Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფას საქართველოს ორი მოქალაქე შეეწირა


ავიაკომპანია „კასპიენ ერლაინის“ კუთვნილი თვითმფრინავის, ტუ 154-ის, კატასტროფის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა, იტყობინებიან ირანული ტელეკომპანიები. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს თეირანიდან ერევნის მიმართულებით ასრულებდა, ჩრდილოეთ ირანში, ქალაქ კავზინთან, აფრენიდან 16 წუთში, დღეს, თეირანის დროით დაახლოებით 12 საათზე, ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

ავიაკატასტროფა ირანში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00


თვითმფრინავის ბორტზე, ძირითადად, სომხეთისა და ირანის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მგზავრთა შორის იყო საქართველოს 2 მოქალაქე: ირანის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ნიკო ნახუცრიშვილის მეუღლე ნათელა ნიკონოვა და სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი გივი ჭკადუა. როგორც სომხეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა გვარამაძემ გვითხრა, გარდაცვლილი ირანში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი თეირანში ორკვირიანი მივლინებით იმყოფებოდა:

„ირანსაც ფარავდა ჩვენი ფინანსური მენეჯერი. იქ უკვე ინიშნებოდა ახალი მენეჯერი და გივი ჭკადუასთვის ბოლო საქმიანი ჩასვლა უნდა ყოფილიყო თეირანში.“

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ გოჩა გვარამაძის თქმით, თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, თეირანიდან დღეს, 15 ივლისს, ერთი საათის დაგვიანებით გამოფრინდა. ამის მიზეზი, მისი განმარტებით, იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც თითქოს შეაკეთეს. გვარამაძისვე განმარტებით, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში გამოკრულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფთა სიები. ბორტის დაღუპულ მგზავრებს შორის 2 ბავშვი და ირანის ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც არიან. ისინი ერევანში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ. სომხეთის მთავრობამ უკვე შექმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ადგილზე ჩაერთვება ავარიის მიზეზების შესწავლის პროცესში. ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულთა ახლობლების სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ბრიგადა მუშაობს.

ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სპეციალური სამსახურები. როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუბენ მორგოშიამ გვითხრა, ჯერჯერობით უცნობია ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები:

„ახალს ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რაც იყო და რაც მოხდა და რაც ყველამ იცის. ახლა იქ სპეციალური სამსახურები მუშაობენ, ჯერ ჩვენ ვერ შევდივართ ადგილზე და, ალბათ, დაამთავრებენ მუშაობას და მერე ვნახავთ, რაც ხდება. ანუ ახალი არაფერი ინფორმაცია არ არის, გარდა იმისა, რაც შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამსახურიდან. ჩვენ ყოველ წუთში მათთან კავშირზე ვართ. ახალი არაფერი არ არის.“

რუსულ-ირანული ერთობლივი ავიაკომპანიის - „კასპიენ ერლაინის“ - კუთვნილმა თვითმფრინავმა ტუ-154-მა, რომელიც თეირან-ერევნის რეისს ახორციელებდა, კატასტროფა 15 ივლისს დაახლოებით 12 საათზე განიცადა. აფრენიდან 16 წუთში ლაინერის ძრავაში ხანძარი გაჩნდა. პილოტები თვითმფრინავის დაშვებას შეეცადნენ, მაგრამ ხომალდს ჰაერშივე მოედო ცეცხლი და ჩამოვარდა. ირანის სახანძრო სამსახურის თანამშრომელთა განმარტებების თანახმად, თვითმფრინავის აფეთქების ადგილზე დაახლოებით 10 მეტრი სიღრმის ორმო წარმოიქმნა, თვითმფრინავის ნამსხვრევები კი 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაიშალა.
XS
SM
MD
LG