Accessibility links

logo-print
რუსეთის პრესა პრეზიდენტ მედვედევის ცხინვალში ვიზიტზე დღეს ბევრს წერს. ”ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ, მართალია, გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრ პუტინის მიერ დაგეგმილი ვიზიტი ცხინვალში არ შედგა, სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა იქ მოულოდნელად: ”ვიზიტის შინაარსობრივ მხარეზე საუბარი ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ, სიმბოლური თვალსაზრისით, ეს საგარეო პარტნიორებისა და ოპონენტებისთვის რუსეთის პოზიციის ერთობ აშკარა დემონსტრაციაა. სახელმწიფოს მეთაური რუსეთის მიერ აღიარებულ რესპუბლიკას მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტიდან და „დიდი რვიანის“ სამიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ესტუმრა და ზუსტად იმ დღეს, როცა ანკარაში ხელი ეწერებოდა მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც „ნაბუკოს“ პროექტს მწვანე შუქს უნთებს”, - წერს ”ვრემია ნოვოსტეის” ავტორი სტატიაში, სათაურით ”საპრეზიდენტო დესანტი”. ამავე სტატიაში ვკითხულობთ: ”ის, რაც ოფიციალური თბილისისა და დასავლეთის თანამეგობრობისთვის ნომინალურად და იურიდიულად საქართველოს ტერიტორიად რჩება, სინამდვილეში შარშანდელ ომამდე კარგა ხნით ადრე აღარ იყო საქართველოს ტერიტორია”, - წერს ”ვრემია ნოვოსტეის” ავტორი.

”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს: ”ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ლიდერის ვიზიტი რეგიონში, რომელსაც საქართველოში კვლავაც თავისად თვლიან, გათვლილია შეერთებული შტატებისთვის, რომელიც თბილისს უჭერს მხარს. უახლოეს ხანში იქ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ელიან. ექსპერტების მტკიცებით, მოსკოვი ვაშინგტონისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ პოზიციის უცვლელობის დემონსტრაციას ახდენს.”

გაზეთ ”კომერსანტის” წყაროს ცნობით, ცხინვალში მედვედევს 7 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, ელოდნენ. ”დმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი უმკაცრესი გასაიდუმლოების პირობებში მომზადდა და განხორციელდა. დილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი თვითმფრინავით მოზდოკის აეროდრომში ჩავიდა, საიდანაც ვერტმფრენით ცხინვალში გაფრინდა. ეს გადაფრენა მოგაგონებდათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირთა ვიზიტებს ერაყში, რომელთა შესახებაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ხდებოდა ცნობილი”, - წერს ”კომერსანტი”, რომლის ავტორთა თანახმადაც, მედვედევის ცხინვალში ჩასვლის მიზანი ისიც იყო, რომ გაერკვია, რატომ დათქმულ ვადებში არ მიმდინარეობს ომის შემდგომი აღდგენითი სამუშაო. ”კომერსანტი” წერს, რომ ცხინვალის აეროდრომიდან მედვედევი ვერტმფრენით ”ლენინგორის” რაიონისკენ გაფრინდა, სადაც ის რუსეთის სასაზღვრო პუნქტზე სამხედროთა ცხოვრების პირობებს გაეცნო. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ სწორედ ამ ნაწილიდან გაიქცა სერჟანტი ალექსანდრ გლუხოვი. წყარო ”კომერსანტს” ატყობინებს, რომ მედვედევის წასვლის შემდეგ კოკოითიმ თავის მინისტრებსა და პარლამენტის დეპუტატებთან დახურული თათბირი მოაწყო, რომელიც აღდგენითი სამუშაოების ტემპსა და სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევის შესახებ შესაძლო ცვლილების ინიცირებას შეეხებოდა. თუმცა, სამხრეთოსური წყაროს თანახმად, კოკოითის მედვედევმა ურჩია კონსტიტუცია არ შეეცვალა.

მედვედევის ვიზიტს ”იზვესტიაც” აშუქებს. ავტორი წერს, რომ აღდგენითი სამუშაოების დასრულება 1 სექტემბრისთვის უნდა მოესწროს: ”აშენებენ სკოლებს და, ფაქტობრივად, ნულიდან აღადგენენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. გათვალისწინებულია მობილური კავშირისა და სწრაფი ინტერნეტკავშირის გაყვანაც. ამ მიზნებისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი რუბლია გამოყოფილი, საიდანაც 3 მილიარდი უკვე ათვისებულია”, - წერს ”იზვესტია”.

”არგუმენტი ი ფაკტის” სტატიის სათაურია ”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალში დღესასწაულად იქცა”. ”ვედომოსტის” ავტორმა კი ასე დაასათაურა თავისი სტატია - ”სააკაშვილის ჯიბრზე”. ”ვედომოსტი”, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ”რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის მზადება - ეს არის ქართული პროპაგანდა, რომელიც ობამას რუსეთში ვიზიტს უძღოდა წინ. მედვედევის ვიზიტის პოლიტიკური მნიშვნელობა კი ის არის, რომ გაიფანტოს ილუზიები, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განახლების კონტექსტში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლის შესახებ.”
XS
SM
MD
LG