Accessibility links

logo-print

საქართველოში პასპორტების მოდერნიზაცია იგეგმება


გიორგი ვაშაძე (ცენტრში)

გიორგი ვაშაძე (ცენტრში)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ამუშავებს პროექტს ბიომეტრული პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ახალი - მოდერნიზებული - პასპორტების გაცემა 2010 წლიდან დაიწყება. იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლით საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების მეტი საშუალება ექნებათ. რა არის ბიომეტრული პასპორტი და რატომ გადაწყვიტა სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ პასპორტების მოდერნიზაცია?

ბიომეტრულ, ანუ ელექტრონულ, პასპორტს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას:

„პიროვნების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ასევე ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდია ამ ჩიპში მოთავსებული. ამ პასპორტების გაცემა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, რადგან ჩვენი დოკუმენტი იღებს დაცვის უმაღლეს სტანდარტს და შეუძლებელი იქნება მისი გაყალბება.“

გიორგი ვაშაძის თქმით, პროექტი, რომელიც საქართველოში ბიომეტრული პასპორტების შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება და ორი ეტაპისგან შედგება. პირველ, უკვე დასრულებულ, ეტაპზე, როგორც საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი მარტინ კლაუკე განმარტავს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო პასპორტების წარმოებისათვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა:

„ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის დელეგაციის მიერ, გამოყოფილი თანხა კი 1,1 მილიონ ევროს შეადგენს და იგი, ძირითადად, ისეთი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, როგორიცაა კომპიუტერები, სერვერები, თითის ანაბეჭდისა და ელექტრონული ხელმოწერის სკანერები. უდავოდ, მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე, რადგანაც ბიომეტრული პასპორტების გამოცემით საქართველო უფრო დაუახლოვდება ევროპას და სამგზავრო დოკუმენტების სფეროში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიც მოვა.“

მარტინ კლაუკეს თქმით, ბიომეტრული პასპორტების შემოღება ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. მარტინ ბაიერლენი, პროექტის ტექნიკური მხარის შემსრულებელი კომპანიის SAFE ID Solutions წარმომადგენელი, ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი:

„პირველი, ესაა მმართველი გუნდის მონდომება და სურვილი შემჭიდროებულ ვადებში განახორციელოს პროექტი; მეორე - ტექნოლოგიები, ანუ ნოუ ჰაუ; მესამე ფაქტორი კი ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირდება.“

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ამჟამად სამივე ფაქტორი თანხვედრილია და რომ ელექტრონული პასპორტების შემოღებას წინ არაფერი უდგას. თუმცა, ვიდრე საქართველოს მოქალაქე ამგვარ - ბიომეტრულ - პასპორტს მიიღებდეს, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე მოუწევს ზრუნვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“:

„ამ კანონით იქნება უზრუნველყოფილი პერსონალური მონაცემების დაცვა. ეს არის ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში სწორად იყოს აწყობილი პასპორტებისა და პირადი ინფორმაციის ფორმირების სისტემა“, განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიომეტრული პასპორტების გაცემა საქართველოში, სავარაუდოდ, 2010 წლიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ელექტრონული პასპორტის სავარაუდო ღირებულება, თუმცა, გიორგი ვაშაძის თქმით, ის ჩვეულებრივი პასპორტის საფასურზე მნიშვნელოვნად ძვირი იქნება. დღეისათვის ბიომეტრული პასპორტებით სარგებლობის პრაქტიკა დანერგილია მსოფლიოს 26 ქვეყანაში, 2010 წლისათვის კი მათი რიცხვის 45-მდე გაზრდას ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG