Accessibility links

რუსეთში კიდევ ერთი უფლებადამცველი მოკლეს


ნატალია ესტემიროვა 2004 წელს გროზნოში

ნატალია ესტემიროვა 2004 წელს გროზნოში

დღეს ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში მოკლული იპოვეს ნატალია ესტემიროვა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უფლებადამცველი ჩრდილოეთ კავკასიაში. ესტემიროვა ორგანიზაცია “მემორიალის” წევრი იყო და ჩეჩნეთში მისი საქმიანობა არაერთი პრემიით აღუნიშნავთ, მათ შორის, 2007 წელს, ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიით.

ესტემიროვა, რომელიც 50 წლის იყო, დღეს მოიტაცეს გროზნოში. ის, “მემორიალის” თავმჯდომარე ოლეგ ორლოვის განცხადებით, გროზნოში ოთხმა მამაკაცმა აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო, თვითმხილველებმა გაიგეს ქალის ყვირილი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგუშეთში იპოვეს ესტემიროვას გვამი.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ესტემიროვას თავის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ნაზრანთან იპოვეს და, პრესმდივნის განცხადებით, “ცხადია”, რომ ესტემიროვა მკვლელობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ უფლებადამცველს ბევრჯერ დამუქრებიან.

ესტემიროვა ცდილობდა ინფორმაციის გავრცელებას ჩეჩნეთში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ, ეხმარებოდა ჩეჩნეთის ომების შედეგად დაზარალებულებს.
XS
SM
MD
LG