Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კმაყოფილია გალში გამართული შეხვედრით


საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე
საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე
ოკუპირებულ გალში 14 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართული და აფხაზური მხარეების პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე დაესწრნენ. მოლაპარაკება გალში დილის 11 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან კომენტარები ზუგდიდის აეროპორტში გააკეთეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განმარტა, შეთანხმება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მოხდა:

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ტექნიკური დეტალების შეთანხმება, პროცედურების შეთანხმება შემდეგი შეთანხმებისთვის... ჩვენთვის მთავარი საკითხი ყველა შემდეგ შეხვედრაზე იქნება გალში მყოფი ქართველი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი სოციალური და პოლიტიკური უფლებები."

ჰანსგეორგ ჰაბერი (მარცხნივ) ზუგდიდის აეროპორტში
დისკუსიის მთავარი მონაწილეები ქართული და აფხაზური მხარეები იყვნენ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მოსკოვი მთლიანობაში ამ შეხვედრას კონსტრუქციულად მიუდგა:

”ყველა პროცედურულ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი შედეგია. ქართული და აფხაზური მხარეები დიდ მოქნილობას ამჟღავნებდნენ, რაც ამ შეხვედრებს კარგ სამომავლო პერსპექტივას უქმნის. მოკლედ, მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი.”

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაზე ყველაზე მთავარ შედეგს მიაღწიეს და ასეთი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება. "ყველა მხარემ დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა დანარჩენების მიმართ. და, მე თუ მკითხავთ, პროგრესის წინაპირობა სწორედ ეს არის - პატივისცემის გამოხატვა, და საკითხების არა უგულებელყოფა, არამედ მათზე სიღრმისეული მსჯელობა.”:

დღესვე გაეროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: "მიღწეულია შეთანხმება ყველა საკითხზე ერთის გარდა. მიღწეულია შეთანხმება შეხვედრების პერიოდულობის შესახებ. ასევე იმაზე, თუ რა გზით იქნება მიღებული შეხვედრების შემაჯამებელი დასკვნები; შემდეგი შეხვედრების თავმჯდომარეობაზე და "ცხელი ხაზის" ამუშავებაზე. ერთადერთი საკითხი, რომელზე შესათანხმებლად მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებენ, არის ის, თუ სად გაიმართება მომავალი შეხვედრები..."

ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართული და აფხაზური მხარეების მორიგი შეხვედრა ორ კვირაში შედგება გალში. 14 ივლისის მოლაპარაკება კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
XS
SM
MD
LG