Accessibility links

"გაღმა ნაპირი" საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს


გიორგი ოვაშვილი

გიორგი ოვაშვილი

შაბათს ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში საზეიმოდ დაიხურა 44-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ევროპის კინოფორუმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. ფესტივალის პროგრამაში ქართული ფილმიც იყო წარმოდგენილი: საგანგებო სექციაში სახელწოდებით "დასავლეთის აღმოსავლეთი" მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა გიორგი ოვაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი".

„გაღმა ნაპირის“ მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის თედოა (მის როლს ბრწყინვალედ ასრულებს თედო ბექაური). ეს არის ამბავი ბიჭუნაზე, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში გარბის 90-იანი წლების დასაწყისში, ომის შემდეგ, იქ დარჩენილი მამის მოსაძებნად.

ამ რამდენიმე თვის წინ, ბერლინის კინოფესტივალიდან გადმოცემულ რეპორტაჟში რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი გიორგი გვახარია ასე აფასებდა გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიან დებიუტს:

"'გაღმა ნაპირი', უდავოდ, თანამედროვე ქართული კინოს დიდი წარმატებაა - სხვათა შორის, ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებით გადაღებული ფილმი. თუმცა, ფილმის შემოქმედებითი კოლექტივი ინტერნაციონალურია - ოპერატორი ირანელი, მემონტაჟე - კორეელი. ... სურათისთვის მუსიკა დაწერა ისრაელში მცხოვრებმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა, რომელსაც დიდი ხანია არ უმუშავია ქართველ რეჟისორებთან. გიორგი ოვაშვილი სპეციალურად ჩავიდა ისრაელში, შეხვდა ადამიანს, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქართველ მუსიკოსად ითვლება და დაითანხმა იგი, ემუშავა ქართულ ფილმზე."

კადრი ფილმიდან "გაღმა ნაპირი"
იმავე რეპორტაჟში გოგი აღნიშნავდა, რომ ბერლინის ფესტივალის მაყურებელმა ოვაშვილის ფილმი ოვაციებით დააჯილდოვა. ასეთივე ოვაციით დასრულდა „გაღმა ნაპირის“ ჩვენება კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზეც, სადაც ახალი ქართული ფილმი ორჯერ უჩვენეს - ორივეჯერ სავსე დარბაზში.

ბერლინსა და კარლოვი ვარის ფესტივალებს შორის გასულ რამდენიმე თვეში "გაღმა ნაპირმა" კიდევ რამდენიმე კინოფორუმზე სტუმრობა მოასწრო - ის დიდი წარმატებით უჩვენეს გრანადის (ესპანეთი), სიეტლის (აშშ), ვისბადენის (გერმანია) კინოფესტივალებზე.

აი, საქართველოში კი "გაღმა ნაპირი" მხოლოდ კინემატოგრაფისტებსა და რეჟისორის ახლობლებს თუ აქვთ ნანახი. თუმცა, მალე ეს "ხარვეზიც" გამოსწორდება: როგორც თავად რეჟისორმა კარლოვი ვარიში გვითხრა, "გაღმა ნაპირის" ქართული პრემიერა 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება.
XS
SM
MD
LG