Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გასულ კვირას ობამას მოსკოვურ ვოიაჟს აფასებდნენ


ბარაკ ობამა (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი
ბარაკ ობამა (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი
გასული კვირა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტით მოსკოვში. ობამამ და დმიტრი მედვედევმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. როგორც ობამამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე დისკუსია გულახდილად წარიმართა.

მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს სალაპარაკო ბევრი ჰქონდათ. მათ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ირანის საკითხზე, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის თემაზე; ამას გარდა, - ეს შეუთანხმებელ საკითხად ითვლება, - ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმაზე, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ამ სისტემის განლაგებას გულისხმობს და რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. დმიტრი მედვედევმა ადრე განაცხადა: თუ აშშ-ს სურს ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში კომპრომისზე უნდა წავიდესო. ბარაკ ობამამ ამ შეხვედრამდე გარკვევით თქვა, რომ ის უარყოფს რაიმე კავშირის არსებობას აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვასა და იარაღის კონტროლს შორის მოლაპარაკების დროს. მედვედევმა თქვა, ეს კავშირი უკვე არსებობს, შეთანხმებული დოკუმენტების თანახმადო.

სამშაბათს კი ობამამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ერთად ისაუზმა. ობამამ რუსეთში ვიზიტამდე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის განახლება სურს, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ სურდა და პრემიერ-მინისტრ პუტინზე თქვა, ცალი ფეხით ცივი ომის ეპოქაში დგასო. 7 ივლისს ობამას კრემლი პირდაპირ აღარ გაუკრიტიკებია. პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა, თუმცა იმის შესახებ, თუ რა ითქვა ამ შეხვედრაზე, სამშაბათს განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის იური უშაკოვის ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს პუტინთან მოლაპარაკებებზე აშშ-ის პრეზიდენტი დაჰპირდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში ვაშინგტონი გაითვალისწინებს რუსეთის პოზიციას უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით. თუმცა სულ სხვა იყო გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ობამამ პუტინთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავაც არსებობს უთანხმოება საქართველოს საკითხში. ამ ცნობას DPA-ს სააგენტო აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ობამა მოსკოვის ეკონომიკის სკოლაში გამოვიდა, სადაც ის კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს, რომლის ტერიტორიების ანექსიას რუსეთის მიერ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა გაყინვა მოჰყვა.

საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი თითქმის ყველამ ერთხმად დადებითად შეაფასა - როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა და ექსპერტებმა. პოლიტოლოგმა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, საქართველომ ამ შეხვედრიდან მაქსიმუმი მიიღოო.

თუმცა ვიზიტის დასრულებისთანავე ბევრმა დასვა კითხვა: რას ცვლის ობამას მოსკოვური ვოიაჟი პრაქტიკულად საქართველოსთვის? გაისმოდა პასუხებიც ამ შეკითხვაზე - რეალურად არც არაფერსო. მსგავსი განცხადება გააკეთა, მაგალითად, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

ხელისუფლების განცხადებით კი, ობამა-მედვედევის შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ობამას მოსკოვში ჩასვლამდე რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების საფრთხე რეალური იყო. ამ ვიზიტის შემდეგ კი საფრთხე განეიტრალებულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ ობამას ვიზიტი იყო, ყურადსაღები სხვაც ბევრი ხდებოდა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავდა ცვლილებებს სამ კანონში: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 7-ში სასტუმრო „ამბასადორში“ არასაპარლამენტო ოპოზიცია ექსპერტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან ამ ცვლილებებს აპროტესტებდა. ოპოზიციის განცხადებით, ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში დიქტატორული მმართველობა დაკანონდება.

ოპოზიციის შეფასებას არ იზიარებენ ხელისუფლებაში. ახალი კანონპროექტების ერთ-ერთი ავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მურთაზ ზოდელავა, რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრობისას განმარტავდა მიზეზებს, რის გამოც მან და დანარჩენმა სამმა ავტორმა საჭიროდ ჩათვალეს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა.

დამატებითი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების შეტანა, 11 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთდა, სადაც ამ კანონპროექტის ირგვლივ მწვავე დებატები გაიმართა საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის. პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, ცვლილებები ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება და არა შეკრებების თავისუფლების შეზღუდვას.

ამ თემას კვირას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა ირიბად, როდესაც ის უცხოეთში მომუშავე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. „ცალკეული პოლიტიკოსების სულსწრაფ ამბიციებს არ გადავაყოლებ ქვეყნის შემოსავლებსა და ინვესტიციებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც რამდენიმე მეგაფონიანი ხულიგნის გამო ვერ ხერხდებოდა სახელმწიფო დაწესებულებაში უცხოელი სტუმრების მიყვანა ან რესტორანში ვახშმით გამასპინძლება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG