Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაკეთილშობილდა ადამიანი


ნორბერტ ელიასი
ნორბერტ ელიასი

„ცივილიზაციის პროცესის შესახებ“ - ასე ჰქვია ცნობილი გერმანელი სოციოლოგის, ნორბერტ ელიასის ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელიც ქართულად ფილოსოფოსმა ირმა წერეთელმა თარგმნა და რომლის პრეზენტაცია ორიოდე დღის წინ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გაიმართა. ორი სქელი ტომისაგან შემდგარ ნაშრომში, ისტორიულ და ლიტერატურულ მასალაზე დაყრდნობით, გამოკვეთილია დასავლეთევროპელი ადამიანის ჩვევებისა და მანერების ტრანსფორმაცია შუა საუკუნეებიდან ჩვენს დრომდე, ნაჩვენებია კავშირი ამ ტრანსფორმაციისა სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, რომლებმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყვეს ქცევის ეგრეთ წოდებული „ცივილიზებული“ და „კულტურული“ ფორმების ჩამოყალიბებას. ქართველი სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ნორბერტ ელიასის ნაშრომი, სპეციალისტების გარდა, წაადგება მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომელიც დასავლეთში ინტეგრაციასა და სამოქალაქო საზოგადოების აშენებას ცდილობს.

ირმა წერეთელმა, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ნორბერტ ელიასის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ოთხი წლის წინ თარგმნა. მაშინვე გამოიცა პირველი ტომი, თუმცა, ჯამში, თითქმის ათასი გვერდისაგან შემდგარმა ორტომეულმა დღის სინათლე სულ ახლახან იხილა.

ირმა წერეთელი

ირმა წერეთელი: „შავი ვარიანტი ორივე ტომის თარგმანისა რვა თვეში მქონდა მზად, მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდა რედაქტირებასა და სტილისტურ გასწორებას. ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც იყო ძალიან რთული თარგმანი, იმიტომ რომ იქ ჩართულია ძალიან ბევრი ტექსტი ლათინურად, ფრანგულად, ძველგერმანულად... ვეცადე სკრუპულოზურად დამეცვა ტექსტის სტრუქტურა და არ დამერღვია რამე, შინაარსისა და ფორმის თვალსაზრისით.“

ირმა წერეთლის თქმით, ნაშრომში საფრანგეთის, გერმანიის და ინგლისის ისტორიების შედარების მაგალითზე ნაჩვენებია ის, თუ როგორ მოხდა ეკლესიის, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების ფორმების ჩამოყალიბება, როგორ მოხდა საზოგადოების წეს-ჩვეულებების შეცვლა. ფილოსოფოსი აკაკი ყულიჯანიშვილიც ამბობს, რომ ქართულად თარგმნილი „ცივილიზაციის პროცესის შესახებ“ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგანაც, მისი თქმით, წიგნში გააზრებულია თანამედროვე ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბების უნივერსალური მექანიზმი:

„კულტურა ყალიბდება ელიტარულ წრეებში, რაც მერე საფუძვლად ედება მთელი ერის კულტურას, ანუ გარკვეული დროის შემდეგ ხდება დემოკრატიული, ანუ ხდება გაზიარებული სხვადასხვა სოციალური ფენების მიერ და გაზიარებული ხდება არა ძალდატანებით, არამედ იმ აზრით, რომ ეს უფრო შეესაბამება ადამიანური ცხოვრების წესს.“

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ნორბერტ ელიასის მიხედვით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ცივილიზაციის პროცესს საწყისი დაუდეს პერსპექტიული ხედვის მქონე ადამიანებმა, რომელთაც შესწევდათ უნარი რეგულარულად დაეძლიათ წამიერი აფექტები. ამასთან დაკავშირებით ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკისა და ესთეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი გერონტი შუშანაშვილი ამბობს, რომ ცივილიზაციის განვითარების პროცესი არც ბოლომდე რაციონალურია და არც ირაციონალური.

