Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 10 ივლისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი გაზეთები ბევრს წერენ ლევან გაჩეჩილაძის მიერ ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. „ვერსიის“ სათაურია ამ თემაზე „დიდი დაბოლება იწყება“. ჟურნალისტი ავტორი ერთგვარ გაღიზიანებას გამოხატავს გაჩეჩილაძის მიმართ და წერს: „ამ ორგანიზაციის თავკაცი ხან საზოგადოების აღრიცხულ წარმომადგენლებს ეძახდა, გამოდით, უნდა დაგთვალოთო , ხან ჟურნალისტებს დაგვცინოდა და ათონელის თეატრში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის კურიოზებს გვიყვებოდა.“

გაზეთი ასევე იუწყება, რუსულ და აზერბაიჯანულ ნაყინში ნაწლავური ჩხირები აღმოჩნდაო. „ქართულმა ნაყინმა კი მოთხოვნები დააკმაყოფილა და უფრო ხარისხიანი გამოდგა“, - უთხრა „ვერსიას“ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ.

„24 საათში“ ნახავთ მწერალ ლაშა ბუღაძის სვეტს, სათაურით „რუსთაველის გათავისუფლება“. „გაათავისუფლეთ თბილისი სახელმწიფო დაწესებულებებისგან და კაბინეტებისგან“, - მიმართავს ბუღაძე ხელისუფლებას და ამატებს: „პარლამენტი წაიღეთ ქალაქგარეთ ან, კიდევ უკეთესი, ქუთაისში გადაიტანეთ, გორში ან ზუგდიდშიო“.

„რეზონანსი“ მოზრდილ ინტერვიუს აქვეყნებს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. ჩვენს „ალიანსსა“ და „ეროვნულ ფორუმს“ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, - უთხრა ალასანიამ „რეზონანსს“. – შემიძლია ახლავე დაგიდასტუროთ, რომ კოორდინაცია და თანამშრომლობა იქნება გაღრმავებული და ბევრ საკითხში პოზიციათა დაახლოება გვაქვსო. ერთიანობის ფორმას რაც შეეხება, - განმარტა ალასანიამ, - ახლა სწორედ ამაზეა ლაპარაკი და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროო.

„რეზონანსი“ ლევან გაჩეჩილაძესაც გაესაუბრა, რომელიც ახალდაფუძნებულ საზოგადოებრივ დარბაზზე ლაპარაკობს. ჟურნალისტის ფრაზაზე, ხელისუფლება ამბობს, არ შეიძლება 50 კაცის გულისთის გზა გადაიკეტოსო, გაჩეჩილაძე პასუხობს: „ნუ მოგყავთ ხელისუფლების არგუმენტები. ხომ არ შეიძლება, რომ დიქტატორის და დიქტატორების არგუმენტებზე გაუთავებელი პასუხები იყოს“.

დაბოლოს, „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტომონტაჟს: ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მედვედევი და ობამა ერთმანეთს ხელს ხვევენ. სტატიის სათაურია: „დაუფიქრებლად ნუ დავხარბდებით ჩრდილოეთიდან თუ დასავლეთიდან ამოსულ მზეს“.
XS
SM
MD
LG