Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის აქტივისტები პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პატიმრობიდან გათავისუფლებული დაჩი ცაგურია (მარცხნივ)
პატიმრობიდან გათავისუფლებული დაჩი ცაგურია (მარცხნივ)
15 ივლისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის უკანასკნელმა ხუთმა წევრმა, რომლებიც პოლიციამ 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავა. დაჩი ცაგურიას და ოპოზიციის სხვა აქტივისტებს ერთთვიანი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუსაჯა. საინტერესოა, რა პირობებში იხდიდნენ სასჯელს ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და რა განწყობით დატოვეს მათ დროებითი დაკავების იზოლატორი.

ტაშითა და ემოციური შეძახილებით დახვდნენ ერთთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ დაჩი ცაგურიასა და მის მეგობრებს ნათესავები, თანამოაზრეები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, რომელთა შორის ყველაზე მრავლად „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრები იყვნენ წარმოდგენილნი. ზურაბ აბაშიძე თავად მონაწილეობდა 15 ივნისის აქციაში და, დარბევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებაც მიიღო.

„სასჯელი მოიხადეს მხოლოდ იმისათვის, რომ მშივდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, „ჩემი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ ვადასტურებ სოლიდარობას ამ ახალგაზრდების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ამ ძალადობას არ შევუშინდებით და გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას.“

მსგავსი შინაარსის განცხადება პატიმრობიდან გათავისუფლებულმა აქტივისტებმაც გააკეთეს. პოლიციის სამმართველოსთან სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ პოლიციამ მომიტინგეეები ყოველგვარი საბაბის გარეშე დაარბია და დააპატიმრა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს შიგანაგ საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ ჯერ კიდევ 15 ივნისს განაცხადა, რომ მოპიკეტეებმა პოლიციას ხელი შეუშალეს ძებნილთა დაკავებაში:

„მოპიკეტეთა შორის სამართალდამცავებმა ამოიცნეს სამი ეჭვმიტანილი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმის გამო იძებნებოდნენ და იყვნენ მიმალვაში. სამწუხაროდ, ახალგაზრდებმა არ მისცეს პოლიციის თანამშრომლებს ეჭვმიტანილთა დაკავების საშუალება და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტიცებით, ოპოზიციის აქტივისტებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება სწორედ ამ ფიზიკური წინააღდმეგობის გაწევის დროს მიიღეს, თუმცა დაჩი ცაგურია ამტკიცებს, რომ ძალადობა სამმართველოს შენობაშიც გაგრძელდა:

„აქ დაგვიჭირეს, შემდეგ შეგვიყვანეს შიგნით და პოლიციის შენობაში, კიბეებზე, მოგვიწყეს სირცხვილის დერეფანი. ყველანი გვირტყამდნენ... ეს იყო ერთგვარი ხელკეტების დერეფანი... შემდეგ ლიფტის კართან ძირს დაგვყარეს, ზემოდან გადაგვიარეს და სამშობლოს მოღალატეები, რუსეთის აგენტები გვიძახეს.“

დაჩი ცაგურია და ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობის სამ ათეულზე მეტი წევრი მოგვიანებით დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს პარლამენტის წევრებმაც მოინახულეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯმდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღშფოთება გამოთქვა იმ პირობების გამო, რომელშიც დაკავებულებს სასჯელის მოხდა უწევდათ. თავად პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა კი განაცხადეს, რომ ყოფითი პირობები, ანგარიშსწორების მიზნით, ხელოვნურად იყო დამძიმებული, რადგანაც, მათივე თქმით, შხაპის მიღებისა და წვერის გაპარსვის საშუალება მხოლოდ გათავისუფლების წინა დღეს მიეცათ, რაზეც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.

თუმცა, მძიმე ყოფითი პირობებისა და ერთთვიანი სასჯელის მოხდის მიუხედავად, ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას. მეტად გააქტიურების პირობას დებენ პატიმრობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდების თანამებრძოლებიც, რომლებსაც პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან გამოსული დაჩი ცაგურიასა და გიორგი საბანაძისათვის დაბადების დღის მილოცვაც არ დავიწყებიათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG