Accessibility links

logo-print

აჭარაში საკურორტო სეზონი ქეთი მელუას კონცერტით იხსნება


ქობულეთის პლაჟი

ქობულეთის პლაჟი

ბათუმში სარეკლამო დაფებზე, სხვადასხვა ღონისძიებათა აფიშების გარდა, ბინების გაქირავების მსურველთა განცხადებებიც არის გამოკრული. თუმცა დამსვენებლებმა იციან, რომ თუკი ბინა ზღვასთან ახლოსაა, მაშინ იგი არცთუ ისე იაფი ეღირება. ამიტომაც ტურისტები ამბობენ, რომ ბათუმში კომფორტული დასვენება თურქეთში დასვენებაზე უფრო ძვირია. “ბათუმში დასვენება ივლისში ფასების გამო გადავწყვიტე, აგვისტოში ფასების კულმინაციაა”, - მბობს თბილისელი ეკა, რომელსაც ბათუმში დასვენება ექვსას ლარზე მეტი უჯდება. ძვირი უღირს დასვენება აჭარაში ნინოსაც, რომელიც ამბობს, რომ, შემოთავაზების მიუხედავად, მაინც ბათუმში დასვენება ამჯობინა. მისი თქმით. თურქეთში 366 დოლარად ახერხებდა წასვლას, რასაც ბათუმში, რა თქმა უნდა, დავხარჯავო, - ამბობს ნინო.

დასვენება აჭარაში რომ ძვირია, არამხოლოდ ტურისტებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იციან. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის მთავრობას და ტურიზმის დეპარტამენტსაც აქვს. მთავრობის თავმჯდომარის რეკომენდაცია კერძო სექტორისა და მეწარმეების მისამართით, ფასები ხელმისაწვდომი გაეხადათ, გაუთვალისწინებელი დარჩა. ამის გარდა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარაში 140-მდე სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის სახლებში სულ 40 ათასამდე ადგილია. მიუხედავად ამ მონაცემებისა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ წელს ბათუმში 300 ათასამდე ტურისტი ჩამოვა, ხოლო 5 წელიწადში - 4-დან 6 მილიონამდე, რაც გადაჭარბებულ მონაცემად არ ეჩვენება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღანელობას. თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა დიასამიძის თქმით, საქართველომ თურქეთის გამოცდილება უნდა გამოიყენოს. ამასთან, ბათუმში მიმდინარე სასტუმროთა მშენებლობების დასრულების შემდეგ ბევრი რამ გაადვილდება.

ჯერჯერობით კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების მოზიდვას სხვადასხვა ღონისძიებებით გეგმავს. წელს საკურორტო სეზონს კონცერტით მომღერალი ქეთი მელუა გახსნის.
XS
SM
MD
LG