Accessibility links

საჭიროა თუ არა საქართველოში მულტისავალუტო რეჟიმი?


სავალუტო ჯიხური

სავალუტო ჯიხური

ორიოდე თვის წინ საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტში მულტისავალუტო რეჟიმის იდეაზე მუშაობდნენ. არადა, ეკონომიკისა და ფინანსების ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და ქვეყნის ცხოვრება დოლარიზებულია. ისინი ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას არსებული რეალობა აღიაროს და მიმოქცევაში ლართან ერთად ოფიციალურად სხვა ვალუტაც დაუშვას. ექსპერტების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ გააუარესებს ქვეყანაში არსებულ ფინანსურ წესრიგს.

საქართველოს მთავრობის სხდომა
მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ახალი ფინანსური პაკეტი მოამზადა და საბანკო სექტორს, უცხოური ფინანსების მოზიდვის მიზნით, „სავალუტო სვოპის“ მექანიზმი შესთავაზა. მისი მეშვეობით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს კრედიტების გაცემისას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებს. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამით მთავრობამაც აღიარა, რომ ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ დაბალია, თუმცა კი უარს აცხადებს მულტისავალუტო სისტემაზე. აი, რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები ოფიციალურ მიმოქცევაში ლართან ერთად სხვადასხვა ვალუტის არსებობის თაობაზე:

„რატომაც არა. კი, უფრო მოსახერხებელი იქნება, იმიტომ რომ სავალუტო ჯიხურებში სირბილი აღარ მოგიწევს.“

„ხალხმა რომ რაღაც გაიტანოს საზღვარგარეთ, დოლარი სჭირდება. მას შეუძლია გადაცვალოს, მაგრამ, რომ არ იწვალოს, ჯობია დოლარი ჰქონდეს ხელზე.“

ჩვენ დოლარიზაცია უკვე განხორციელებული გვაქვს საქართველოში, რადგან მოქალაქეები აზროვნებენ დოლარზე და ევროზე
„ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ჩვენი საქართველოს ვალუტა.“

„ევროც შეიძლება და დოლარიც. ეგრე არის ფაქტიურად და იყოს, რა უშლის ხელს.“

დაახლოებით მსგავსი სურათი იქმნება საბანკო სტატისტიკის მიხედვით: საქართველოს მოქალაქეთა საბანკო ანაბრების დაახლოებით 95 პროცენტი უცხოურ ვალუტას წარმოადგენს; საბანკო დანაზოგების გარდა, დოლარში ან ევროშია ფიქსირებული ძვირად ღირებული საქონლის ფასი. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი - მათ შორისაა „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ წარმომადგენელი ნონა ყარალაშვილი - ხელისუფლებას არსებული რეალობის ოფიციალურად აღიარებისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ დოლარიზაცია უკვე განხორციელებული გვაქვს საქართველოში, რადგან მოქალაქეები აზროვნებენ დოლარზე და ევროზე. ანუ დაგვრჩა მხოლოდ ვაღიაროთ, რომ ეს ასეა და მოვახდინოთ ამის ლეგალიზება, ხალხს მივცეთ უფლება თავად აირჩიონ ვალუტა.“

ლადო პაპავა
ამ მოსაზრებას ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ლადო პაპავა. მისი აზრით, მულტისავალუტო სისტემის დროს ქვეყანა სავალუტო სპეკულაციის არენად იქცევა:

„ეს არის გაუნათლებელი ხალხის მცდელობა ეკონომიკაში რაღაც თქვან.“

ლადო პაპავას ოპონენტები იმ ქვეყნების მაგალითებს იშველიებენ, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ ვალუტაზე ან მულტისავალუტო რეჟიმი აამოქმედეს. მათ შორისაა როგორც ევროკავშირის, ასევე აფრიკის კონტინენტის ბევრი ქვეყანა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარტნერი, რომლის ორგანიზაციაც საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დოლარის კრედიტებს გამოყოფს, მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით საქართველოში არ არის ისეთი ვითარება, რომ, მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობდეს:

”ქვეყნებმა, რომლებმაც თავიანთ ეროვნულ ვალუტაზე უარი თქვეს, ეს ხშირად სტრესულ ვითარებაში გააკეთეს - ვითარებაში, როდესაც ვალუტა სრულიად გაუფასურებული იყო და სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა. იმედი მაქვს, საქართველოში არ გვაქვს ასეთი სიტუაცია.”

ნონა ყარალაშვილი
სხვაგვარად ფიქრობენ მულტისავალუტო რეჟიმის მომხრეები. მათი აზრით, თავად ის ფაქტი, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭიროა ასეულობით მილიონი დოლარი, შექმნილ რთულ ვითარებაზე მეტყველებს. ეკონომიკის ექსპერტი ნონა ყარალაშვილი იმ დადებით ეფექტზე საუბრობს, რომელიც თან სდევს მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლას:

„ფასების ავტომატური სტაბილურობა, შემცირებული საპროცენტო განაკვეთები, იმიტომ რომ რისკები მცირდება და, ცხადია, ბანკები საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებენ. ინვესტორების ნდობა გაიზრდება, სავალუტო რისკების დაზღვევისათვის რეზერვები საჭირო აღარ იქნება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის კრედიტების მოცულობას.“

ნონა ყარალაშვილს ასეთი დადებითი შედეგების ვარაუდის საფუძველს სხვა ქვეყნების - მაგალითად, პანამისა თუ ლუქსემბურგის - გამოცდილება აძლევს.
XS
SM
MD
LG