Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისმაილ მოლიძე - იურისტი


5 ივლისი, კვირა
რაც საქართველოში ჩამოვედი, მეორედ ვწერ დღიურს. პირველად 2007 წლის ივნისის და ივლისის თვეებში დავწერე, როცა პარლამენტში რეპატრიაციის კანონზე მიდიოდა კამათი ოპოზიციასა და უმრავლესობას, და ოპოზიციასა და ჩემს შორის. ერთი თვის განმავლობაში ვწერდი დღიურს, ანუ ყველაფერს: სად და ვის შევხვდი რეპატრიაციის კანონთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს დეპუტატი, ჟურნალისტი თუ უცხოელი. თან ვიცოდი, რომ ამავდროულად ჩვენი ხალხის ისტორიის ნაწილს ვწერდი, რომელშიც გარკვეულ როლს მეც ვასრულებდი.
ეს დღეები ერთი მხრივ მძიმე იყო ჩემთვის და ამავდროულად სასიხარულოც. მძიმე იმიტომ, რომ ტელევიზიით თუ პრესით ჩემი და ჩემი ხალხის მიმართ, გარკვეული პირებისაგან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ისმოდა, რომ არაფერი ვთქვა მორალურ თუ მატერიალურ ზარალზე (ღმერთმა მიუტევოს!). მიუხედავად ამისა, მიწევდა ყველგან წასვლა, ყველა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება - ტელევიზია, რადიო, პრესა, კონფერენციები...
თავისუფლების დღიურები - ისმაილ მოლიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:23 0:00
ქუჩაში თუ ჩემთან, საცხოვრებელ კორპუსში, ყველასთვის უნდა ამეხსნა, რომ ეს ხალხი არ არის საშიში საქართველოსთვის. პირიქით, ჩვენც ისეთივე შვილები ვართ ამ ქვეყნის, როგორც სხვა დანარჩენი მოსახლეობა. სასიხარულო იყო ეს ამბავი იმ მხრივ, რომ 63 წლის შემდეგ, პირველად, კანონიერად უნდა აღმდგარიყო ისტორიული სამართლიანობა საქართველოს პარლამენტში, რის საფუძველზეც ჩემი ხალხი - ანუ ე.წ. „თურქი მესხები“ - უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში.
რაც შეეხება ამ დღიურს, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის, მარინა ვაშაყმაძის თხოვნით ვწერ.
დღეს კვირაა, დასვენების დღეა. ჩვენს ოჯახში მიღებული წესით ბავშვებთან ერთად უნდა წავიდე „მაკდონალდსში“ ან ზოოპარკში ან სხვაგან, თუნდაც პარკში ატრაქციონზე. ეს ტრადიცია ჩემი ორი ქალიშვილის სადრიასა და თამარის დაწესებულია. მათი აზრით, კარგი სწავლისათვის ისინი კვირაში ერთხელ გართობას იმსახურებენ. დღეს ხმათა უმრავლესობით „მაკდონალდსში“ წასვლა გადაწყდა. სახლიდან 12 საათისთვის უნდა გავიდეთ, ამ დროს, როგორც ყოველთვის, ზარი შემოვიდა, მირეკავს აზერბაიჯანიდან ჩამოსული რეპატრიანტთა ერთი ჯგუფი, რომლებიც ახალციხეში მიდიან და აუცილებლად უნდათ ჩემი ნახვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ბავშვები დედასთან ერთად წავლენ, ვინაიდან მე ერთი დღით ქალაქიდან გასვლა მიწევს.

6 ივლისი, ორშაბათი
მე რომ მკითხო, კვირის დღეებიდან საუკეთესო დღე ორშაბათია. ვთვლი, რომ ორშაბათიდან იწყება ახალი კვირა, ახალი საქმეები და ახალი იდეების განხორციელება. მთელი კვირა წინ არის, ორშაბათს როგორც დაიწყებ, დანარჩენი დღეებიც ისე წავა.
როგორც ყოველთვის, ადრე ავდექი, რამდენიმეწუთიანი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მივუჯექი კომპიუტერს. ჩემმა მეუღლემ, ნატომ, მომართვა ფინჯანი თურქული ყავა, ჩვენს ოჯახში მარტო თურქულ ყავას ვსვამთ, სასიამოვნო არომატი აქვს. პირველ რიგში დავიწყე წერილის წერა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე იმ იმედით, რომ ჩემი წერილი პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება საქართველოში მცხოვრებ იმ რეპატრიანტ „თურქ მესხებს“, რომლებიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ მოქალაქეობას გაუგებარი მიზეზებით ვერ იღებენ. ეს წერილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩავაბარო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვინაიდან დღეს ორშაბათია და გასაკეთებელი ბევრი მაქვს. წერილი მზად არის და 11 საათზე სახლიდან გავდივარ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი ჩავაბარე და ოფისში ვბრუნდები. პირველი საათითვის შეხვედრა მაქვს ახალგაზრდა რეპატრიანტებთან მათი სწავლა-განათლების საკითხთან დაკავშირებით. ჩემგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ მემშვიდობებიან და მიდიან.
3 საათია. მე და ჩემს მეგობარს თახირ ნადირაძეს შეხვედრა გვაქვს დანიშნული აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ფარჰად მამედოვთან. ბატონი ფარჰადი კონსულია. შეხვედრის მიზანია, ვთხოვოთ ბატონ ფარჰადს, დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ „თურქ მესხებს“, რომლებიც ჯერჯერობით აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და სხვადასხვა სახის ცნობები სჭირდებათ, რომლებსაც ვერ იღებენ. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ ბატონი კონსული შეგვპირდა, რომ კანონის ფარგლებში მისცემენ ნებისმიერ ცნობას საქართველოში მცხოვრებ „თურქ მესხებს“, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

7 ივლისი, სამშაბათი
დღესაც ბევრი საქმე მაქვს. დღესაც წერილს ვამზადებ - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარის პეტრე ცისკარიშვილს სახელზე და ვთხოვ შეხვედრას რეპატრიაციის კანონსა და საქართველოში მცხოვრები ე.წ "თურქი მესხებს" მოქალაქეობის არქონაზე სალაპარაკოდ. მინდა პირადად შევახსენო ბატონ პეტრეს, როგორც ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟზე კარგად არ აისახება.
წერილი ჩავაბარე პარლამენტის კანცელარიაში და ველოდები პასუხს. ეს კვირა ისედაც გადატვირთულია საქმეებით. ზუსტად ამ კვირაში უნდა დაიწყოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვები რეპატრიაციის კანონის ვადის გაგრძელებაზე 3 ან 6 თვით. ამიტომ დღის განმავლობაში შეხვედრაზე უნდა შევუთანხმდე ყველა იმ კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომლებშიც განხილვა იქნება. ვრეკავ ყველასთან, მათ შორის საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელთან ბორის ვოდსთან. მას ვუთანხმებ ხუთშაბათს 12 საათზე შეხვედრას. მისი მხარდაჭერა ვადის გაგრძელების საკითხში და, საერთოდ, რეპატრიაციის კანონის საკითხში დღეს, როგორც არასდროს, ისე მჭირდება.
4 საათია. უნდა წავიდე გლდანი-ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, განყოფილების უფროს თამილა გურამიშვილთან. საქმე ეხება ჩემი მეგობრის, ტახირის არასრულწლოვან შვილებს. სამი წელია, ფერხდება ბავშვების გადასვლა მამის გვარზე. მიზეზად აზერბაიჯანიდან დაბადების მოწმობის ამონაწერის არქონას ასახელებენ. ამ დროს შემოვიდა სახეგაბრწყინებული ტახირი და მითხრა, რომ საჭირო ცნობა აზერბაიჯანის საელჩოში აიღო (ეს იმის შედეგია, რომ ორშაბათს აზერბაიჯანის კონსულს შევხვდით). ყველაზე მეტად გაუხარდა ქალბატონ თამილას. მას ძალიან უნდოდა დახმარებოდა ამ ოჯახს, მაგრამ ცნობის უქონლობის გამო ვერაფერს აკეთებდა - კანონს ვერ დაარღვევდა. ვინ, ვინ და ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ხალხის შვილებს, ძალიან კარგად გვესმის მისი.
შემოდის ლადო იაკობაშვილი - მთავარი კონსულტანტი - და გვამშვიდებს, დამთავრდა თქვენი სამწლიანი წვალება და ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩვენც დიდი იმედით ვბრუნდებით სახლში. უნდა მივუსწროთ 6 საათის ინფორმაციას, ობამასა და მედვედევის შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, წელს ზაფხულს როგორ გავატარებთ.

8 ივლისი, ოთხშაბათი
დღეს კიდევ ორი წერილი უნდა მოვამზადო, ერთი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის სახელზე, მეორე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის სახელზე. ამ წერილით ოფიციალურად ვითხოვ შეხვედრას რეპატრიაციის კანონზე სალაპარაკოდ, როგორც საქართველოს "თურქ მესხთა" საზოგადოება "ვათანის" თავმჯდომარე, ვინაიდან ამ ორმა კომიტეტმა ამ დღეებში საკომიტეტო სხდომაზე უნდა განიხილოს საკითხი რეპატრიაციის კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ჩემი მიზანია არა მარტო ვადის გაგრძელება, არამედ მოქმედი კანონის გამარტივება, რადგან ეს კანონი ძალიან ბიუროკრატიულია და მეტისმეტად ბევრ მოთხოვნას შეიცავს.
მოკლედ, როგორც ელენე თევდორაძემ 2007 წელს საპარლამენტო სესიაზე თქვა, "ეს კანონი დაბრუნების კი არა, არდაბრუნების კანონია". სრულიად ვეთანხმები მას. კანონი არ უპასუხებს ევროსაბჭოს სტანდარტებს, ამიტომაც დღეს 12 საათზე ვხვდები საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს ბორის ვოდსს. მანამდე წერილების ჩაბარება უნდა მოვასწრო პარლამენტში. ვნახოთ რა გამოვა, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
12 საათია. ევროსაბჭოს ოფისში ვარ. შეხვედრა, როგორც ყოველთვის, თბილ გარემოში დაიწყო. ეს ბატონ ბორისთან ჩემი მეორე შეხვედრაა. ვილაპარაკეთ რეპატრიაციის კანონზე, ვადის გაგრძელებაზე, "თურქ მესხებზე" და სხვა საკითხებზე. საუბარი ერთი საათს გაგრძელდა და რასაც ველოდი მისგან, იმაზე მეტი მხარდაჭერა მივიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შეხვედრით!
დღის მეორე ნახევარია. არასასიამოვნო ინფორმაციის გამო აღშფოთებული და ძალიან გაბრაზებული ვარ. მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილი მოსულა საქართველოს მთავრობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მის მოქალაქეებს არ უნდა მისცენ საქართველოს მოქალაქეობა და ეს წერილი იუსტიციის სამინისტროში დევს. ეს ძალიან ცუდია ჩვენი რეპატრიანტი ე.წ. "თურქი მესხებისათვის". მეც არ გამიკვირდა, ბოლო დროს მასობრივად უარს რომ აცხადებდნენ "თურქი მესხებისათვის" მოქალაქეობის მინიჭებაზე?! აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული! ვინ ვინ, და მე ხომ ძალიან კარგად ვიცი აზერბაიჯანის პოლიტიკა "თურქ მესხების" საკითხში. ამიტომ სხვა გზა არა გვაქვს - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელზე საპროტესტო წერილი უნდა გავგზავნოთ.

9 ივლისი, ხუთშაბათი
სახლიდან 11 საათისთვის გავედი. ოფისში ვზივარ და ვრეკავ პარლამენტში ჩემს მიერ გაგზავნილი წერილების საქმეზე. ნახევარი საათის შემდეგ აკაკი მინაშვილის სამდივნოდან თანხმობა მოდის ორშაბათის შეხვედრასთან დაკავშირებით. შემდგომ პეტრე ცისკარიშვილის სამდივნოდან მატყობინებენ, რომ ბატონი პეტრეც თანახმაა, ორშაბათს შემხვდეს. ასევე, დიდი იმედით ველოდები პასუხს პავლე კუბლაშვილისაგან. ამ ლოდინში მე და ჩემი მოადგილე ირაკლი პიპინაძე ვმსჯელობთ ჩვენი ორგანიზაციის ახალციხის ფილიალის ოფისის გაძლიერებაზე, რათა ფილიალი უფრო აქტიური იყოს რეგიონში ადაპტაციის და ინტეგრაციის საკითხებში.

10 ივლისი, პარასკევი
ყაზახეთიდან დამიკავშირდა ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას ყაზახეთში ჩემი ჩასვლის ამბავი აინტერესებდა. როცა ვუთხარი, დღიურს ვწერ და ჩემი სტუმრობა ერთი კვირით გადავდე-მეთქი, ეგონა, ვხუმრობდი და არ დამიჯერა. მიუხედავად ამისა, შემახსენა, ოჯახური ღვინის წამოღება არ დაგავიწყდესო. მართალია, ღვინო ჩვენთანაც არის, მაგრამ ქართული ოჯახური ღვინო გვინდაო - ხუთი ლიტრი თეთრი და ხუთი ლიტრი წითელი. მგონი, მას ის უფრო აინტერესებდა, ღვინო მიმაქვს თუ არა. რას ვიზამ, სხვა გამოსავალი არა მაქვს, უნდა წავიღო.
დღეს მთელი დღე მირეკავენ რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ყველას აინტერესებს რეპატრიაციის კანონის ვადის გაგრძელების ამბავი.

11 ივლისი, შაბათი
გარეთ მშვენიერი ამინდია. შაბათია და უნდა შევაჯამო ერთი კვირის საქმიანობა, უნდა გავააანალიზო და შევაფასო, რა გავაკეთე სწორად ან არასწორად. ან, საერთოდ, რა ვერ გავაკეთე. როგორც დავინახე, შეხვედრების გარდა, ამ კვირას პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან შესახვედრად დროს ვათანხმებდი. ოთხი წერილი დამიწერია: ერთი საქართველოს პრეზიდენტის, სამი - პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზე.
ვინაიდან შედეგზე ორიენტირებული კაცი ვარ, ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კვირიდან ჩემი საქმიანობის შედეგებს მოვიმკი.
XS
SM
MD
LG