Accessibility links

logo-print
“ნაბუკოს” პროექტის შეთანხმებით, რომელსაც ხელი თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ევროკავშირმა დიდი სიმბოლური ნაბიჯი გადადგა ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მანუელ ბარუზომ ხელმოწერის ცერემონიაზე, ანკარაში, „ნაბუკოს“ უწოდა ჭეშმარიტად ევროპული პროექტი, რომელიც

”უზრუნველყოფს თურქეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.“

„ნაბუკოს“ გაზსადენი, სავარაუდოდ, 2014 წელს ამოქმედდება და მასში ყოველწლიურად გაივლის 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც ევროპის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 5-10 პროცენტს შეადგენს. გაზსადენი გვერდს აუვლის რუსეთს, ევროპის უმთავრეს იმპორტიორს, რომლისთვისაც ბუნებრივ აირს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

თუმცა, როგორც ენერგიის საკითხებში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფერარ ტარადელასმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროპის ენერგიით უზრუნველყოფის დივერსიფიკაცია არ ნიშნავს რუსეთისთვის ზურგის შექცევას.

“ ‘ნაბუკო’ იქნება კონტრიბუცია. ეს იქნება სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ბუნებრივი გაზის მიწოდება, სხვადასხვა მარშრუტების გავლით, და, ამასთანავე, ევროპული ბაზრებისათვის ის იქნება, მიწოდების თვალსაზრისით, უფრო დაცული და, არჩევანის მხრივ, უფრო თავისუფალი პროექტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას. პირიქით, რუსეთი კვლავ დარჩება ჩვენი ძირითადი ბუნებრივი აირის მომწოდებლად. „ნაბუკო“ არასოდეს ყოფილა პროექტი რუსეთის წინააღმდეგ.”

ამისდა მიუხედავად, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ევროკავშირის მცდელობა შეამციროს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, რუსოფობიითაა ნაკარნახევი.

ამჟამად ევროკავშირს იმპორტირებული გაზის 25 პროცენტს რუსეთი აწვდის. იანვარში მოსკოვსა და კიევს შორის ტრანზიტის საკითხებზე უთანხმოების გამო გაზის გადაკეტვამ ბრიუსელს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობა.

„ნაბუკოს“ პროექტის განხორციელებაში ევროკავშირის 4 სახელმწიფო და თურქეთი მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა პროექტის გრძელვადიანი პერსპექტივისათვის გადამწყვეტი იქნება მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების – აზერბაიჯანისა და საქართველოს - მონაწილეობაც, - ამბობს ენერგიის საკითხებში ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ფერარ ტარადელასი:

“აზერბაიჯანი აპირებს იყოს პირველი გაზის მიმწოდებელი „ნაბუკოსათვის“, რის გამოც აზერბაიჯანის როლი, როგორც ევროპის მომმარაგებლისა, ძალიან გაიზრდება. საქართველო კი იქნება ამ ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყანა. იგულისხმება უკვე მოქმედი ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი. ასე რომ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, მნიშვნელობა, ასევე ძალიან გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ „ნაბუკოს“ პროექტის ხელმოწერამდე ორი კვირით ადრე აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა მოსკოვთან ხელშეკრულებას, რაც ამ უკანასკნელისათვის 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს 2010 წლისათვის. თუმცა ევროკავშირში ამბობენ, რომ არ დარდობენ ამ გარიგებაზე, რადგან ეს არის აზერბაიჯანული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობა. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანი „ნაბუკოს“ პროექტს 8 მილიარდი კუბურ მეტრი გაზით მოამარაგებს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ 2015 წლისათვის ეს ციფრი 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

მაგრამ მხედველობაში იღებენ სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს და, ამდენად, ევროკავშირის ხელმძღვანელობა სხვა ალტერნატივებზეც ფიქრობს. თუ რაიმე ცუდი დაემართება სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანს, ერაყი მზადაა მიიღოს მონაწილეობა და წელიწადში 8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება უზრუნველყოს, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ანკარის შეხვედრაში.

თუმცა ევროკავშირში ცუდ სცენარებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ბრიუსელის მზერა ასევე მიპყრობილია ცენტრალური აზიისაკენ, სადაც ბუნებრივი აირის განუზომლად დიდი მარაგებია. როგორც ენერგიის საკითხებში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფერარ ტარადელასმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აზერბაიჯანის შემდეგ ბუნებრივი სამიზნე თურქმენეთია:

“თურქმენეთს აქვს ძალიან დიდი რეზერვები, რაც დადასტურებულია. ასე რომ, შესაძლოა, სწორედ ის იყოს შემდეგი ქვეყანა ჩრდილოეთ დერეფნის პროექტისა. ჩვენ კონტაქტები გვაქვს ასევე ყაზახეთსა და უკრაინასთან, როგორც მომავალ მომწოდებლებთან.”

თურქმენეთს აქვს, სულ მცირე, ერთი საბადო, რომლის საპროგნოზო მოცულობა 4.5 ტრილიონი კუბური მეტრია, რაც 120 წლით მაინც ამუშავებს „ნაბუკოს“ გაზსადენს. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და აზერბაიჯანთან, რათა შეიქმნას კასპიის განვითარების კორპორაცია, რომელიც კასპიის გავლით ახალი მარშრუტის განვითარებაზე იმუშავებს.

თუ „ნაბუკო“ ვერ ისარგებლებს ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის მარაგებით, მაშინ მისი გაფართოების პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება. ევროკავშირში არა აქვთ დიდი იმედი, რომ შეძლებენ დაკავშირებას პანარაბულ გაზსადენთან, რომელიც თურქეთს სირიასთან აკავშირებს.

კიდევ ერთი საკითხია „ნაბუკოს“ გამტარუნარიანობა. აზერბაიჯანიდან საქართველოზე გამავალი სამხრეთკავკასიური გაზსადენი წელიწადში მხოლოდ 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტევს. ოფიციალური პირები ბრიუსელში ამბობენ, რომ საჭიროა ამ შესაძლებლობის გაორმაგება, თუმცა სხვა კომენტარებისგან თავს იკავებენ. ევროკავშირი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს გაზსადენის პერსპექტივას, რომლის მშენებლობის დასაწყებად 250 მილიონი ევრო გამოყო. თავად „ნაბუკოს“ პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 7.9 მილიარდ ევროს შეადგენს.
XS
SM
MD
LG