Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული კომპანიები საჰარაში მზის ენერგიის პროექტს იწყებენ


გერმანიის წამყვანი კომპანიები საფუძველს უყრიან მზის ენერგიის მასშტაბურ ინიციატივას. პროექტი "დეზერტეკის" სახელით არის ცნობილი და მიზნად ისახავს ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარის უდაბნოში, მზის ენერგიის მოპოვებას ევროპისთვის ელექტროენერგიის საწარმოებლად. უკვე გამოითქვა მილიარდობით დოლარად შეფასებული პროექტის კრიტიკული შეფასებები - ბევრს ის არაპრაქტიკულად მიაჩნია. პროექტის მომხრეეები კი აცხადებენ, რომ მოვა დრო, როდესაც "დეზერტეკი" ევროპას საჭირო ელექტროენერგიის 15 პროცენტს მიაწვდის.

ერთი შეხედვით, ეს გიჟურ იდეას ჰგავს. მზის სხივების კონცენტრაციის მიზნით, საჰარაში რამდენიმე ადგილას ათასობით სარკეს განათავსებენ, შემდეგ კი მოპოვებული სითბოთი აამუშავებენ ორთქლის ტურბინებს, რაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ელექტროენერგიას შემდეგ გადამცემ ხაზებში გაუშვებენ და ათასობით კილომეტრის მოშორებით, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში ჩაიტანენ.

დაზღვევის კომპანია "მიუნიქ რე"-ს ინიციატივით, ორშაბათს მიუნხენში გაიმართა "დეზერტეკის" მონაწილეთა შეხვედრა. "მიუნიქ რე" უშუალოდ არის დაინტერესებული გლობალური დათბობის შემცირებით, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში მას მილიარდობით დოლარის გადახდა მოუწია სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებმაც თავიანთ კლიენტებს ქარიშხლით, ხანძრით და წყალდიდობით გამოწვეული ზარალი აუნაზღაურეს.

კომპანიის წარმომადგენელმა, ტორსტენ იევორეკმა, "დეზერტეკს" მომავლის პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ამ პროექტით, ევროპელების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობაც იხეირებს:

"მზის და, შესაძლოა, ასევე ქარის, ენერგიის გამოყენება ჩრდილოეთ აფრიკისთვის, შორეული და ახლო აღმოსავლეთისა და ევროპისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად მომავლის იდეას წარმოადგენს და მისი ტექნიკური ასპექტები დამაინტრიგებელია."

პროექტის მომხრეებს ეს მასშტაბური გეგმა რეალისტურად მიაჩნიათ. ისინი აცხადებენ, რომ მზის ენერგიის მოპოვება უკვე გამოცდილი ტექნოლოგიაა. ბაზრისგან ფიზიკური სიშორე კი პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ბოლო თაობის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ყოველ 1,000 კილომეტრზე მხოლოდ ენერგიის 3 პროცენტს კარგავენ.

ამასთან, პროექტს წარმატებული პრეცედენტიც აქვს. ანალოგიურ პრონციპებზე დამყარებული პროექტი 1980-იანი წლებიდან მუშაობს შეერთებულ შტატებში, მოხავეს უდაბნოში.

პროექტში მსხვილი კალიბრის კომპანიებია ჩართული - მაგალითად, სიმენსი, ”ეონი” (E.ON) და "ერ-ვე-ე" (RWE), რაც მოწმობს, რომ ევროპის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციისა და სათბური გაზების ემისიის შემცირების გეგმას სერიოზულად ეკიდებიან.

ამასთან, "დეზერტეკი" ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობს.

თუმცა პროექტს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს - უწინარესად, მისი ღირებულების გამო. არსებული შეფასებით, პროექტი 560 მილიარდი დოლარი დაჯდება, რაც, მოწინააღმდეგეთა თქმით, ელექტროენერგიის ფასს კონკურენტუნარიანობას დაუკარგავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდი თანხა 40 წელიწადზეა გაწერილი.

კრიტიკოსებს უსაფრთხოების საკითხებიც აფიქრებს - ისინი შიშობენ, რომ "დეზერტეკის" ტექნოლოგია შეიძლება ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფებისთვის სამიზნედ იქცეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG