Accessibility links

“ტერორიზმის ყლორტები” სამხრეთ-აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიაში


ყოფილი საველე მეთაური მირზო ზიოიევი

ყოფილი საველე მეთაური მირზო ზიოიევი

მაისის ბოლო დღეებიდან მოყოლებული, სამხრეთ-აღმოსავლეთ ცენტრალური აზიის ქვეყნებში უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამართალდამცველებსა და არაფორმირებულ დაჯუფებებს შორის მომხდარ შეტაკებებში. დაღუპულთა შორისაა ტაჯიკეთში კარგად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, საგანგებო სიტუაციების ყოფილი მინისტრი მირზო ზიოიევი, რომლის მკვლელობა ბურუსითაა მოცული.

11 ივლისს ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მირზო ზიოიევი დააპატიმრეს, როგორც საშიში დამნაშავე, რომელიც გეგმავდა ტავილ-დარას რეგიონის მთავრობის დამხობას, ახალი არალეგალური გზის გაჭრას იარაღისა და ნარკოტიკების ავღანეთიდან ტრანსპორტირებისათვის.

მოგვიანებით კი ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედინ ნაზრიევმა, საზოგადოებას აუწყა, რომ ზიოიევი მოკლულია. თანაც, ცნობილი საზოგადო მოღვაწე მოკლეს იმ დროს, როდესაც იგი სამთავრობო ძალებს ადგილობრივ შეიარაღებულ ჯგუფებთან მოლაპარაკებებში ეხმარებოდა.

“სურხობის დაბლობზე, სოფელ აგბაში, ჩატარებული ოპერაციის დროს არალეგალური შეიარაღებული ჯგუფი მოულოდნელად თავს დაესხა და მოკლა მირზო ზიოიევი, ასევე დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის რამდენიმე ოფიცერი.”

2006 წლამდე მირზო ზიოიევი ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო. თუმცა, ვიდრე მაღალ თანამდებობას დაიკავებდა, ზიოიევი გასამხედროებული ორგანიზაცია „ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერი იყო 1992-97 წლების სამოქალაქო ომის დროს.

როგორც წერენ, ზიოიევი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა ტავილ-დარას პროვინციაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდა ავღანეთიდან დაბრუნებული ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი, რადიკალი ისლამისტი მულო აბდულო, რომელიც 2000 წელს ავღანელ ტალიბთა მხარეს იბრძოდა.

ტაჯიკეთის ხელისუფლების მტკიცებით, მულო აბდულოს ავღანეთიდან ასევე გადმოჰყვნენ უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობის მებრძოლები, რომლებიც ტავილ-დარაში დაბანაკდნენ, პროვინციაში, საიდანაც 1999-2000 წლებში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები რეიდებს აწყობდნენ ყირგიზეთსა და უზბეკეთში.

შესაბამისად, თავის მხრივ, ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალებიც გააქტიურდნენ. ისინი სამხრეთში მდებარე ქალაქ უზგენთან, ივნისიდან მოყოლებული, ჩხრეკდნენ ტყიან მასივებს. შეტაკებაში სამართალდამცველებმა 9 კაცი მოკლეს, რომლებიც, უზბეკეთის ჯალალაბადის პროვინციის ხელმძღვანელის ოროზალი კარასარტოვის თქმით, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ:

“ეს ღონისძიება არის შედეგი სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაციისა. 22-დან 23 ივნისის ღამეს ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობის დაჯგუფებას და ცდილობდნენ მათ შეპყრობას, მაგრამ ექსტრემისტებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და სროლა ატეხეს. შეტაკებაში ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალების ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილი იქნა ჰოსპიტალში.”

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს უზბეკეთის ტერიტორიაზეც. 11 ივლისს უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 კაცი დააპატიმრეს, რომლებსაც კავშირი აქვთ უზბეკეთში მომხდარ აფეთქებებთან. 26 მაისს სასაზღვრო ქალაქ ყანდაართან მომხდარი აფეთქებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა. უზბეკეთის ხელისუფლების მტკიცებით, თავდამსხმელები ყირგიზეთიდან იყვნენ და უკანვე დაბრუნდნენ.

ცენტრალურ აზიაში სიმშვიდემ დაისადგურა 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამერიკის სამხედრო ძალებმა გამანადგურებელი იერიში მიიტანეს უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობისა და ტალიბების წინააღმდეგ. მაგრამ გაჩნდა საშიშროება, რომ განადგურებული ისლამისტური მოძრაობის ელემენტებმა შეძლეს ცენტრალურ აზიაში დაბრუნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელმა, ავღანელმა და პაკისტანელმა სამხედროებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, შეავიწროეს პაკისტან-ავღანეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებები.
XS
SM
MD
LG