გადაეწყვიტა, აიღებდა თუ არა ხელს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის დაწყების განზრახვაზე. ბარაკ ობამა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ამ შეხვედრების შემდეგ თავის საჯარო გამოსვლებში მან ვაშინგტონის სახელით მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზი გაუსვა ახალი ომის დაუშვებლობას. ობამას სიტყვები საქართველოში ბევრმა აღიქვა საფრთხის გამანეიტრალებელ განცხადებებად. მოსკოვში ობამას ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც თქვა, რომ ომი არ იქნება, თუმცა ცალკეული რუსი ექსპერტები (მათ შორის სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი), არ იზაირებენ ასეთ ოპტიმიზმს და უწინდებირად აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის გაჩაღების ალბათობა მაღალია.

რუსი სამხედრო ექსპერტის აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღო და აღიქვა ვლადიმირ პუტინმა ბარაკ ობამას განცხადებები. "ამაზე მარჩიელობა რთულია, რუსეთში გადაწყვეტილებებს ერთი კაცი იღებს, ეს ერთი კაცი პუტინია და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”, - თქვა პაველ ფელგენჰაუერმა 10 ივლისს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. ჩვენ მას ტელეფონით მოსკოვში დავურეკეთ. "ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასა ვლადიმირ პუტინმა ბარაკ ობამა. სამხედრო თვალსაზრისით, სრული მზადყოფნაა და მომავალი კვირიდან თქვენთვის ყველაზე საშიში პერიოდი დადგება. რუსეთის ჯარები მზადყოფნაშია და პროცესის დაწყებას მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება აკლია. გამწვავებები, ჩემი აზრით, მომავალი კვირიდანაა მოსალოდნელი. ჩემი აზრით, ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოსთვის ყველაზე საშიში პერიოდი იწყება."

პაველ ფელგენჰაუერი
სამხედრო თვალსაზრისით, ყველაფერი მზადააო. აქ ფელგენჰაუერი გულისხმობს იმას, რომ ჩრდილო კავკასიაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა, მაგრამ საქართველოსთან მოყენებული არმია დისლოკაციის ადგილებზე ჯერ არ გადანაწილებულა.. ”რუსეთის მიერ კონტროლირებად მხარეში ვერ შედიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რა და რა მასშტაბის მზადებაა იქ, რა გადაადგილებები ხდება, ამის გაკონტროლება რთულია”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პაველ ფელგენჰაუერმა. მისი არგუმენტაციით, ვითარების შესაძლო სერიოზული გამწვავების ნიშანია ისიც, რომ დაიწყო ლაპარაკი საქართველოს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს კუთვნილი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების გამოჩენაზე, თუმცა საქართველოს მხარემ ეს კატეგორიულად უარყო. "საქართველოს მზვერავ თვითმფრინავებს ოკუპირებული ტერიტორიის დაზვერვა არ მოუხდენიათ. სამაგიეროდ, გახშირდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მზვერავი თვითმფრინავების შემოჭრის ფაქტები, მათი მხრიდან დაზვერვს ობიექტები კი საქართველოს სამხედრო ბაზებია”, - განმარტა ახლახან, ჩვენთან საუბრისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა. რა მიზნით მოქმედებს რუსეთი? ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამონაგონი უწოდეს გავრცელებულ აზრს, რომლის თანახმადაც, წვრთნები, სახელწოდებით ” კავკაზ 2009”, ჩრდილო კავკასიაში რუსეთმა საქართველოზე მორიგი შეტევის მოსამზადებლად დაიწყო.ფელგენჰაუერი კი ფიქრობს, რომ, წვრთნების ფაქტორის გამოყენებით, რუსეთმა საკუთარი არმია, სწორედაც რომ, კავკასიაში საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. "პოლიტიკური გადაწყევტილების მისაღებად რუსეთს აჩქარება აღარ სჭირდება. შარშან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სწრაფად მოქმედება სჭირდებოდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ როკის გვირაბის ბლოკირება. დღეს ამ მიმართულებას საქართველოს სიღრმემდე რუსეთი აკონტროლებს და, ერთადერთი, საჭიროა რაიმე ინციდენტი იმისთვის, რომ ვითარება გამწვავდეს", ფიქრობს პაველ ფელგენჰაუერი. მაშინ რა შეცვალა ობამას მოსკოვის განცხადებებმა, რომლებშიც საქართველოშიც და დასავლეთშიც რუსეთის მიმართ მკვეთრი გზავნილები დაინახეს? ფელგენჰაუერის აზრით, შედეგებზე მსჯელობა ნაადრევია და ის, თუ როგორ შეაფასა ვლადიმირ პუტინმა ბარაკ ობამა, უახლოეს პერიოდში - უახლოეს კვირებში - გამოჩნდება, იმისდა მიხედვით, გაივლის თუ არა მშვიდობიანად საქართველოსთვის საშიში პერიოდი - ივლისის შუა რიცხვებიდან, აგვისტოს ჩათვლით.

საქართველოში კი ცალკეულ ანალიტიკოსებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლამდეც გადაჭარბებულად მიაჩნდათ მსჯელობა რუსეთის მხრიდან ახალ სერიოზულ საშიშროებაზე. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, ჩვენთან საუბრისას, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ლევან რამიშვილმა, აღნიშნა: "რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება საქართველოს შიგნით დესტაბილიზაციას, შეეცდება საქართველოს პროვოცირებას, შესაძლოა მოაწყოს გარკვეული ინციდენტები პირობით საზღვრებთან, მაგრამ, ვფიქრობ, ქმედებები, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით თავშეკავებული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან, როცა დაიწყო ომი, ნავთობის ფასი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო და, როგორც ჩანს, ამისგან რუსეთს არაჯანსაღი წარმოდგენები შეექმნა თავის შესაძლებლობებზე."

ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ საფრთხის ალბათობა მაღალი იყო ობამას მოსკოვში ჩასვლამდე, ამ ვიზიტის შემდეგ კი საფრთხე განეიტრალებულია. ამის შესახებ ხელისუფლებაში ბევრმა და, მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: "ყველანაირი აგრესიული გეგმა მათი მხრიდან უახლოეს პერსპექტივაში ჩაშლილია და ომი ისე, როგორც ოცნებებში ჰქონდათ, აღარ და ვეღარ განხორციელდება ამ კონკრეტული საგარეო პოლიტიკური რეალობის გამო."

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ომის საფრთხე მინიმუმამდეა დასული.მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ასე არ ფიქრობს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი, თუმცა მის ვერსიას ომის განახლების მაღალ ალბათობაზე ოპონენტები ჰყავს თავად რუს ექსპერტებს შორისაც.
XS
SM
MD
LG