Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეძებ სიტყვას!


ია ანთაძე
ია ანთაძე
გუშინ საინტერესო დღე მქონდა. დილით განსაკუთრებული დისერტაციის დაცვას დავესწარი, შემდეგ კი ერთი საათი ლელა იაკობიშვილთან საუბარში გავატარე. პატარა კაფეში ვისხედით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან და ცივ წყალს ვსვამდით. მე ბლოგის შესახებ ვუამბე, ლელამ კი ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება გამიზიარა. მისი აზრით, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ვარდების რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე მოიძებნა ზუსტი სიტყვა-მესიჯი: „კორუფცია“, რომლის გარშემო ლამის მთელი საქართველო ბუნებრივად შემოიკრიბა. ლელა ფიქრობს, რომ ამჟამინდელ საპროტესტო მოძრაობას ჯერ არ უპოვნია (იქნებ, არც უძებნია) სიტყვა, რომელიც ზუსტად ასახავდა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის თუ საზოგადოების მთავარ პრეტენზიას.

გუშინ მთელი დღე ამ სიტყვებზე ვფიქრობდი – ძველზეც და ახალზეც. „კურუფცია“ მართლაც იდეალური მესიჯი აღმოჩნდა შევარდნაძის წინააღმდეგ გასაერთიანებლად. ეს სიტყვა გასაგები იყო ყველასთვის და, იმავდროულად, პირდაპირ ან ირიბად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხებოდა. თავდაპირველად, ხელისუფლების შიგნით შეიქმნა ანტიკორუფციული ჯგუფები და კომისიები; მოგვიანებით, მთავრობის სხდომაზე აფრიალდა კორუმპირებული მინისტრების სახლების ფოტოები. სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად ედუარდ შევარდნაძემაც მრავალჯერ აღიარა ქვეყანაში კორუფციის არსებობა და ხელისუფლების ეს სენი „კიბოდ“ მონათლა. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე აწყობილ საპროტესტო მოძრაობას ნიადაგი უკვე სრულად შემზადებული დახვდა.

გუშინ თვალნათლივ დავინახე, რომ ამჟამინდელ საპროტესტო მოძრაობას მართლაც ჯერ არ უპოვნია ის სიტყვა, რომელიც მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოხატავდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილების შინაარსს და ხალხს თავის ირგვლივ შემოიკრებდა. პოლიტიკოსი არ ვარ და ამ სიტყვის პოვნა იმისთვის არ მჭირდება, რომ მას საპროტესტო მოძრაობა მოვარგო. მაგრამ ვგრძნობ, თავად იდეა შესანიშნავია: თუ აქტიური მოქალაქე ხარ და მმართველობითი სისტემა არ მოგწონს; თუ მიგაჩნია, რომ ქვეყანა არ ვითარდება, ან სათანადოდ არ ვითარდება; თუ პრეზიდენტის და მისი გარემოცვის იმედი აღარ გაქვს – იმდენი კი უნდა შეგეძლოს, რომ შენი პრეტენზია მათ მიმართ ერთი – ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე შინაარსიანი – ცნებით გამოხატო.

მოგვიანებით, როდესაც მანქანით ბათუმის გზას დავადექით, ჩემს თანამგზავრებს ლელას დაკვირვების შესახებ ვუამბე. მინდოდა, მათი დახმარებით მომეძებნა სიტყვა, რომელზე ფიქრმაც არა და არ მომასვენა. ნანი ბენდელიანმა, რომელიც ჩემი კოლეგა და მეგობარია, მცირედი ფიქრის შემდეგ თქვა, რომ სიტყვები, რომლებიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს მის პირად წუხილს არსებული ვითარების გამო, არის „ადამიანის უფლებები“. ბეჟო და მე დავეთანხმეთ, რომ ეს კარგი მიგნებაა. მაგრამ იქვე გაგვიჩნდა აზრი, რომ ადამიანის უფლებები, შესაძლოა, მეტისმეტად ბუნდოვანი ცნება იყოს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სოფლად ცხოვრობს. მართალია, ეს ორი სიტყვა ყურს აღარავის ჭრის, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის – გნებავთ, ქალაქად და, გნებავთ, სოფლად – როდის და როგორ არღვევს პირადად მის უფლებებს ხელისუფლება. მცირე განსჯის შემდეგ „ადამიანის უფლებები“ დავიწუნეთ.

