Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში დმიტრი მედვედევის ვიზიტს ვაშინგტონიც გამოეხმაურა


სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ხელი ვერ შეუწყო რეგიონში სტაბილური ვითარების შექმნას. სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე, ვაშინგტონის საგარეო უწყების პრესმდივანმა იენ კელიმ აღნიშნა, რომ თავად ამ ვიზიტის ფაქტი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს საკითხში რუსეთსა და აშშ-ს შორის ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს. კელიმ ისიც თქვა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მაგალითს მიბაძა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ნიკარაგუაა. „ჩვენმა ევროკავშირელმა პარტნიორებმა და ნატოელმა მოკავშირეებმა - ყველამ უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე“, თქვა კელიმ და დასძინა: „ჩვენ კვლავინდებურად მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებას, მონაწილეობა მიიღოს ჟენევის პროცესში და შეასრულოს 12 აგვისტოს საზავო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, აშშ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, განაგრძონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG