Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყეების ინვენტარიზაცია და ჩაშლილი აუქციონი


ამბროლაურის რაიონის 4 სოფლის ტყით დაფარულ ფართობებზე ხე-ტყის დამზადების ათწლიანი ლიცენზიის გაცემის მიზნით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 11 ივნისს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღების ვადა 8 ივლისს ამოიწურა. დღეს აუქციონი უნდა გამართულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთ ინვესტორს არ გამოუთქვამს, აუქციონი ამ ეტაპზე ჩაშლილად გამოცხადდა. აუქციონის ჩაშლის მიზეზებზე საკუთარი მოსაზრებები აქვთ გარემოს დაცვის ექსპერტებსაც და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებსაც. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადებას წინ ტყეების ინვენტარიზაცია უძღოდა.

რატომ ტარდება გრძელვადიანი ტყითსარგებლობის აუქციონი ტყეების ინვენტარიზაციის გარეშე და ასრულებენ თუ არა ლიცენზიის მფლობელები ლიცენზიის პირობებს? - ეს კითხვები წლების განმავლობაში არ კარგავდა აქტუალობას. თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკა დადებითი კუთხით შეიცვალა. მიმდინარე წლის აპრილიდან, მთავრობის განკარგულებით, სატყეო დეპარტამენტმა სალიცენზიო ობიექტებზე ტყეების ინვენტარიზაცია დაიწყო. ინვენტარიზაციამ მოიცვა 10 პერსპექტიული სალიცენზიო ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - კერძოდ, კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ტყეების ინვენტარიზაციის პროცესისა და პროცედურის განმარტება საქართველოს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარეს პაპუნა ხაჩიძეს ვთხოვეთ:

“კონკრეტულ ფართობებზე ფიქსირდება მოთხოვნა. ამის შემდეგ ამ ფართობებზე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ტყის მართვის სპეციალისტები შედიან და ითვლიან მარაგს, რა რაოდენობა შეიძლება იქნეს ათვისებული, ანუ მოჭრილი. დაზუსტებულ ციფრებს და მასალებს გადავცემთ ეკონომიკის სამინისტროს.“

გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზიის ღირებულებას, თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს. ეს, რაც შეეხება ტყეების ინვენტარიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ტყითსარგებლობის ლიცენზიის მისაღები აუქციონების გამართვის მთავარი პირობა გახდა. აუქციონები გასული წლის ბოლოდან, ეკონომიკის მინისტრის ლაშა ჟვანიას გადაწყვეტილებით, სწორედ საზოგადოების, უფრო ზუსტად კი, ბუნების ქომაგთა დაჟინებული მოთხოვნის გათვალისწინებით შეჩერდა. შესაბამისად, ამბროლაურის რაიონის სოფლების - თხმორის, ნიკორწმინდის, ურავისა და ლიხეთის - მიმდებარე 4200 ჰექტარ ტყით დაფარულ ფართობებზე ხე-ტყის დამზადების ათწლიანი ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული და უკვე ჩაშლილი აუქციონი პირველი აუქციონი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაციას შეუდგა. თუმცა, ამ ფაქტორის მიუხედავადაც კი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ შენიშნავენ, რომ ტყითსარგებლობის აუქციონების გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დარღვევები, სამწუხაროდ, ბოლომდე არ აღმოფხვრილა. საქმე ეხება სალიცენზიო პირობებს.

„გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა და უკვე დასრულდა შემუშავება ახალი სალიცენზიო პირობებისა, რომელიც უკეთესია, ვიდრე მანამდე არსებობდა. ცოტა არაკოლეგიალური იყო ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მხრიდან, რომ აუქციონი გამოაცხადეს იმ მომენტში, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებულ კომისიას არ ჰქონდა დასრულებული მუშაობა ახალ სალიცენზიო პირობებზე.“

გვითხრა სალიცენზიო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, „მწვანე ალტერნატივის“ პროექტის ხელმძღვანელმა ირაკლი მაჭარაშვილმა. მისი განმარტებით, აუქციონის გამოცხადება ახალი სალიცენზიო პირობების მიღებამდე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან არაკორექტული იყო მომავალი ინვესტორების მიმართაც, რადგან მათ, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, აუქციონის შესახებ განცხადებაში მოცემულისგან განსხვავებული პირობებით მოუწევდათ მუშაობა. ის, რომ, აუქციონის გამართვის შემთხვევაში, ინვესტორს ახალი სალიცენზიო პირობებით მოუწევდა მუშაობა, ჩვენთან საუბარში ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსებისა ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯანაშიამაც დაადასტურა.

მანვე აღნიშნა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფლების ტყეებში ხე-ტყის დამზადების ათწლიან ლიცენზიაზე აუქციონი მანამ გამოცხადდა, სანამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ახალი სალიცენზიო პირობების შესამუშავებლად სპეციალურ კომისიას შექმნიდა. კომისიამ, რომელიც 13 მაისიდან მუშაობს, დაახლოებით თვე-ნახევარში მოამზადა ახალი სალიცენზიო პირობების პროექტი, რომელსაც მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
XS
SM
MD
LG