Accessibility links

რა თქვა სინამდვილეში პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში?


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი

ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი

რა თქვა, სინამდვილეში, პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში? აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში სერიოზული მისიით ჩავიდა - მასპინძლებთან თავისი ქვეყნის ურთიერთობის “გადატვირთვის” მიზნით. ვიზიტი დამთავრდა, ამ მიზნის განხორციელება დაიწყო. მიმომხილველები და პოლიტიკოსები შეუდგნენ ამ სამიტის გაანალიზებას, თქმულის თუ ართქმულის, გაგონილის თუ არგაგონილის განხილვას და, რა დასამალია, სპეკულაციებს, რომელთა მიზანი სხვადასხვაა.

ბარაკ ობამა, შეთანხმებული და გარკვეული საკითხების გარდა, თავის გამოსვლებში შეეხო იმ საკითხებსაც, რომელთა ირგვლივაც კრემლსა და ვაშინგტონს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ამ რიგშია საქართველოს პრობლემაც. სანამ ობამა პრეზიდენტი გახდებოდა, ბევრი ფიქრობდა, რომ აშშ-ის პოლიტიკა შეიცვლებოდა. საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა კი მოსკოვისა და თბილისისთვის, ამ ცვლილების მიმართულებისდა მიხედვით, შეიძლებოდა საწყენიც ყოფილიყო და სასიხარულოც. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობსო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ის, რაც ობამამ საქართველოზე თქვა, რუსეთშიც სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული.

“ობამას განცხადება, პირველ რიგში, დასტური იყო ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ცნობილი პოზიციისა. მაგრამ იქვე იყო ცხადად თქმული, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო გზით არ უნდა იქნეს აღდგენილი. ფორმულის ამ მეორე ნაწილს მე სრულიად ზუსტად თბილისისთვის გაგზავნილ სიგნალად მივიჩნევ. ამაშია აშშ-ის პოზიციის სერიოზული ცვლილება”, ამბობს რუსეთის დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. ის თვლის, რომ ბუშის პოზიციის კატეგორიულობა აღარა აქვს ობამას, რომელიც ადრინდელი მთავრობის ნაჩქარევ და კატეგორულ მიდგომას არ იზიარებს.

გეორგი სატაროვი, პრეზიდენტი ფონდისა “ინფორმატიკა დემოკრატიისთვის”, სხვა აზრისაა. ის, პირიქით, ფიქრობს, რომ თეთრ სახლს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია. მისი თქმით, მან დაადასტურა ძველი ადმინისტრაციის შეფასება:

“ეს პოზიცია, ჩემი აზრით, საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რადგან ეჭვი, რომელიც შეხვედრამდე გავრცელდა, თითქოს ეს თემა შეიძლებოდა რუსეთთან ვაჭრობის საგანი გამხდარიყო, აშშ-ისთვის საწყენი და, პრაგმატული თვალსაზრისით, არასახარბიელო იყო. აშშ, თვის მიერ ნაკისრები მისიის გამო, იძულებულია, მისდიოს პრინციპს, რომელიც ჯერ კიდევ სენტ ეკზიუპერიმ შემოიღო: „პასუხს აგებ მათზე, ვინც მოათვინიერე”. ამ პრინციპის ღალატი ზიანს მოუტანდა საგარეო პოლიტიკასაც და ამ მისიასაც.”

თავის აზრს ამბობს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც მოელის, რომ აშშ პოზიციას შეიცვლის:

“აშშ-ის პოზიციაში ახალი არაფერია. ის, რომ აშშ არ აღიარებს ჩვენს უფლებას დამოუკიდებლობაზე, კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. თუმცა ეს უცნაურია, რადგან ამერიკის საზოგადოების მთავარ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ერის უფლება თვითგამორკვევაზე ამერიკელებმა წამოაყენეს და სხვათა შორის, თვითონ ისარგებლეს ამით პირველებმა.”

შამბა ფიქრობს, რომ აშშ ამ დამოკიდებულებას შეიცვლის. მისი თქმით, ამ განცხადებებმა ქართული მხარე აღაფრთოვანა, მაგრამ მათ აქ, რეგიონში, ვითარების შეცვლა არ შეუძლიათ. განცხადებები ერთია, რეალობა კი სხვაა, ამბობს სერგეი შამბა და განმარტავს, თუ რით იყო, მისი აზრით, გამოწვეული მოსკოვის დუმილი ამ თემაზე ობამას ვიზიტისას:

“ არაფერს გავუკვირვებივართ. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, ეს უფრო იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოსთვის ვითარება შეერბილებინათ. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.”

შამბას თქმით, აფხაზეთში იციან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ ჩავიდა ვაშინგტონში, რათა რუსეთის შემდეგ საქართველოში ჩასვლაზე დაეყოლიებინა პრეზიდენტი ობამა, როგორც ადრე მოხდა. მაგრამ ეს არ გამოვიდა და ახლა, ამბობს სეპარატისტული მთავრობის მინისტრი, იქ ჩავა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ასევე განაცხადებს რაღაცას, რათა კვლავაც შეარბილოს ყველაფერი. მე ახლა ვერ ვხედავ საფუძველს, ვივარაუდო, რომ საქართველოს გამო რუსეთსა და აშშ-ს შორის კონფრონტაცია იქნება.

პოლიტოლოგს, კავკასიის სპეციალისტ ტიმურ მუზაევს, მიაჩნია, რომ კავკასიის საკითხი ახლანდელ ადმინისტრაციას აშშ-ში ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალეკსეი მუხინი ასე ფიქრობს: ობამამ ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი პოზიცია რუსეთის სასარგებლოდ არ იცვლება. მუხინივე ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებთან და რუსეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება მიუღებელია და საჭიროა მათი მოგვარება, რომ აშშ მზად არის დადგეს გარანტად.

მოკლედ, პოლიტოლოგების შეფასებები გაიყო. რამ გაყოო, რომ იკითხოთ, პასუხს ვერ მიიღებთ. მით უმეტეს, ვერ მიიღებს პასუხს რუსეთის ბევრი მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნის მასმედიით ადევნებდა თვალყურს სამიტს. რუსეთში აშშ-ის ვიზიტი, რეალურად, და ვიზიტი, რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები, ერთმანეთს სრულებით არ ჰგავს. როგორც რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გამოკითხვებით დაადგინა, ტელევიზიით რომ არ ეჩვენებინათ, ვიღაც მამაკაცი პუტინისა და ობამას საუზმის დროს ჩექმით როგორ უბერავდა სამოვარს, სამიტის შესახებ არაფერი დაამახსოვრდებოდათ.

როგორც რუსეთის პირველი არხი წარმოადგენდა, რომ ობამას მოსწონდა საუზმეც, ამინდიც, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრს, ხუმრობით, მადლობაც გადაუხადა, და ისიც, რომ რუსებს, ლავროვის სახით,ინგლისურის საუკეთესო მცოდნე ჰყავთ, ტელერეპორტაჟების თანახმად, ასევე მოსწონდა მას რუსეთის მმართველთა ყველა იდეა.“ო-ერ-ტეს” რეპორტაჟის მიხედვით: ობამამ „გაიხსენა რუსეთის მწერლები, მეცნიერები და ექიმები, ილაპარაკა კოსმონავტების ღვაწლზე მსოფლიო კულტურაში; გაიხსენა რუსი ჰოკეისტიც, ოვეჩკინი. ობამა დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აშშ არ არიან კონფრონტაციისთვის განწირული, მათ შეუძლიათ და უნდა ითანამშრომლონ მსოფლიოს ყველა პრობლემასთან დაკავშირებით - ბირთვული შეიარაღება იქნებას ეს, ავღანეთის თუ ახლო აღმოსავლეთის ვითარება. აშშ-ის პრეზიდენტის ბევრი თეზა მრავალპოლარული მსოფლიოს რუსულ კონცეფციას ავითარებდა.”

ამას ამბოდნენ ტელევიზიით, მაგრამ, აი, რა თქვა თვითონ ობამამ:
“2009 წელს დიდ სახელმწიფოებს აღარ შეუძლიათ თავიანთი სიძლიერის ჩვენება და მოწინააღმდეგის დემონიზება. და ის დრო, როცა იმპერიები ისე ეპყრობოდნენ სხვა ქვეყნებს, როგორც ჭადრაკის ფიგურებს, წავიდა. როგორც ქაიროში ვთქვი ჩვენი ურთიერთკავშირის გამო, მსოფლიოს ყოველგვარი სისტემა, რომელიც ერთი სახელმწიფოს ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორეზე ამაღლებას ცდილობს, აუცილებლად მარცხს განიცდის.”

ნეტავი ვისზე თქვა ეს ობამამ? თუკი რეპორტაჟებს მოუსმენთ, იფიქრებთ, რომ აშშ ინანიებს თავისი ნამოქმედარს, განსაკუთრებით, თუკი არ მოუსმენთ ახალ ეკონომიკურ სკოლაში ობამას გამოსვლას, საიდანაცაა აღებული ეს ციტატა.

ისე, მართალია, რომ აშშ,,რუსეთისგან განსხვავებით იმპერია არასოდეს ყოფილა. “ენ-ტე-ვეს” კორესპონდენტს თუ დავუჯერებთ, ობამას ნაქვამიდან დასკვნა ასეთია: აშშ არ აპირებს თავისი პოლიტიკური სისტემის სხვისთვის თავზე მოხვევას. ამერიკა არაა იდეალური ქვეყანა, მაგრამ იქ გარკვეული დემოკრატიული ინსტრუმენტები მუშაობს.

განმაცვიფრებელი ინტერპრეტაცია მისცეს რუსეთის მედიაში ანტისარაკეტო თავდაცვის თემას. “ვესტის” თემის სათაური ასეთი იყო: „ობამამ აღიარა: ‘თუკი იქნება ანტისარაკეტო თავდაცვა, არ შემცირდება შეტევითი შეიარაღება’“. „ვესტის” კორესპონდენტი კოჟევინი უამბობდა საზოგადოებას: ობამას წინა პრეზიდენტს საერთოდ არ სურდა ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ობამას მოუხდა ეღიარებინა: ჩვენს დისკუსიებში შეგვიძლია განვიხილოთ არა მხოლოდ შეტევითი, არამედ შეიარაღების თავდაცვითი სისტემებიო“.

ასეთი შეუთანხმებლობა კიდევ არაერთი იყო რეალურ ვიზიტსა და “ტელევიზიტს” შორის. ასევე აღსანიშნავია საქართველოს შესახებ პრეზიდენტ ობამას განცხადებების რუსეთის მედიით ინტერპრეტირება. პირველი არხი, მაქსიმ ბობროვი ლაპარაკობს: “შეხვედრის შემდეგ ობამამ პირობა მისცა პუტინს, რომ გაითვალისწინებს რუსეთის თვალსაზრისს ანტისარაკეტო თავდაცვაზე, ასევე საქართველოს, უკრაინის, საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციას“.

ობამამ კი, სინამდვილეში, თქვა ის, რაც რუსეთის ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადაიცა:

“ჩვენ გულახდილი მსჯელობა გვქონდა საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. განვაგრძობთ რა საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით უთანხმოებების დაძლევაზე მუშაობას, შევთანხმდით, რომ არავის ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფლიქტის განახლება. და მომავალში უნდა ვილაპარაკოთ გულახდილად ამ უთანხმოებების მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოგვარების თაობაზე.”

თუკი ვინმეს ამის შემდეგ შეკითხვები გაუჩნდა, აი, კიდევ ერთი გამოსვლა ახალ ეკონომიკურ სკოლაში:

"სახელმწიფოს სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედი უნდა იყოს. ისევე, როგორც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი ლიდერები, ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება დაიცვან საკუთარი საზღვრები და გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ეს ჭეშმარიტებაა როგორც რუსეთისათვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ნებისმიერი სისტემა, რომელიც უარს იტყვის ამ უფლებებზე, ანარქიისთვის არის განწირული. ამიტომაა, რომ ეს პრინციპი ყველა ქვეყნის შემთხვევაში უნდა განვახორციელოთ - მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშიც."

თავშიც ვთქვით: ყველა მთავრობას და პოლიტოლოგიურ წრეს, თუკი იკისრებს, შეუძლია გამოსვლების ინტერპრეტირება. ამ ნათქვამზე კი იმასვე ვერ იტყვი: "მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს ემსახურება", განაცხადა სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას ობამამ, "სიცოცხლისუნარიანია და წარმატებებს აღწევს. მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისათვის ზრუნავს - ვერა."
XS
SM
MD
LG