Accessibility links

logo-print

რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაუმჯობესდეს, რაც საქართველოს ოკუპაცია დასრულდება


ლუბოშ დობროვსკი

ლუბოშ დობროვსკი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავტორიტეტიანმა პოლიტიკოსებმა ღია წერილი გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. პოლონეთის "გაზეტა ვიბორჩაში" გამოქვეყნებულ ამ წერილში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის, კერძოდ რუსეთისადმი არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ღია წერილის ერთ-ერთ ხელმომწერს, ჩეხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლუბოშ დობროვსკის, რომელიც 1996-დან 2000 წლამდე რუსეთში ჩეხეთის ელჩად მსახურობდა და, შესაბამისად, კარგად იცნობს ამ ქვეყნის პრობლემებსა თუ სპეციფიკას. დავით კაკაბაძემ ბატონ დობროვსკის ჯერ ის ჰკითხა, რატომ ჩათვალა მან საჭიროდ პრეზიდენტ ობამასთვის გასაგზავნ ღია წერილზე თავისი ხელმოწერის დასმა.

ლუბოშ დობროვსკი: იცით, მე უბრალოდ წავიკითხე ამ წერილის ტექსტი და სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რასაც ბატონ პრეზიდენტს ატყობინებენ. ამას გარდა, მე საკუთარი გამოცდილება მაქვს კრემლთან ურთიერთობაში - ანუ გამოცდილება რუსეთის რეჟიმების იმ წარმომადგენლებთან ურთიერთობაში, რომლებიც კრემლიდან 40ი წლის მანძილზე გვაიძულებდნენ, მინიმუმამდე დაგვეყვანა ჩვენი სამოქალაქო თავისუფლება და ჩვენს ოკუპაციას ახორციელებდნენ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დამთავრდა 20 წლის წინ. და როცა ახლა, კრემლის წარმომადგენელთა პირიდან მესმის ასეთი სიტყვები, რომ “რუსეთის რაკეტებს დაუმიზნებენ ჩეხეთის ტერიტორიას, ან პოლონეთის ტერიტორიას”, როცა ვხედავ, რომ რუსეთის არმიას ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ორი პროვინცია და იმავდროულად ვხედავ, რომ ბატონი პრეზიდენტი ობამა ჩვენი ამ გამოცდილების გაუთვალისწინებლად ცდილობს თავისი რუსი კოლეგების გარკვეულად დაიმედებას, რომ შესაძლოა უარი თქვას ანტისარაკეტო თავდაცვაზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია დასავლეთისადმი ჩვენი კუთნვილების სიმბოლურ ნიშნად, ნიშნად იმისა, რომ კრემლი ვეღარ აღადგენს თავის იმპერიალისტურ გავლენას ევროპის ამ ნაწილზე - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე - ამიტომ, რასაკვირველია დიდი სიხარულით მოვაწერე ხელი ამ წერილს.

რადიო "თავისუფლება": ბატონო დობროვსკი, ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით, ვაშინგტონმა მაინც შეარბილა პოზიცია რუსეთის მიმართ?

ლუბოშ დობროვსკი: იცით, პრობლემა ის არ არის, რომ შეარბილა. პრობლემა ის არის, რომ კრემლის რეჟიმის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს მათი გამარჯვებაა იმ ფასეულობებზე, რომლებზეც ჩვენ ჩვენს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს ვაშენებდით.

რადიო "თავისუფლება": როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ ასეთმა წერილმა გავლენა მოახდინოს ვაშინგტონის შემდგომ ნაბიჯებზე?

ლუბოშ დობროვსკი: არ ვიცი, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას. მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, წერილის სხვა ხელისმომწერებთან ერთად, პრეზიდენტ ობამასათვის გვეცნობებინა, რომ გვაქვს გარკვეული შეხედულებები, რომელთა მისთვის გაზიარება გვსურდა.

რადიო "თავისუფლება": თქვენთვის რომ ეთხოვათ გამოგეყოთ ერთი ან ორი პუნქტი ამ წერილიდან, რომელს უწოდებდით ყველაზე მთავრს?

ლუბოშ დობროვსკი: ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ პრეზიდენტმა ობამამ უნდა გააგრძელოს ურთიერთობების გაუმჯობესება იმ თვალსაზრისით, რომ მოითხოვოს თავისი რუსი კოლეგებისაგან გაცნობიერება ჩვენი, შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოთხოვნებისა, რომ მათ, რუსებმა, შეწყვიტონ ჩვენი დამუქრება თავიანთი რაკეტებით, მკაფიოდ უბრძანონ თავიანთ ჯარებს, დატოვონ საქართველოს სუვერენული ტერიტორია - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. და არის კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელიც უკვე შეეხება, მე ვიტყოდი, დემოკრატიული ფასეულობების განსაზღვრას. რადგან თვალს ვადევნებ რუსეთში პოლიტიკურ ცხოვრებას, ვთვლი, რომ ეს ფასეულობები რუსეთში საკმარისად არ მოიპოვება."

რადიო "თავისუფლება": როგორ ფიქრობთ, დასავლეთის რეაქცია უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, მოხერხდებოდა თუ არა შარშანდელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება?

ლუბოშ დობროვსკი: არა, არა, საქმე დასავლეთის რეაქციის სიმკაცრეში არ არის. ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რისი მოწმენიც ახლა ვართ. რუსეთის საოკუპაციო ძალები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან და დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის მომავალი გაუმჯობესება მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახდეს შესაძლებელი, რაც ეს ოკუპაცია დასრულდება.
XS
SM
MD
LG