Accessibility links

logo-print

რას აპირებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველო”?


საზოგადოებრივი მოძრაობის, "დაიცავი საქართველოს" დაარსების ერთ-ერთი თაოსანი ლევან გაჩეჩილაძე

საზოგადოებრივი მოძრაობის, "დაიცავი საქართველოს" დაარსების ერთ-ერთი თაოსანი ლევან გაჩეჩილაძე

9 აპრილის საპროტესტო აქციების ლაიტმოტივი, მოწოდება "დაიცავი საქართველო", საზოგადოებრივი მოძრაობის სახელად გადაიქცა. 10 ივლისს ათონელის თეატრში მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვება ხელმოწერების შეგროვება, ხოლო როდესაც ხელმომწერთა რიცხვი დაახლოებით 100 ათასს მიაღწევს, მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობაც სწორედ ამის შემდეგ გაიმართება, სავარაუდოდ - ეროვნულ სტადიონზე. რა გეგმები აქვს საზოგადოებრივ მოძრაობას "დაიცავი საქართველო"?

საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელიც ერთი ვრცელი წინადადებით შემოიფარგლება, 10 ივლისს ათონელის თეატრში პოეტმა დავით მაღრაძემ წაიკითხა:

”არჩევნებში და შემდეგ უკვე ომში დამარცხებული ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოსახლეობაზე აღვირახსნილი ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების მეტი კონსოლიდაციისთვის, ახალი, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად, გამოვდივართ ინიციატივით - შეიქმნას საერთო საყოველთაო საზოგადოებრივი მოძრაობა - ‘დაიცავი საქართველო’.”

მიმართვას, რომელმაც დამსწრეთა ტაში დაიმსახურა, თავად დავით მაღრაძის გარდა, საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს. მათ შორისაა, მაგალითად: ჭაბუა ამირეჯიბი, ბიძინა კვერნაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, რობერტ სტურუა, ქეთი დოლიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნიკოლოზ დერიუგინი, ჟანრი ლოლაშვილი, ნატო მეტონიძე, ზაზა პაპუაშვილი და ძმები - გია და ლევან გაჩეჩილაძეები.

მთავარი მიზანი, რომლისკენაც მოძრაობა ”დაიცავი საქართველო” მიისწრაფვის, ლევან გაჩეჩილაძის განმარტებით, არის საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი. ”ვთვლი, რომ 26 მაისი ეს იყო საზოგადოების უდიდესი კონსოლიდაციის დღე და 26 მაისი ახლა უნდა გადავაქციოთ იმ დიდ სისტემად, რომელიც ამ ჩვენს მოძრაობას თავისუფალი, მშვიდობიანი ქართველისთვის თუ არაქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ბოლომდე მიიყვანს”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დახმარება წარმოუდგენია საინიციატივო ჯგუფის წევრს, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილს, რადგანაც, მისი თქმით, ”ამ ხელისუფლების ატანა უფრო და უფრო მძიმე ხდება.”

თუმცა ამგვარ მიდგომაში მცირედი შესწორება შეაქვს ასევე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ძალებს, დახმარების გარდა, ახალმა მოძრაობამ ოპონირებაც უნდა გაუწიოს, რათა ”მათაც არ დაუშვან შეცდომა.”

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებებს, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანამოაზრეები საფუძველს უყრიდნენ არა საზოგადოებრივ მოძრაობას, არამედ პარტიას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის, დაბრუნებას ისახავს მიზნად, ლევან გაჩეჩილაძეს ასეთი ბრალდებების მიმართ მოკლე და კონკრეტული დამოკიდებულება აქვს: ”სისულელეებს არ ვპასუხობ.”

ვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება, საინიციატივო ჯგუფის წევრები ვერაფერს ამბობენ სტრუქტურულ ვერტიკალსა და ჰორიზონტალზე. ჯერჯერობით მოძრაობას მხოლოდ საპატიო თავმჯდომარე ჰყავს და ის 9 აპრილის საპროტესტო აქციების ლაიტმოტივად ქცეული მიმართვის - „დაიცავი საქართველოს“ - ავტორი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გახლავთ.

10 ივლისს ათონელის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მწერალმა საგანგებო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ყურადღებას ძირითადად რუსეთის ურყევ იმპერიულ ზრახვებზე ამახვილებს. ჭაბუა ამირეჯიბი გამოთქვამს იმედს, რომ ”ეს საზოგადოება თავის მოღვაწეობაში გაითვალისწინებს იმ გარდაუვალ ჭეშმარიტებას, რომ ვერავითარი ობამა და ნატო ვერ შეაკავებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს - უარყოს თავისი გენითა და ჯიშით ნაკარნახევ-განპირობებული მიზანი ახალი იმპერიის შექმნისა და იქ იმ ჩექმის გამოყენებისა, რომლის დემონსტრირება საქვეყნოდ განახორციელა რუსულ სამოვარში ნაკვერჩხლის გაჩაღებისას.” აქვე ნათქვამია, რომ ”რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის დამყარებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ნებისმიერი რუსი პოლიტიკოსის ყველაზე მშვიდობისმოყვარე განცხადებაც კი იმპერიულ მიზნებს ემსახურება.” ამ ”გასაჭირიდან” თავის დაღწევის გზად ჭაბუა ამირეჯიბი ”გონივრულ პოლიტიკას” ასახელებს.

ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში - ”დაიცავი საქართველო” - გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათიდან. დამფუძნებელი ყრილობა კი გაიმართება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 100 ათას მიაღწევს. ლევან გაჩეჩილაძე პირობას დებს, რომ ეს სულ მალე მოხდება.
XS
SM
MD
LG