Accessibility links

ეგვპტეში „მიუმხრობელთა მოძრაობის” სამიტი იმართება, სადაც მსოფლიო ლიდერები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ. ამ მოძრაობას ხუთ ათწლეულზე დიდი ხნის ისტორია აქვს - ის ცივი ომის დროს დაფუძნდა როგორც იმ ქვეყნების ფორუმი, რომლებიც არც საბჭოთა და არც დასავლეთის გავლენის სფეროს არ ემხრობოდნენ. შესაბამისად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამ მოძრაობას, დიდწილად, წაერთვა თავისი როლი.

„მიუმხრობელთა“ რიგით მეთხუთმეტე სამიტი ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს სიტყვით გაიხსნა.

ორდღიან სამიტზე 118 განვითარებადი ქვეყანაა წარმოდგენილი, მათგან 55 - სახელმწიფოთა მეთაურების მიერ.

კასტრო გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ახალი საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური სტრუქტურა, რომელშიც ყველა ქვეყანა რეალურად მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა თავად ის ფაქტი, რომ სამიტი ყოფილი საბჭოეთის მოკავშირე ქვეყნის - კუბის - პრეზიდენტმა გახსნა, მოწმობს, რომ „მიუმხრობელთა მოძრაობის“ განაცხადი, თითქოს ის ძლიერი სახელმწიფოების კონკურენციის მიღმა მოქმედებს, ყოველთვის არ ყოფილა ზუსტი.

დღეს „მიუმხრობელთა მოძრაობა“ თავისი ახალი როლის თუ ფუნქციის განსაზღვრას ცდილობს. ორ ბანაკად გაყოფილი მსოფლიო, რომელიც ამ მოძრაობას მნიშვნელობას აძლევდა, წარსულს ჩაბარდა, დიდი რვიანის თუ დიდი ოცეულის მსგავსი ჯგუფები კი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების თანამშრომლობის ფორუმებად არის ქცეული.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ”მიუმხრობელთა მოძრაობა” საკმაოდ მასშტაბურად რჩება - ის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. შარმ-ელ-შეიხის სამიტზე კი მოძრაობა ახალი მიზნების დასახვასაც ცდილობს.

სამიტზე მთავარი საკითხი ეკონომიკის გლობალური კრიზისია, რომელიც, ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრ სიმბარაშე მუმბენგეგვის თქმით, მხოლოდ ”განვითარებული ქვეყნების მოსაგვარებელი არ უნდა იყოს.”

სწორედ ეკონომიკურ კრიზისს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი სამიტის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში:

”განვითარებისთვისა და სოციალური სამართლისთვის „მიუმხრობელთა მოძრაობის“ მრავალწლიანი მუშაობა ეხმიანება დღევანდელ ვითარებას, როდესაც მსოფლიო მწვავე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის წინაშეა. ამის გავლენა ყველა ქვეყანაში იგრძნობა, თუმცა ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა განსაკუთრებით დაზარალდა. მათ შორის არის „მიუმხრობელთა მოძრაობაში“ შემავალ ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით ადამიანი - განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლახან კონფლიქტი გადაიტანა.”

ამასთან, ბან კი-მუნმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვაჭრობის სფეროში პროტექციონიზმის ტენდენციები ძლიერდება.

სამიტზე არ ელიან ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს. ვრცელდება ცნობები, რომ წელს მას მოსაწვევი არ გაუგზავნეს. აჰმადინეჟადის ნაცვლად, სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაქი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტემ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თვლის - ირანი ეგვიპტელ დისიდენტებს უჭერს მხარს. ამასთან, კაიროს უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ ირანი ღაზაში იარაღის შეტანას ეგვიპტური კორდონის გავლით ცდილობს.

სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, მანმოჰან სინხის, და მისი პაკისტანელი კოლეგის, იუსუფ რაზა გილანის, შეხვედრა იქნება. პრემიერ-მინისტრები თავიანთი ქვეყნების დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელებენ. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გასულ წელს ბომბეიში მომხდარი თავდასხმების შემდეგ დაიძაბა. ინდოეთი აცხადებს, რომ პაკისტანელთა ჯგუფები მონაწილეობდნენ თავდასხმებში, რომელთაც 170-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG