Accessibility links

logo-print

მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაშიც ეწინააღმდეგებიან


საქართველოს პარლამენტში სამ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. პოლიციის შესახებ, მანიფესტაციების შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანად გამზადებულ ცვლილებათა პაკეტს არასაპარლამენტო ოპოზიცია დღემდე აპროტესტებს. შენიშვნები 15 ივლისს პარლამენტის უმცირესობის გაფართოებულ სხდომაზეც გამოითქვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში განუკითხაობას, მაგრამ ხელს არ შეუშლის გამოხატვის თავისუფლებას.

ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი კანონი, დიქტატურის დაკანონება - ასეთი შეფასებები არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან სამ კანონში შესატანი ცვლილებების მიმართ გაისმოდა, რომელთა მიღების შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ხელისუფლება მათ ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს. პარლამენტი ამ ცვლილებების განხილვას განაგრძობს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი, აცხადებს, რომ ძალიან მალე საერთაშორისო ორგანიზაციები თავად შეაფასებენ ამ ცვლილებებს:

”ის, თუ როგორია ეს ცვლილებები, ამის შეფასების კომპეტენცია აქვს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას. გვქონდა მათთან კონსულტაცია, იმ ექსპერტებთანაც, რომლებიც მუშაობენ საელჩოებში ამ თემატიკაზე. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს პროექტი გადაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში და გუშინ მიესალმნენ მომხსენებლები, მათეას იორში და კასტრიოტ ისლამი, ამ განცხადებას.”

15 ივლისს პარლამენტის უმცირესობის გაფართოებულ სხდომაზე კი ქრისტიან-დემოკრატები პუნქტობრივად მიჰყვნენ განსახილველ ცვლილებებს როგორც პოლიციის შესახებ, ისე მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში. ბევრი შენიშვნა დაგროვდა.

ქრისტიან-დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მანიფესტაციების შესახებ კანონის მეცხრე მუხლის მეორე პუნქტი საერთოდ ამოიღეს კანონიდან:

”მეორე პუნქტში ეწერა, რომ ორგანიზატორებს ჰქონდათ გარანტირებული უფლება, რომ რა შენობის წინაც აქციას ატარებდნენ, იქ შესულიყვნენ. მთავარი ხომ ისაა მანიფესტაციის დროს, რომ ხელისუფლებას გადავცე ჩემი აზრი და მხოლოდ შენობის წინ ყვირილით არ შემოვიფარგლო. თუ შიგნით შესვლის ეს გარანტირებული უფლება მომისპეს, ნიშნავს, რომ შედეგს ვერ მივაღწევ.”

შემდეგი ცვლილება, შეტანილი მეთერთმეტე პრიმა მუხლში, კრძალავს გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვას, თუკი არ არის შესაბამისი ოდენობის ხალხი:

”აბსოლუტურ დისკრეციას ანიჭებენ თვითმმართველობას. მათ უნდა გადაწყვიტონ 1000 კაცი ან 2000 კაცი რუსთაველის გადაკეტვისთვის არის საკმარისი თუ არა.”

კანონში ასევე არის ჩანაწერი, რომ თვითმმართველობის ორგანოებს არათუ უფლება აქვთ, არამედ ვალდებულნი არიან გახსნან მოძრაობა.

კითხვები გაჩნდა პოლიციის შესახებ კანონის ირგვლივაც. ლევან ვეფხვაძე:

”საკმაოდ მწვავე კამათი გვქონდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა არის არალეტალური იარაღი. საჭიროა ამის დეფინიცია კანონში იდოს. არადა, ამ ცვლილებებით, იქ საუბარი არ არის ამაზე.”

კანონით, ასევე ორი წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა იმ პირს, რომელიც ავტომობილებით ჯგუფურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას - ოპოზიცია ამ შეზღუდვას კოლონებით სიარულს უკავშირებს. თუმცა ვეფხვაძე ამბობს, რომ ეს კურიოზული ცვლილებაა, რადგან ჯგუფურად მოძრაობენ, მაგალითად, ქორწილის ან დაკრძალვის დროს და გამოდის, რომ ამ ადამიანებს 2 წლით მართვის მოწმობა უნდა ჩამოართვან.

ქრისტიან-დემოკრატები ასევე აპროტესტებენ ადმინისტრაციული სასჯელის 30 დღიდან 90 დღემდე გაზრდას. მოტივი ის არის, რომ წინასწარი დაკავების საკნებში ელემენტარული პირობები არ არის შექმნილი. ამიტომ იყო, რომ ვეფხვაძემ პავლე კუბლაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ამ კანონპროექტთან ერთად წინასწარი დაკავების საკნების ფოტოების გაგზავნაც ურჩია.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა სადავო საკითხზე იმსჯელებენ და ყველა გასათვალისწინებელ შენიშვნას მიიღებენ. თუმცა უმრავლესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში უწესრიგობას:

”სამოქალაქო კოლონასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, იქნება ეს ქორწილთან დაკავშირებული კოლონა თუ პარტიული გადაადგილება, მაგალითად, არჩევნების დროს. აქ საუბარია იმაზე, რომ ძალით, გამიზნულად ხდება ქუჩების ბლოკირება მანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და ა.შ. ამის წინააღმდეგ კი სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. დემონსტრაციები კი არ უნდა ავურიოთ პარალიზებასა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური იმიჯის დაზიანებაში.”

ცისკარიშვილი ვერაფერს უარყოფითს ვერ ხედავს ადმინისტრაციული სასჯელის ვადის გაზრდაში.

დავით ბაქრაძის განცხადებით , “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა” და “პოლიციის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსულტაციოდ ვენეციის კომისიას მიმართავენ, რათა ამ კანონების ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა უზრუნველყონ.
XS
SM
MD
LG