Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 15 ივლისი 2009


”რეზონანსის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ - ”ვინ ელაპარაკება რუსებს საქართველოს სახელით რკინიგზის გაყიდვაზე?”. სტატიის ავტორი წერს: ”ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ ”საქართველოს რკინიგზის” გასხვისებაზე რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი მერაბ შარანგია და მისი ოჯახის წევრები აწარმოებენ”. კონსერვატორი ბიძინა გუჯაბიძე”რეზონანსს” ეუბნება, რომ ”ამ გარიგებაში შარანგიასთან ერთად ჩართულია თემურ ალასანია და სააკაშვილთან შეთანხმებით აწარმოებენ ამ მოლაპარაკებას.” - ”ახლა სააკაშვილი რომ გახლდათ სომხეთში, მასთან ერთად იყო შარანგიაც. რუსეთს უნდა, რომ კვანძი შეკრას და ეს მაგისტრალი მთლიანად ჩაიგდოს ხელში”, - ამბობს გუჯაბიძე. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრი რომან კუსიანი ”რეზონანსის” კორესპონდენტს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორი თვის წინ ”რკინიგზის მთელი დოკუმენტაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ათარგმნინეს რუსულად. წარმომადგენლები ჩამოსულნი იყვნენ რუსეთის რკინიგზიდან, რომლებიც ახლა სომხეთის რკინიგზის მენეჯმენტში არიან და ეს დოკუმენტაცია უკვე გადაიგზავნა”, - ამბობს კუსიანი.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ქალთა პარტიის” ლიდერ გუგული მაღრაძესთან, რომელიც პრეზიდენტს განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თავის კანდიდატურას სთავაზობს: ”თუ ნამდვილი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც აიღებენ ამ ინიციატივას, კარგი იქნება. საზოგადოებას დავანახვებთ ხელისუფლების ბლეფს”, - ამბობს გუგული მაღრაძე.

გაზეთი ”ვერსია” – ” ‘ნაციონალების’ რუხი კარდინალი ისევ გამოჩნდა” - ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის, ”ჯორჯიან მედია ჰოლდინგის” გენერალურ დირექტორად დანიშვნას ეხმაურება. ”როგორც ”ნაციონალების” კულუარებში კარგად ჩახედული წყაროები გვიმტკიცებენ, არველაძე ის ფიგურა არ არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს - სააკაშვილს უგულავას დაბალანსება დასჭირდა, პოლიტიკაშიც და მედიასივრცეშიც...” - წერს ”ვერსია”.

”ვერსიის” კორესპონდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და აქციების წარმართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების თანაავტორს ლაშა თორდიას ესაუბრა. ის ამბობს: ”ზოგი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ 3 თვის განმავლობაში აქციები რა ფორმითაც იმართებოდა, დაშვებულია და ახლა ხელისუფლებას კანონით ისეთი რეგულაციები შემოაქვს, რომლებიც ამ ყველაფერს კრძალავს. მსგავსი ტიპის აქციებს მოქმედი კანონმდებლობაც კრძალავდა. უბრალოდ, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კანონის დარღვევის ხარჯზე, ეს აქციები ჩატარებულიყო”, - ასე განმარტავს ხელისუფლების პოზიციას უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც არასდროს, ცდილობს პოზიციების სერიოზულად გამყარებას. ”როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილი ის ”ხერხემალია”, რომელსაც მიშა არაფრის ფასად არ გადატეხავს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ დიდხანს ეყოლება ვანო მინისტრად. სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს სერიოზულად გაამყარებს და სკანდალურ ცვლილებებსაც გეგმავს. სანამ ოპოზიცია ჯერ კიდევ ტაიმ-აუტს აიღებდეს, ის ნიკა გილაურს ძველ პოსტზე დააბრუნებს, ხოლო კიდევ უფრო დიდ ”ხერხემალს” - ზურაბ ადეიშვილს - მთავრობას ”შეუყუდებს” , - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”. ავტორის ვარაუდით, თუკი ზურაბ ადეიშვილის გაპრემიერების ვერსია გამართლდა, ”ეს იქნება ბოლო წვეთი საპროტესტოდ გამოსული ხალხის ისედაც ავსებულ ფიალაში”.

”მთავრობა, რომელსაც სახურავზე იწვევს, მთავრობა არ არის. ის არც იმ ადგილზე და არც სხვაგან არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს” , ამბობს სალომე ზურაბიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”ეს არის მხოლოდ ფასადური მთავრობა, როგორი ფასადურიც არის უშიშროების საბჭო, სამინისტროები და რეალურად ძალაუფლება სხვების - უგულავას, მერაბიშვილის, ახალაიების, კოდუების ხელშია, რომლებიც არ ჩანან”, - ამბობს ზურაბიშვილი, რომლის შეფასებითაც, საქართველო რეალურად ორ წყაროზეა დამოკიდებული - ”ორივე ქვეყნის გარეთ არის. ერთია დახმარება, რომელიც უცხოეთიდან რეგულარულად მოდის, - ამერიკიდან თუ ევროკავშირიდან, - მეორეა უცხოეთიდან შემოსული კერძო დახმარება - ოჯახები, რომლებიც გარედან ეხმარებიან თავიანთ აქაურ ნათესავებს. ეს არის და ეს, მეტი არაფერი ხდება ამ ქვეყანაში.”

”24 საათი” აქვეყნებს ჩრდილოეთ კავკასიის ორ წარმომადგენელთან - მარკო შახბანოვთან, რომელიც არის დაღესტანში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის, ”ნოვოე დელოს”, რედაქტორი, და საიდ ხაჩუევთან, გერმანიაში ჩეჩნეთის დიასპორის ხელმძღვანელთან. საუბარი კავკასიის საკითხებს, რეგიონში საქართველოს როლს ეხება. შახბანოვის აზრით, ”დაღესტნელები რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლას მხარს არ დაუჭერენ. მთავარი მიზეზი ჩვენი ჭრელი ეთნიკური შემადგენლობაა”, - ამბობს დაღესტნური გაზეთის რედაქტორი და განაგრძობს:”სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება სახელმწიფო ენის პრობლემა. რომც გახდეს დაღესტანი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქვეყნის შიგნით არსებული დესტრუქციული ძალები, გარე ძალების დახმარებით, დაღესტანს ბოსნია-ჰერცეგოვინამდე მიიყვანენ”, - ამბობს ”24 საათის” დაღესტნელი რესპონდენტი. გერმანიაში ჩეჩნეთის დიასპორის ხელმძღვანელი კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: ”თუ საქართველოს მართლა უნდა, რომ პოლიტიკურ არენაზე სერიოზული მოთამაშე გახდეს, უნდა გაბედოს და თქვას, რომ დღეს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ცნობს, ხვალ - დაღესტნის და ა.შ.” - იმავე ინტერვიუში საიდ ხაჩუევი ამბობს: ”ვერასოდეს დავივიწყებ იმ დღეებს, როცა ეკრანებზე ”დათა თუთაშხია” გადიოდა. მთელ საბჭოთა კავშირში ქუჩები იყო დაცარიელებული. რა დაემართა ამ ნიჭიერ ხალხს? თქვენ ხომ შეგიძლიათ კავკასიის გაერთიანება საქართველოს გარშემო!” - ინტერვიუ გერმანიაში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელ საიდ ხაჩუევთან ”24 საათში” ქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG