Accessibility links

logo-print

ცხინვალის დელეგაცია ნიკარაგუაში გასამგზავრებლად ემზადება


პლაკატი ცხინვალის ქუჩაში

პლაკატი ცხინვალის ქუჩაში

რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაჭიანურება ცხინვალში შეშფოთებას იწვევს. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ ყოჩიევი ნიკარაგუის ელჩს მოსკოვში შეხვდა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების იურიდიულად გაფორმების დაჩქარება სთხოვა. ცხინვალში დაბრუნებულმა ყოჩიევმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, აუცილებელია ოსური დელეგაცია მანაგუაში გაემგზავროს, რათა ნიკარაგუის პარლამენტის წევრები სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის აუცილებლობაში დაარწმუნოს. თუმცა ყოჩიევმა აღიარა, რომ ამ მიმართულებით საიმედო ძვრები ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კუბისა და ვენესუელისგანაც ელოდება. ყოჩიევი ამ ქვეყნებში გამგზავრებას და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებთანაც მოლაპარაკებას აპირებს.

„გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ თვით რუსეთის სატელიტი ქვეყნების მიერაც კი სამხრეთ ოსეთის აღიარების გაჭიანურება ბუნებრივი პროცესია. მინდიაშვილის თქმით, ეს სახელმწიფოები მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს უწევენ და ისიც ესმით, რომ აღიარების მსგავსი პროცესი, ზოგადად, საკმაოდ სახიფათოა.

საგულისხმოა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ბელორუსიას აღარ ახსენებს იმ ქვეყნებს შორის, ვისგანაც დამოუკიდებლობის აღიარებას ელის. ასევე გაურკვეველია, თუ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ნიკარაგუაში, რომლის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ამ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება არსებობს.
XS
SM
MD
LG