Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომიდან ერთი წლის შემდეგ დევნილებს ახალ-ახალი პრობლემები უჩნდებათ


გორში, საბავშვო ბაღის შენობაში, ლტოლვილები ცხოვრობენ
გორში, საბავშვო ბაღის შენობაში, ლტოლვილები ცხოვრობენ
აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტის ზონიდან გამოდევნილი ადამიანები რამდენიმე კატეგორიად დაიყვნენ. ნაწილს კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ერგო საცხოვრებელი, ნაწილს ერთსართულიანი სახლი შეხვდა ე.წ. პოტიომკინის სოფელში, ნაწილი დღემდე სახელმწიფო დაწესებულებებში - მაგალითად, საბავშვო ბაღში - ცხოვრობს, ნაწილიც უკან - თითქმის ფრონტის ხაზზე მდებარე სოფელში - დაბრუნდა. მათ ნაწილს დღემდე არა აქვს ორ ხელზე მეტი ტანსაცმელი, ნაწილი კი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

გორის ცენტრში, საბავშვო ბაღის შენობაში ვართ. აქ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონის სოფლების მოსახლეობა ცხოვრობს. იატაკი აყრილია. ე.წ. ოთახები ერთმანეთისგან ზეწრებითაა გამოყოფილი. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი - საწოლზე გადაკიდებული. ჭურჭელი - საზიარო. მანიას და ლილის ქვაბი ვერ გაუყვიათ. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ეს ისედაც ჩანს. ცხინვალიდან დევნილი 48 წლის ვენერა ეცადაშვილი ჩივის, რომ მათ არც ფული აქვთ, არც საჭმელი.

”პურის, აი, ამხელა ნაჭერს გვაძლევენ (ხელით გვაჩვენებს) - ან გეყოფა, ან არა. ადრე უფრო გვაძლევდნენ საჭმელს, ახლა აღარ. პენსიონერებისთვის მზა საკვები მოჰქონდათ, ახლა ისიც აღარაა... ისედაც სულ ლობიო და ლობიო... ამოვიდა ყელში.. აი, ბოლო სამი დღეა, დილით ჩაის ვსვამთ და მორჩა. მშივრები ვართ.”

მანია პატარა ლიახვის ხეობიდანაა. არც სახლის იცის რამე, არც საქონლის. არც რამე წამოუღია და დღემდე ასეა. ამბობს, რომ ისევ ის კაბა აცვია, რითიც სახლიდან ერთი წლის წინ გამოიქცა.

ყველა თავისი ოთახისკენ გექაჩება. ჩივიან იმაზეც, რომ საწოლები ქრება - სად მიდის, ამაზე ღიად არავინ საუბრობს, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ ყიდიან. ამიტომ მანიას ახლა თავისი საწოლის მუდმივი თვალთვალი მოუწევს: ”საწოლი მედგა ხის, ამაცალეს, მერე სხვისი დავიდგი და ახლა აღარავის აღარ მივცემ.”

ვენერა კი ამბობს, რომ ცხინვალის ახლო სოფლებიდან დევნილები განსაკუთრებულად უყურადღებოდ არიან. სამი ქვედაბოლო, ერთი საზიარო ქვაბი, ბრძოლით მოპოვებული საწოლი - ესაა მათი რეალობა. ახლაც ქვაბზე დაობენ: ”ქვაბსაც ვთხოულობთ, სხვა ყველაფერსაც. აი, ამანაც წამართვა დილით ქვაბი. დილის მერეა ვთხოვ, ქვაბი დამიცალონ.”

ლტოლვილთა მინისტრმა რადიო თავისუფლებას რამდენიმე ხნის წინ უთხრა, რომ სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს ამ ადამიანებისათვის და რომ შემოდგომაზე შედეგები გამოჩნდება... იმის კვლევისას, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ომის შედეგად დაზარებული ადამიანები სხვადასხვა ადგილებში, კიდევ ერთ პრობლემას მივადექით - კონფლიქტის ზონაში არსებული რამდენიმე სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის წინ დგას.

”დაახლოებით 7-8 სოფელია ისეთი კონფლიქტის ზონაში, რომელსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. ხალხს წყალი არა აქვს, საერთოდ, და ბოსტნები აქვთ პრაქტიკულად გადამწვარი და არავითარი დახმარება ამ ხალხის ამ კუთხით არ ხდება”, - გვეუბნება ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი ალექსანდრე რუსეცკი.

ხელოვნურად შექმნილ გვალვას თავისი მიზეზი აქვს. სათავე ნაგებობა, რომლიდანაც სოფლები ნიქოზი, ფხვენისი და სხვები, ორიც ოსური სოფელი, წინაგარა და ორჭოსანი, წყლით მარაგდებოდა, ცხინვალშია. წყლის მოწოდება კი ომის შემდეგ შეწყვეტილია. ეუთოს ყოფილი თანამშრომელი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის რეგიონალური კოორდინატორი გელა ზოზიაშვილი ამბობს, რომ თუ უახლოეს ორ კვირაში ეს პრობლემა როგორმე ვერ მოგვარდა, მოსახლეობა წყლის და, შესაბამისად, ლუკმაპურის გარეშე დარჩება. ამ პერიოდში კი ნიქოზში დაწყებული კაშხლის მშენებლობის დასრულება ვერ ესწრება:

” წყალი არ იქნება. ყველაზე ცუდი პერიოდი კი ახლაა, როცა ყველანაირ ნარგავს წყალი სჭირდება. ეს იქნება კატასტროფა ამ ხალხისთვის. უარესი კიდევ ისაა, რომ მრავალწლიანი ნარგავები თუ გახმა, ხილზე მაქვს საუბარი, ეს ხალხი წელს კი არა, მომდევნო რამდენიმე წელი ვერ მიიღებს მოსავალს.“

გამოდის, ხალხს, რომელმაც სარისკო ზონაში დარჩენა და ცხოვრება არჩია, მუდმივი შიშის გარდა, ახალი თავსატეხი გაუჩნდა. გელა ზოზიაშვილი ამობს, რომ თუ ცხინვალის მხარესთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, მაშინ დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მიცემა გახდება საჭირო, მით უმეტეს, რომ არსებობს სოფლებში არსებული წყლების დაშრობის საფრთხეც.

არის კიდევ კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ხალხის ერთი კატეგორია, ვისაც დევნილის სტატუსი არა აქვს, ვინც სოფლებში ოკუპაციის დროსაც რჩებოდა.. ალექსანდრე რუსეცკი გვეუბნება, რომ ეს ხალხი ყველას დაავიწყდა:

” ამ კატეგორიის ხალხი, ვინც ოკუპაციის დროსაც სოფლებში რჩებოდა, აღარავის ახსოვს. მათთვის არავითარი პროგრამები არ მოქმედებს, - არც ჯანდაცვის, არც სხვა სფეროში, - რადგან მათ დევნილის სტატუსი არა აქვთ. საუბარია დაახლოებით 42 სოფლის მოსახლეობაზე. ეს ზოლი ის ფენომენია, რომელიც არსად არ ფიგურირებს, არც სახელმწიფო დოკუმენტებში, არც რაიმე პროგრამებში, არც საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებში.”

რუსეცკი გვეუბნება, რომ ამ ადამიანებში განსაკუთრებით მაღალია აგრესიულობის დონე თბილისიდან ჩასულების მიმართ და ძალიან დაბალია ნდობა. თურმე ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს თუ არ მოგვიგვარებს, ცხინვალში გადავალთ და იქაურ პასპორტებს ავიღებთო. ვისაც სად წაესვლება, თორემ გორის საბავშვო ბაღში მცხოვრები ვენერა, რომელიც დღეს ერთ წესიერ საწოლს ითხოვს, საჩივლელად ისევ საქართველოს პრეზიდენტისკენ იწევს და ამბობს, რომ სააკაშვილს ყველაფერს თავად მოახსენებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG