Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საირმესა და წყალტუბოში სეზონის დასაწყისში სიიაფეა


წყალტუბოს კურორტი
წყალტუბოს კურორტი
აკაკი და მირანდა მზარეულიშვილებმა დასასვენებლად კურორტი საირმე აირჩიეს. მათ დასვენება ივლისის პირველ რიცხვებში ამჯობინეს. როგორც ამბობენ, სეზონის დასაწყისში კურორტზე ცოტა დამსვენებელია, მინერალურ წყაროებთან რიგები არ დგას და ბინები უფრო იაფია. მირანდას თქმით, სანატორიუმ „ბაღდათში“ დღეში 20 ლარი გადაიხადა. ამ თანხაში კვებაც შედიოდა.

საირმის სანატორიუმებში ფასები 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. 20 ლარიან ნომერში მხოლოდ ცივი წყალია, 30 ლარიან ნომერში კი ცხელი წყალიც მოდის. ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ კურორტზე გასართობი საშუალებებიც არსებობს: ტირი, ბილიარდი, აუზები. ასე რომ, არც პატარები მოიწყენენ და არც უფროსები.

დამსვენებლები ივლისის დასაწყისიდან გამოჩნდნენ კურორტ წყალტუბოშიც. წყალტუბოს გამგებლის მამუკა თევზაძის თქმით, დამსვენებელთა შორის აზერბაიჯანის მოქალაქეები ჭარბობენ.

წყალტუბოში ათი დღის მანძილზე დასვენება ერთ ადამიანს სამას ლარამდე უჯდება. საირმისგან განსხვავებით, წყალტუბოში საოჯახო სასტუმროები განვითარდა. კერძო სექტორი დამსვენებლებს უკეთეს პირობებს მისაღებ ფასში სთავაზობს. ხელისუფლება კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას მომავალი წლიდან გეგმავს. სანატორიუმების კეთილმოწყობასთან ერთად აბაზანების რეკონსტრუქციაც მოხდება. ამჟამად წყალტუბოს ბალნეოლოგიურ აბაზანებში ჩვიდმეტი პროცედურა კეთდება და სამოცამდე დაავადებას მკურნალობენ.
XS
SM
MD
LG