Accessibility links

logo-print

გორში ერთთვიანი მდუმარე საპროტესტო აქციები შეწყდა


მდუმარე აქცია გორში

მდუმარე აქცია გორში

ზუსტად ერთი თვის განმავლობაში გორის თეატრის სკვერში ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები, პატიმრობიდან ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ყოველდღიურად მდუმარე აქციას მართავდნენ. რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივ ლიდერთა შეფასებით, აქცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მისი შეწყვეტისა და სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლებამდე საპროტესტო აქციები სხვა - უფრო რადიკალური - ფორმებით გაგრძელდება. ზაალ გუდაძის ძმა, კოტე გუდაძე, არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავს.

ერთი თვის წინ გორის პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე საბრძოლო მასალის გადატანის, ოპოზიციის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გუდაძისა და ტლაშაძისთვის წარდგენილი ბრალდება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, გორში პერმანენტული აქციები დაიწყო. რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლექსო ვალიაური ამბობს, რომ მდუმარე აქციების შეწყვეტა უკან დახევას არ ნიშნავს. პარტიის ცენტრალურ ოფისთან კონსულტაციის შემდეგ, საპროტესტო აქციები პატიმართა გათავისუფლებამდე სხვა ფორმით გაგრძელდება.

15 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოში თამაზ ტლაშაძის ახალი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, მაგრამ, მოწმეების გამოუცხადებლობის გამო, 22 ივლისისთვის გადაიდო. ოპოზიცია და საზოგადოება ახალი საპროტესტო აქციის გამართვას სწორედ ამ დროისთვის გეგმავენ.
XS
SM
MD
LG