როდესაც ბეჟოს ჯერი დადგა (ბეჟან თურმანიძე ჩემი დისშვილია), მან თქვა, რომ, შესაძლოა, ყველაზე მძაფრი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ გამოხატოს სიტყვამ „უმუშევრობა“. თავიდან ნანის და მე ეს სიტყვა მოგვეწონა, რადგან მას, „ადამიანის უფლებებისგან“ განსხვავებით, სრულიად მკაფიო შინაარსი აქვს. თანაც, დღევანდელ საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელსაც უმუშევრობის პრობლემა მეტად ან ნაკლებად არ შეჰხებია. მაგრამ რამდენიმე წუთში „უმუშევრობაც“ დავიწუნეთ, რადგან თავად სიტყვა კი ასახავს მტკივნეულ პრობლემას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემა ყველაზე არსებითია დღევანდელ ქართულ რეალობაში.

ჩემი სიტყვა წინა ორზე უარესი გამოდგა: „განუკითხაობა“. იმას ვგულისხმობდი, რომ ხელისუფლებას სრულებით ვერ აკონტროლებს ხალხი, რომელიც, წესით და რიგით, მისი ძალაუფლების ერთადერთი წყაროა. ამიტომაც ხელისუფლება ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ; არავის არაფერს ეკითხება არც მანამ, სანამ საქმე გაფუჭდება და არც იმის შემდეგ... მაგრამ როდესაც სიტყვას ამდენი განმარტება სჭირდება – ამას ვგულისხმობდი და იმას ვგულისხმობდიო – საყოველთაო საყვედურის გამოსახატად ის არ გამოდგება.

ამის შემდეგ მეორე სიტყვა მოვიფიქრე: „დაუცველობა“. თითქოს, ეს სიტყვა ყველაფერს აერთიანებს – ადამიანის დარღვეულ უფლებებსაც, უმუშევრობასაც, ხელისუფლების განუკითხაობასაც... წესით, ეს სიტყვა გასაგები უნდა ყოფილიყო თითოეული ადამიანისთვის, ვინც თავს დაუცველად გრძნობს საქართველოში. მაგრამ, საბოლოოდ, ამ სიტყვაზეც უარი ვთქვი, – თუნდაც, ჩვენს ბლოგზე ბევრი კომენტატორია, რომელიც არასოდეს დასთანხმდება, რომ ამ სიტყვით გამოვხატოთ ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი უარყოფითი შედეგი.

საქმე მარტო ის კი არ არის, ვინ დაგვთანხმდება და ვინ – არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, შესაძლოა, მართლაც არ გრძნობდეს თავს დაუცველად. არ იქნება სწორი, ადამიანს თავს ძალით მოვახვიოთ აზრი, გინდა თუ არა, დაუცველი ხარო. სხვა რომ არაფერი, არ დაიჯერებს.

შესაძლოა, იკითხოთ, – კი მაგრამ, რა საჭიროა მაგ უპოვნელი სიტყვის ძებნაო? რაკი ბოლო კვირების განმავლობაში სულ იმაზე ვწერთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი დღევანდელი ჩიხური ვითარებიდან – როდესაც ხელისუფლებას არც სტაბილურობის ძალით შენარჩუნება შეუძლია და არც ძალაუფლების თუნდაც ნაწილის ნებაყოფლობით დათმობა – მნიშვნელოვანი მგონია, საზოგადოებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, რა არის ხელისუფლების მიმართ ყველაზე არსებითი პრეტენზიის შინაარსი. ეს თავად საზოგადოებასაც დაეხმარება და, შესაძლოა, ხელისუფლებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. თუ „სიტყვას“ სწორად მოვძებნით, ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაირკვევა, რა სფეროში უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების მხრიდან დათმობა.

ძვირფასო ბლოგერებო, მომეხმარეთ იმ სიტყვის პოვნაში, რომელიც ხელისუფლების მთავარ ნაკლს ასახავს. ეს პროცესი, ალბათ, საინტერესო იქნება ხელისუფლების მომხრეებისთვისაც და მოწინააღმდეგეებისთვისაც. ვეძებოთ სიტყვა და თუკი ვიპოვნით, დანამდვილებით მგონია, რომ ის თავად მიგვანიშნებს სამომავლო ნაბიჯებზე. როგორც ყოველთვის, თქვენი იმედი მაქვს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG