Accessibility links

logo-print

“სოვეტოლოგთა დედოფალი”, წარმოშობით ქართველი ელენ კარერ დ’ანკოსი 80 წლისაა


ელენ კარერ დ’ანკოსი

ელენ კარერ დ’ანკოსი

ლენინის, სტალინისა და ხრუშჩოვის ბიოგრაფიების, საბჭოთა კავშირის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორს, ელენ კარერ დ’ანკოსს “სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებენ. სამეცნიერო წრეებში მისი დიდი აღიარების ნიშნად, 1990 წელს კარერ დ’ანკოსი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1999 წელს - მუდმივ მდივნად, რის შედეგადაც საფრანგეთის აკადემიას, მისი რამდენიმესაუკუნიანი არსებობის მანძილზე პირველად, სათავეში ქალი მოექცა.

ელენ კარერ დ’ანკოსს, ანუ ელენე ზურაბიშვილს, 6 ივლისს 80 წელი შეუსრულდა.

წიგნი, რომელმაც სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში აღიარებულ ისტორიკოსს, 1978 წელს გამოქვეყნდა და მოიცავდა იმ დროისთვის მეტად იშვიათ ვარაუდს საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. ვარაუდი, მოგეხსენებათ, გამართლდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლა არ გამოუწვევია მიზეზებს, რომლებიც ნაშრომის ავტორს ეგულებოდა. კარერ დ’ანკოსის კვლევის საგანი იყო დემოგრაფიული პროცესები და მათი განსხვავებული განვითარება მაჰმადიანებსა და სლავებს შორის. ისტორიკოსი აქედან გამომდინარე დაასკვნიდა, რომ ეროვნული საკითხი ყველაზე მწვავე საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირს.

არადა, ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისას ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, მოსახლეობის სხვა რესპუბლიკებზე უფრო სწრაფად მატების მიუხედავად, განსაკუთრებული როლი არ რგებიათ.

მაგრამ აქვე უნდა ითქვას: ელენ კარერ დ’ანკოსს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია რაიმეს წინასწარმეტყველებაზე, ხოლო 1978 წლის შემდეგ გამოქვეყნებული წიგნებით თუ ესეებით არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საუცხოოდ ერკვევა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიაში. ის წერდა იმპერატორებზე, ლენინზე, ტერორის საფუძვლებზე, ძალაუფლების სისტემასა და პოლიტიკურ მკვლელობაზე, როგორც ძალაულების დაპატრონებისა და შენარჩუნების მეთოდზე; ლექციებს კითხულობდა სორბონის უნივერსიტეტში, პარიზის პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში; მიღებული აქვს საპატიო დოქტორის რამდენიმე წოდება, არის მრავალი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი და არის - გარდა იმისა, რომ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას ხელმძღვანელობს (ანუ “უკვდავთა აკადემიას”, როგორც მას უწოდებენ), ბელგიის, რუსეთის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

ელენ კარერ დ’ანკოსი 1929 წლის 6 ივლისს, პარიზში დაიბადა გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში. ელენეს ბაბუას, ივანე ზურაბიშვილს 1921 წლის მარტში მოუწია საქართველოდან ემიგრაციაში წასვლა. ჩვენ ივანე ზურაბიშვილის სხვა შვილიშვილს დავუკავშირდით, ელენ კარერ დანკოსის ბიძაშვილს - სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იხსენებს, რომ ბიძაშვილებს, მათ შორის ელენ კარერ დ’ანკოსს ხშირად ხვდებოდა დაბადების დღეებზე, შობაზე, სხვა დღესასწაულებზე... თუმცა ელენე მასზე გაცილებით უფროსია.

“გვქონდა მთელი ცხოვრება, რაც მახსოვს, ოჯახური ურთიერთობა - კარგი, თბილი, ნორმალური მის შვილებთანაც, შვილიშვილებთანაც და ა.შ.”, გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა. მისგანვე შევიტყვეთ ისიც, რომ ელენ კარერ დ’ანკოსმა ქართული არ იცის. მას დედა რუსი ჰყავდა და იმის გამო, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან იზრდებოდა, ყოველ შემთხვევაში, კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით, მისი გავლენის ქვეშ იყო. ნაწილობრივ მაინც, ამავე გავლენით უნდა აიხსნას მისი დაინტერესება რუსეთის ისტორიით, თუმცა კარერ- დ’ანკოსს ინტერესი არც მამის სამშობლოს, საქართველოს მიმართ აკლია, ამბობს სალომე ზურაბიშვილი: “ინტერესი იყო ყოველთვის! ადრეც, როცა დაიწყო ისტორიული წიგნების წერა, ხშირად ეხებოდა საქართველოს საკითხს და ეროვნული უმცირესობის საკითხს საბჭოთა კავშირში. ის იყო ჯერ საბჭოთა კავშირის სპეციალისტი და მერე, რუსული ენის გამო, გახდა უფრო რუსეთის სპეციალისტი. მაგრამ საქართველოზეც, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ბევრი აქვს დაწერილი”.

ეს ინტერესი არც პოსტსაბჭოთა პერიოდში განელებულა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, ახლაც, როცა ბიძაშვილები ერთმანეთს ხვდებიან, ელენ კარერ დ’ანკოსი დიდი ყურადღებით ისმენს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. და საერთოდაც ძალიან ინტერესიანი და აქტიური ადამიანია - ხანდაზმული ასაკის მიუხედავად:

“აკადემიის მუდმივი მდივნები ყოველთვის ხანდაზმული არიანი”, სიცილით შეგვახსენებს სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, აკადემია იმითაც გამოირჩევა, რომ ახალგაზრდებს არ იღებს. რაც შეეხება მის სახელგანთქმულ ბიძაშვილს, ის “ძალიან ენერგიული და ძალიან ახალგაზრდულია თუნდაც დასანახავად. ძალიან აქტიურია და ბევრს მოგზაურობს თავისი ფუნქციების შესასრულებლად. ის ყველგან ჩანს, ყველგან არის დაპატიჟებული”.
XS
SM
MD
LG