„ცივილიზაციის პროცესი თავისთავად მოიცავს ადამიანის გაკეთილშობილების პროცესს და შეუძლებელია არ იფიქრო რაციონალიზმის მომენტზე მასში. ამავე დროს, ელიასი იმ პოზიციაზე დგას, რომ ადგილი არ აქვს ვიღაცის მიერ მიზანმიმართულად დაგეგმილი ღონისძიების რეალიზაციას. ასეთი რამ არ არის“, უთხრა რადიო თავისუფლებას გერონტი შუშანაშვილმა.

თავად გერმანელი მეცნიერი ცივილიზაციის განვითარების „სოციალურ მექანიკას“ მარტივად ხსნის: „ცალკეულ ადამიანთა გეგმები და მოქმედებები, ემოციური და რაციონალური სწრაფვები მუდმივად კეთილგანწყობილად ან მტრულად გადაეხლართება ერთმანეთს. ცალკეული ადამიანური გეგმებისა და მოქმედებების ამ ფუნდამენტურმა გადაჯაჭვულობამ შეიძლება განაპირობოს ცვლილებანი და წარმონაქმნები, რომლებიც არც ერთ ცალკეულ ადამიანს არ დაუგეგმავს და არ შეუქმნია. ამგვარად ყალიბდება სპეციფიკური სახის წესრიგი, რომელიც უფრო მაიძულებელი და უფრო ძლიერია, ვიდრე იმ ცალკეულ ადამიანთა ნება და გონება, რომლებიც მას ქმნიან. სწორედ გადაჯაჭვულობის ეს წესრიგი არის ის, რაც ისტორიული ცვლილებების მიმდინარეობას განსაზღვრავს; სწორედ ის უდევს საფუძვლად ცივილიზაციის პროცესს“. ფსიქოლოგი ნოდარ ბელქანია მიიჩნევს, რომ ნორბერტ ელიასის ეს ნაშრომი, თვალსაწიერის გაფართოების გარდა, დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქართულ საზოგადოებას ერთგვარი გზამკვლევის მაგივრობასაც გაუწევს:

„ცივილიზაციის პროცესი, ანუ ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი, ნამდვილად დასწავლადია. აქ ნებისმიერი სხვისი გამოცდილება სასარგებლოა, მით უმეტეს, ევროპული გამოცდილება, იმიტომ რომ ევროპა ძალიან ძველიც არის და თანამედროვე ცივილიზაციის მწვერვალზეც არის. ჩვენ მათგან ყველაფრის სწავლა შეგვიძლია. უბრალოდ, ეს არაა ხანმოკლე პროცესი.“

ნოდარ ბელქანიას აზრით, პროცესის ხანგრძლივობას პროცესში მონაწილეთა სიმრავლე განაპირობებს, რადგანაც თვისებრივად ახალი ცოდნითა და გამოცდილებით მთელი საზოგადოება უნდა აღიჭურვოს. თუმცა, თუ გერმანელ სოციოლოგს დავესესხებით, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტ როლს ელიტა თამაშობს. სხვა ამბავია, რომ თავად ელიტა, რომლის ქცევაც გადამდებია, გამრავალფეროვანდა. დროთა განმავლობაში არისტოკრატიული ელიტის ადგილი დაიკავა ფინანსურმა, ინტელექტუალურმა და არტისტულმა ელიტებმა. ფილოსოფოსი აკაკი ყულიჯანიშვილი განმარტავს:

„ნებისმიერ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ტენდენციები თავდაპირველად ელიტარულ წრეებში იფილტრება და შემდეგ ხდება გადასვლა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში და ეს კანონი დღესაც მოქმედებს. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ე.წ. ვარსკვლავური ცხოვრების წესის მიმბაძველობა და როგორ იქცა იგი თანამედროვე ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. თუ გაივლით ნიუ-იორკში, ნახავთ ბევრ ჯეკსონის, მერლინ მონროსა და სხვების მიმბაძველ ადამიანს... შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი კულტურისათვის ერთგვარი მუდმივაა.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG