Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის “ტროიკა” სამხრეთ კავკასიას ესტუმრა


კარლ ბილდტი
კარლ ბილდტი
16 ივლისს ევროკავშირის “ტროიკამ”, რომელსაც შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხელმძღვანელობს, სამხრეთ კავკასიაში ოთხდღიანი ტურნე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ევროპელი სტუმრების ყურადღების ცენტრში იქნება საქართველო, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დელეგაცია სამ დღეს საქართველოში დაყოფს და მხოლოდ 6 საათით გაჩერდება სომხეთსა და აზერბაიჯანში.

უამრავი ოფიციალური შეხვედრის გარდა, ევროკავშირის “ტროიკის” წევრები საქართველოში აპირებენ მოინახულონ კონფლიქტური ზონების ქართული სოფლები, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთია მას შემდეგ, რაც რეგიონი დატოვეს ეუთოსა და გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა. თუმცა ევროკავშირის სამხედრო სადამკვირვებლო მისიის თაობაზე ბრიუსელში კამათი არ წყდება.

მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ევროკავშირის სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ადგილობრივი თანამშრომელი დაიღუპა, ბრიუსელში ბევრი შიშობს, რომ ევროკავშირის სამხედრო მისია შესაძლოა ჩათრეული აღმოჩნდეს შემდგომ ძალადობებში, რაც გაართულებს ბლოკის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას რუსეთთან.

მეორე მხრივ, ევროპის ბლოკს დანაღმული პოლიტიკური ველი ელოდება თბილისში, რადგან მოუწევს გამოძებნოს თანამშრომლობის გზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და გააფართოოს საკუთარი გავლენა გამოყოფილ პროვინციებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შესაძლებლობა ლიმიტირებულია, ბლოკი ცდილობს ჩაერთოს პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში, მონაწილეობა მიიღოს აღდგენით სამუშაოებში და ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. ამ მიზნის მიღწევა კი გადაუდებლად გულისხმობს რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებთან კონტაქტების დამყარებას.

როგორც ვარაუდობენ, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება მოახდინოს ზეწოლა კარლ ბილდტსა და „ტროიკის“ დელეგაციის სხვა წევრებზე, რათა მათ მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები სეპარატისტულ ხელისუფლებებთან და პატივი სცენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დებულებებს. ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის აჰტო ლობიაკასის თქმით, კერძო საუბრებში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს მასში შემავალი სრულიად ზედმეტი აკრძალვების გამო.

დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები პიტერ სემნები და პიერ მორელი ამზადებენ ერთობლივ ანგარიშს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის “პარამეტრებზე.” ანგარიში დაეყრდნობა ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და შესაძლებლად იქნება მიჩნეული მხოლოდ შეზღუდული ოფიციალური კონტაქტები ჰუმანიტარულ და აღდგენით საკითხებში. პრიორიტეტული იქნება ასევე კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პიტერ სემნებიმ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები შესაძლებელი იქნება მხოლოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე. იკრძალება ნებისმიერი კონტაქტი რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში.

ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის აჰტო ლობიაკასის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის “ტროიკის“ სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე იქნება “შიდა დიალოგის” ხელშეწყობა, კერძოდ, დიალოგისა საქართველოს მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. ოპოზიციას განსაკუთრებით აშფოთებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სამპუნქტიანი ცვლილებათა პროექტი დემონსტრაციებისა და მიტინგების შესახებ კანონში, რასაც ევროპელ დიპლომატებთან ამასწინანდელი შეხვედრის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა “დიქტატურისაკენ უკან გადადგმული სამი ნაბიჯი “ უწოდეს.

პიტერ სემნებიმ გასულ თვეში ევროკავშირის დიპლომატებთან შეხვედრაზე ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ დაბალი რჩება. თუმცა მოგვიანებით სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების საშუამავლო ძალისხმევის შემდეგ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, როგორც ეტყობა, “უკეთ აღიქვამენ რეალობას.” კონფრონტაციის მიუხედავად, დახურულ კარს მიღმა დიალოგი გრძელდება და, მართალია, უშედეგოდ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ასევე შეეცადა მინისტრის მოადგილის პოსტით გადაებირებინა ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი.

და რაც მთავარია, ევროკავშირის “ტროიკის” ვიზიტისას, სააკაშვილის ადმინისტრაცია დაინახავს, რომ შვეციის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა ევროკავშირში ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა ფართოდ არის გაღებული. ესპანეთისა და ბელგიისაგან განსხვავებით, რომლებიც ევროკავშირს შემდგომი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ, შვეცია საქართველოს მიმართ სიმპათიურად განწყობილი პარტნიორია. შესაბამისად, ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ ოქტომბერში ხელს მოაწერენ ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას; ცოტა მოგვიანებით კი, დეკემბერში, ევროკავშირ-საქართველოს დაახლოებისა და ვაჭრობის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG