Accessibility links

logo-print
შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პროგნოზებით, მოსალოდნელია საბიუჯეტო დეფიციტის შემდგომი ზრდა, რასაც სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად ჭარბი ფულის ემისია განაპირობებს. ამერიკის ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი იმ უცხოელი ფინანსისტების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ძირითად ვალუტად ამერიკულ დოლარს იყენებენ.

მიმდინარე ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც საბიუჯეტო წელი დაიწყო, ამერიკის მთავრობამ დაგეგმილზე 1.1 ტრილიონი დოლარით მეტი ფული დახარჯა. საბიუჯეტო დეფიციტი განაპირობა რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის ფინანსურმა პაკეტმა დასუსტებული ფინანსური სექტორისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის. საბიუჯეტო დეფიციტის დამატებითი ფაქტორია ასევე ომი ერაყსა და ავღანეთში - ომი, რომელიც ამერიკის ბიუჯეტს ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი უჯდება. ბიუჯეტზე ასევე უარყოფითად აისახა გადასახადებით აკრეფილი შემოსავლების შემცირება, რადგან ეკონომიკური კრიზისის გამო 6 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ეკონომისტები ბიუჯეტის ასეთ დეფიციტს შემზარავს უწოდებენ, თუმცა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი რობერტ გიბსი ამბობს, რომ დეფიციტი პროგნოზირებადია და ადმინისტრაცია მომავალში შეძლებს გააუმჯობესოს საბიუჯეტო ვითარება.

“ერთ-ერთი გზა, რითაც ჩვენ ვაპირებთ მივაღწიოთ პროგრესს დეფიციტის შესამცირებლად, მდგომარეობს იმაში, რომ ხელახლა განვავითაროთ ეკონომიკა. ესაა საფუძვლის შექმნა გრძელვადიანი განვითარებისათვის, ესაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ესაა ჩვენი ფინანსური სისტემის სტაბილიზება. და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ძლიერი ზომები გაატარა ამის მისაღწევად და კონგრესმა ასევე ძლიერი ნაბიჯები გადადგა, რათა მხარი დაეჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ბიუჯეტისათვის, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დეფიციტის განახევრებას ისახავს მიზნად.”

მაგრამ ეს მხოლოდ მომდევნო 4 წლის პროგნოზია. მანამდე კი ამერიკის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება და 1,8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ყოველ მომდევნო წელს კი საბიუჯეტო დეფიცი 1 ტრილიონის ფარგლებში განისაზღვრება. შეშფოთებას იწვევს ის, რომ მთავრობის ასეთი მაღალი ვალები ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, რამაც შესაძლოა ინფლაცია კონტროლიდან გამოიყვანოს. ეს კი მტკივნეულად აისახება დოლარის დევალვაციაზე, რაც, თავის მხრივ, საგანგაშოა დოლარის უცხოელ მომხმარებლებისათვის. ჩინეთი, რომელიც ყველაზე უფრო მსხვილი მომხმარებელია შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა, ტრილიონ დოლარზე მეტ ეროვნულ ვალუტას სწორედ ამერიკულ დოლარში ინახავს. ასე რომ, საბიუჯეტო დეფიციტი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ორი გამოწვევის წინაშე აყენებს:

ერთი მხრივ, მან უნდა დაარწმუნოს უცხოელი მომხმარებლები, რომ მათი ინვესტიციები უსაფრთხოა; მეორე მხრივ კი, უნდა დაარწმუნოს უცხოელი ინვესტორებიც და საკუთარი მოსახლეობაც, რომ ამერიკის მთავრობა დროთა განმავლობაში შეძლებს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. ესაა სწორედ ის მიზანი, რის მიღწევასაც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გეიტნერი ცდილობს. საუდის არაბეთში ყოფნის დროს ამერიკის ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას აუწყა, რომ ვაშინგტონმა ვალდებულება აიღო კონტროლზე აიყვანოს საბიუჯეტო დეფიციტი და შეინარჩუნოს დოლარის მსყიდველუნარიანობა.
XS
SM
MD
LG