Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭაში ხიდი აღდგენილია, საფრთხე კი რჩება


ზემო რაჭაში, მამისონის უღელტეხილთან ახლოს, 11 ივნისს აფეთქებული ხიდი უკვე აღდგენილია. ადგილობრივ მოსახლეობას ხიდის გადაღმა მდებარე საძოვრებით სარგებლობა შეუძლია და აღარც იმის საფრთხე არსებობს, რომ შოვში და მიმდებარე კურორტებზე საკურორტო სეზონი ჩავარდება. თუმცა დღემდე არ არის პასუხი კითხვაზე - ვინ და რატომ ააფეთქა ხიდი. ექსპერტები მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ.

აფეთქებული და ცოტა ხნის წინ აღდგენილი ხიდი რაჭაში დაახლოებით ივლისის ბოლოს დაიტვირთება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სათიბებსა და საძოვრებს მიაშურებს. რაჭაში მალე საკურორტო სეზონი გაიხსნება. ონის რაიონის გამგებელი ამირან სხიერელი გვეუბნება, რომ მოსახლეობას ხიდს იქით გადასვლის პრობლემა აღარ შეაწუხებს, რადგან ხიდი უკვე აღდგენილია და მოსახლეობა მას ივლისის ბოლო რიცხვებიდან გამოიყენებს, როდესაც საძოვრებზე წასვლა დასჭირდებათ.

ხიდი რეკორდულად მოკლე დროში აღადგინეს. მისმა აღდგენამ აფეთქების შედეგად გაჩენილი სოციალური პრობლემები ნაწილობრივ მოაგვარა. ხალხს საძოვრებზე ხელი მიუწვდება, აღარ არსებობს საკურორტო სეზონის ჩავარდნის საფრთხე. რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე ამბობს, რომ მამისონზე არც საზღვრის გაკონტროლების თვალსაზრისით არსებობს რამე პრობლემა: ”ჩვენი ინფორმაციით, არანაირი საფრთხე არ არსებობს, ჩვენი მესაზღვრეები კი საზღვრის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ.”

ხალხს, გაგოშიძის თქმით, უკვე ელიან შოვშიც: ”ჯერჯერობით კურორტები დატვირთული არ არის ბოლომდე, მაგრამ ვიცით, რომ მსურველები არიან და ცოტა ხანში ველოდებით დამსვენებლების ნაკადს.”

რაც შეეეხება ქართველი მესაზღვრეების ადგილმდებარეობას, უნდა ითქვას, რომ მთავარი საკითხი, რომელიც ხიდის აფეთქების შემდეგ განსჯის საგანი გახდა,სწორედ რუსების მიერ საზღვრის გადმოწევა იყო. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ქართველი მესაზღვრეები იქაურობას აკონტროლებენ, თუმცა სურათი, შარშანდელთან შედარებით, შეცვლილია. არეშიძე გვეუბნება, რომ ქართველი მესაზღვრეები პატრულირებენ ტერიტორიაზე, არც რუსები მოდიან წინ და ხელს არ უშლიან. შარშან ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ მამისონის ვიწროებსაც, ე.წ. ”ყელს”, და მათ უკან რჩებოდა 50 კვადრატული კილომეტრი, რომელიც ახლა დაკარგულია. ამიტომ ახლა აკონტროლებენ იმ ტერიტორიას, რაც მათ დარჩათ.

არეშიძის თქმით, კვლავ უცვლელია მდგომარეობა მამისონის უღელტეხილზე არსებულ მეტეოსადგურში, სადაც ჯერ კიდევ შარშან ეს პუნქტი ქართველებს ეკავათ. ახლა დგანან რუსები: ” იქვე გამოფენილია ოსური დროშაც. თქმა იმისა, იქ ოსები არიან თუ არა, ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ დროშა იქ ნამდვილად არის.”

არეშიძის თქმით, ჩრდილო ოსეთიდან მამისონამდე მოყვანილია 18 კილომეტრიანი გზა, რომელიც ჯავამდე უნდა გაგრძელდეს. დღეს საგზაო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

დღემდე უპასუხოა კითხვა - ვინ და რა მიზეზით ააფეთქა ხიდი. პირველივე ვერსია, რომელიც ხიდის აფეთქების დღეებში გაჩნდა, ის იყო, რომ ხიდი ქართველმა მესაზღვრეებმა ააფეთქეს. თუმცა ხელისუფლებისგან ჯერჯერობით გამოკვეთილი პასუხი არავის მოუსმენია.

მამუკა არეშიძეც მხოლოდ ვერსიებზე საუბრობს: ”ერთ-ერთი რუკის მიხედვით, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ეს ხიდი შედის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში. მაგრამ ყველა სხვა რუკაზე გზა აღმოსავლეთით გრძელდება და ხიდი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გარეთაა.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ამბობს არეშიძე, შესაძლოა, ვიღაცამ თავი დაიზღვია და ხიდი ააფეთქა. ვიღაცის ვინაობა უცნობია: ”შესაძლოა, ვიღაცამ იფიქრა, რომ, თუ რუსები დაიძვრებიან და მოინდომებენ ამ ტერიტორიის დაკავებას, მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით აცხადებდა, რომ მათ უნდა აღადგინონ სამხრეთ ოსეთი თავის ისტორიულ საზღვრებში, ამიტომ ვიღაცამ მოძებნა სწორედ გამოსავალი - ხიდის აფეთქება, რომ ის არ დარჩენოდა მტერს.”

იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც არეშიძე აცხადებს, ყველა სტრატეგიული სიმაღლე საზღვრის მონაკვეთებში რუსებს უჭირავთ, პროვოკაციის საფრთხე მუდმივად არსებობს. რუსებს, ექსპერტის თქმით, საზღვართან ახლოს ძალთა გადაადგილების მიზეზი არ ელევათ: ” 30 ივნისს, სვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაქსანის ხეობაში, რუსებმა გამოაცხადეს ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება, აყარეს იქიდან ყველა ტურისტული და ალპინისტური ბანაკი და ჩაკეტეს ხეობა. ეს არის იალბუზის მიმდებარე ტერიტორია. მათ მართლაც ჩაატარეს ანტიტერორისტული ოპერაცია, ოღონდ ამ ზონის მიღმა . ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ტერიტორია 6 ივლისს გაიხსნებოდა, მაგრამ დღემდე ეს ზონა ჩაკეტილია და იქ იმყოფება რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმი.”

ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად, რაც შეიძლება ამ ეტაპზე ქართულმა მხარემ რუსეთს ადგილებზე დაუპირისპიროს, სასაზღვრო პოლიციური ნაწილების და ზოგადად პატრულირების გაძლიერებაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG