Accessibility links

logo-print
ხელისუფლების მყისიერი შეცვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საპროტესტო აქციების პარალელურად კონსტიტუციის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა, ნაწილმა კი საზოგადოებას ეკონომიკის გაჯანსაღების საკუთარი გეგმა შესთავაზა. პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის გზავნილები ადგილობრივ ელექტორატზე მეტად მიმართულია საერთაშორისო საზოგადოებისკენ, რომელიც მომავლის ხედვის გარეშე გაერთიანებულ ოპოზიციას სიფრთხილით ეკიდება. თავის მხრივ, ოპოზიციის ნაწილი რუსთაველის გამზირიდან ლითონის კონსტრუქციების აღებისა და მოძრაობის გახსნის ინიციატივითაც გამოდის. საინტერესოა, რას უნდა გულისხმობდეს სიახლეები ოპოზიციის ტაქტიკაში.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან სამ თვეში არაერთი ქუჩა, სახელმწიფო ორგანიზაციასთან მისასვლელი, რკინიგზა და საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. ბოლო დრომდე არ შეცვლილა არც ტაქტიკური არსენალი და არც ძირითადი მოთხოვნა:

„სააკაშვილს ვაძლევთ 72 საათს, რათა დააკმაყოფილოს პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის მოთხოვნა...“
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ეს განცხადება მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ამ ორიდე თვის წინ გააკეთა. ამ და სხვა მსგავსი განცხადებების პასუხად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას, რომელიც ჯიუტად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, არ აქვს მოქმედების გეგმა. ამასთან დაკავშირებით პავლე კუბლაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბევრი ილაპარაკა 12 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში:

„მაღელვებს ის, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი, რაც უნდათ, ესაა ქვეყანაში სიტუაციის არევა. მეტი არანაირი გეგმა არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ისინი 9 აპრილიდან ატარებენ აქციებს, რაიმე კონკრეტული გეგმა იქნა წარმოდგენილი?“

უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი ბრალდებები მეტად საფუძვლიანი იყო თუნდაც ერთი თვის წინ, მაგრამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. „ალიანსი საქართველოსათვის“ არ მალავს, რომ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის პარალელურად, მუშაობს კონსტიტუციისა და საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. შესაბამისად, ირაკლი ალასანია საზოგადოებას მომავლის საკუთარ ხედვასაც სთავაზობს:

„ჩვენი ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორად ვთვლით, რომ მოხდა კონცენტრირება ძალაუფლებისა საპრეზიდენტო ინსტიტუტში, ანუ ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა არის სწორედ ისეთი დაბალანსებული სისტემის შექმნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო შტოებს შორის. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება.“

მიმდინარე წლის 24 ივნისს კონსტიტუციის რეფორმის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა კონსერვატიულმა პარტიამაც - ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი იქნება ორპალატიანი, ხოლო პრეზიდენტი აირჩევა ეროვნულ კრებაზე პარლამენტისა და რეგიონალური წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ხუთი წლის ვადით. კონსერვატორები ასევე გამოდიან გადასახადების ლიბერალიზაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ინიციატივით. არასაპარლამენტო ოპოზიციის ამგვარი ტრანსფორმაცია არ უკვირს პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია ერთდროულად მარცხის შენიღბვასა და გამოსავლის მოძებნას ცდილობს:

„ისინი არიან რთულ, უხერხულ მდგომარეობაში და, ცხადია, ეძებენ სხვა ტაქტიკას, სხვა გამოსავალს, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ხაზი არ გაუსვან ამას და ნაკლებად თვალსაჩინო იყოს ის, რომ გარკვეული მარცხი განიცადეს და ახლა რაღაც სხვა გზას ეძებენ. მაგრამ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს, რომ იმ ტაქტიკამ, რაც მათ ჰქონდათ არჩეული, არ გაამართლა და სხვა რამ არის საჭირო.“

გია ნოდიას თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციას თითქმის ყველა მოლოდინი გაუცრუვდა. არ მოხდა ხელისუფლების რღვევა, ხოლო გეგმის - ანუ მომავლის ხედვის - გარეშე ვერ მოხერხდა ვერც მომხრეთა რაოდენობის მკვეთრი გაზრდა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმხრობა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის აქტიურობას, წარმოადგინოს მომავლი ხედვა და შეიმუშაოს განვითარების ალტერნატიული გზა, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აქვს მნიშვნელობა:

„ქართველი ამომრჩეველი პროგრამების კითხვაზე დიდად ორიენტირებული არ გახლავთ. დასავლელი მეგობრები კი ოპოზიციას სწორედ ამას უსაყვედურებენ, რომ თქვენი მხრიდან არ ჩანს ჩვეულებრივი „პოლიტიკური პროდუქცია“, ანუ პროგრამა, კანონპროექტები და ასე შემდეგ. მე მგონი, უფრო დასავლეთის ამ თვალსაზრისმა იქონია მნიშვნელობა ამ ნაბიჯების გადადგმაში.“

იქონიებს თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება გავლენას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფორმაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ ოპოზიციის ლიდერებს, რომელთა ნაწილი ლითონის კონსტრუქციების აღების მომხრეა, ნაწილი კი მიზნის მიღწევამდე რუსთაველის გამზირის გახსნას არ აპირებს. ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია არ აპირებს მხოლოდ საკნების იმედად ყოფნას, თუმცა, მისივე განმარტებით, ოპოზიციას ჯერჯერობით არც საკნების აღების თაობაზე მიუღია გადაწყვეტილება.

„ჩვენ ახლა ვამზადებთ ბატონ ბაიდენის ჩამოსვლის დღისთვის აქციას, რომელიც იქნება სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული და მოვახდენთ ჩვენი დასავლური ფასეულობების დემონსტრირებას და ამ აქციისთვის ვემზადებით. მანამდე კი არ იგეგმება არც რუსთაველის გამზირის გახსნა და არც საკნების აღება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალურმა მდივნმა კეა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG