Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მე უფრო მეტი გაგინადგურეს” პრინციპი


2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ძევერასთან ჩამოგდებული რუსეთის სამხედრო თვითმფინავის ნამსხვრევები
2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ძევერასთან ჩამოგდებული რუსეთის სამხედრო თვითმფინავის ნამსხვრევები
ყველა სახელმწიფო ომის დროს საკუთარ დანაკარგებს ამცირებს, მოწინააღმდეგისას კი აზვიადებს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ეჯიბრებიან “მე უფრო მეტი გაგინადგურეს” პრინციპით. ასეთი ვითარება კი დამოუკიდებელ გამოცემებს უბიძგებს საკუთარი გამოკვლევებით ეცადონ სინამდვილის დადგენას და გაფანტონ პროპაგანდისტული ბურუსი. გასულ კვირაში ამას შეეცადა ინგლისურენოვანი რუსული ჟურნალი “მოსკოუ დეფენს ბრიფი”, რომლის გამოკვლევა რუსეთისთვის შემაშფოთებელია.

რუსეთში გამომავალი ინგლისურენოვანი ჟურნალი “მოსკოუ დეფენს ბრიფ” რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა ასპექტს იკვლევს და ცდილობს შეაფასოს ყველა სამხედრო რგოლისა თუ კომპონენტის ურთიერთმოქმედება. თუმცა, რაკი თანამედროვე ომში ძირითადი საბრძოლო ძალა ავიაციაა, რუსმა ექსპერტებმა მთავარი აქცენტი სწორედ რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედებაზე გააკეთეს. გამოცემის თანახმად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აგვისტოს 5 დღიან ომში დაკარგეს არა 4 თვითმფრინავი, როგორც ამას რუსეთის გენერალური შტაბი ამტკიცებდა, არამედ 6 ერთეული. სტატიაში მითითებულია როგორც რუსული ეკიპაჟების წევრთა ვინაობა, ასევე თვითმფრინავების ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი. გამოცემის მთავარი რედაქტორის რუსლან პუხოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის ერთი წლის თავზე “მოსკოუ დეფენს ბრიფ” სრული სახით გამოაქვეყნებს მოხსენებას, რომელშიც კომპლექსურად იქნება ნაჩვენები რუსეთის არმიის მოქმედება და დანაკარგები:

“მოვლენების წლისთავამდე ერთი კვირით ადრე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ვრცელ მოხსენებას. სტატია, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მხოლოდ ამ მოხსენების ერთი მეშვიდედია. Mმოხსენება 7 ნაწილისაგან შედგება. პირველს ეწოდება სამხედრო მშენებლობა საქართველოში და ომისათვის სამზადისი, მეორეს – საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა, მესამე თავი ეძღვნება რუსეთის ავიაციის დანაკარგებს.”

“მოსკოუ დეფენს ბრიფ”-ის გამოკვლევის ნაწილმა რუსეთის ავიაციის დანაკარგებზე დასავლეთის პრესა უკვე აალაპარაკა. გამოცემის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ომში განადგურებული 6 სამხედრო თვითმფრინავიდან მხოლოდ 2 ჩამოაგდო ქართულმა საჰაერო თავდაცვამ, 3 თვითმფრინავი კი თავად რუსებმა ჩამოაგდეს ე.წ. “მეგობრული ცეცხლით”.

გამოცემის მთავარი რედაქტორის რუსლან პუხოვის თქმით, იმის გამო, რომ არ არსებობდა კოორდინაცია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და სახმელეთო ჯარები სულ სხვადასხვა ომს აწარმოებდნენ. რუს და ოს სამხედროებს რუსეთის თვითმფრინავები ქართველებისაში ერეოდათ და შეცდომით ცეცხლს უშენდნენ. არაკოორდინირებული მოქმედების შედეგად, ასევე დაზიანდა რამდენიმე „სუ–25“ ტიპის თვითმფრინავი, რომლებმაც მოახერხეს ბაზაზე დაბრუნება და ავარიული დაშვება. “ თუმცა,

არც ერთი წყაროთი არ დასტურდება და აშკარად გადაჭარბებულია ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველმა სამხედროებმა ცხინვალთან 15 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს.“

პუხოვის თქმით, ომიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ოფიციალური წრეები ინფორმაციას პროპაგანდისტული მიზნით ასაიდუმლოებენ და “მე უფრო მეტი გაგინადგურეს” პრინციპით მოქმედებენ, სრული სურათის დადგენა საკმაოდ ჭირს.

“ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვცდილობთ სურათის აღდგენას. ეს არის რაღაც მოზაიკის მსგავსი, რომელიც მიწისძვრისგან დაინგრა და ახლა ნამცეც-ნამცეც უნდა აიწყოს. ინფორმაციები ომის შესახებ უმართავ წყაროებშია გაბნეულია და ჩვენ მათ დეტალურად ვიკვლევდით. ამ მოზაიკის აღდგენა ბოლომდე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სურათი ახლა უფრო ცხადია, ვიდრე მანამდე იყო.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი რუსული გამოცემა “მოსკოუ დეფენს ბრიფ”-ის გამოკვლევაზე. როგორც რუსლან პუხოვმა გვითხრა, სამხედრო წრეებში ძალიან ყურადღებით ეცნობიან მათ პუბლიკაციებს, მაგრამ ინერციის დაძლევა უჭირთ. განსაკუთრებით ჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება და პროპაგანდაზე უარის თქმა.

არადა, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ საინფორმაციო, სატელევიზიო და საინტერნეტო სივრცე აივსო, ძირითადად, პროპაგანდისტული ხასიათის ინფორმაციით, რომლის მთავარი არსი საკუთარი შეცდომების დაფარვა და მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობების დისკრედიტაცია იყო.

მაგალითად, რუსული პროპაგანდა დღემდე ამტკიცებს, რომ მან 5 დღიან ომში დაამარცხა არა, უბრალოდ, პატარა საქართველოს არმია, არამედ არმია, რომელიც ლამის პენტაგონის ერთგვარი ფილიალია სამხრეთ კავკასიაში, რაკი ქართველ სამხედროებს შეიარაღებაში ჰქონდათ ამერიკული შაშხანები, ხოლო ზოგიერთ მათგანს ფარაჯის გულის ჯიბეში ამერიკელ ისნტრუქტორთან გადაღებული სურათი აღმოაჩნდა.

ამერიკული კვალი აგვისტოს ომში, საერთოდ, რუსეთის პროპაგანდისტული ინდუსტრიის მთავარი კოზირია. კრემლის დაკვეთით გადაღებული ფილმი “08.08.08” იმასაც კი ამტკიცებს, რომ ომის დაწყება აგვისტოში რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატის სენატორ მაკკეინის რეიტინგის აწევას ემსახურებოდა.

“ცოტა ხნით ადრე, სანამ დასავლეთი ყველა ძაღლს რუსეთს მიუქსევდა, ჯონ მაკკეინი საგრძნობლად ჩამორჩებოდა რეიტინგში თავის კონკურენტ დემოკრატს ბარაკ ობამას. მაგრამ ოსეთში საქართველოს შეჭრის ერთი კვირის თავზე ჯონ მაკკეინის რეიტინგი ობამას რეიტინგს პირველად გაუტოლდა და შემდეგ კი გაუსწრო.”

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებაც არ აკლებს ხელს და რუსეთის პროპაგანდის განეიტრალებას საკუთარი კონტრპროპაგანდით ცდილობს. საქართველოში პოპულარულია მტკიცება, რომ “საქართველომ წააგო ბრძოლა, ხოლო რუსეთმა – ომი.” თანაც, თბილისის მტკიცებით, რუსეთმა, დაკარგა ათჯერ მეტი ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა ვიდრე საქართველოს ჯარმა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის დანაკარგებს საერთოდ “უზარმაზარი” უწოდა.

“მე ვნახე საათივით გამართული ქართული არტილერია, რომელმაც გადაადგილება მოახდინა ძალიან სწრაფად. გაანადგურა უზარმაზარი რაოდენობის მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. უზარმაზარი რაოდენობის.”


პროპაგანდისტული ბურუსი, საერთოდ, იოლად არ იფანტება.

აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე ბრძოლების მიმდინარეობისას საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებისა და ომის დროს დაშვებული შეცდომების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ქართველმა ექსპერტებმაც ჩაატარეს. ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა აგვისტოს ომს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა, თუმცა არც ერთ პუბლიკაციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG