Accessibility links

logo-print

ახალგაზრდა იურისტები დასჯილი პოლიციელების ვინაობის დასახელებას ითხოვენ


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს იმ პირთა ვინაობის გამჟღავნებას, რომლებსაც, სამინისტროს ცნობით, 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მიმართვის გაგზავნიდან უკვე ერთი თვე გავიდა, არასამთავრობო ორგანიზაციას სამინისტროდან პასუხი არ მიუღია, რაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად ითვლება. ხომ არ მალავს შინაგან საქმეთა სამინისტრო დასჯილ პოლიციელთა ვინაობას?

15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს შენობის შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა, რაც, მისი თქმით, კანონის დარღვევაა:

„თუმცა სამართალდამცავები მოქმედებდნენ თავშეკავებით და არ აპირებდნენ ფიზიკურ ჩარევას, თუ აქცია დარჩებოდა მშვიდობიან ფარგლებში“, განაცხადა ზღულაძემ და იქვე დაამატა, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციას ხელი შეუშალეს ძებნილების დაკავებაში, რამაც, საბოლო ჯამში, ძალადობის ესკალაცია გამოიწვია, თუმცა ერთი თვის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტს სხვანაირად იხსენებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა:

„ეს იყო დარბევა, უსასტიკესი დარბევა იმ „ზონდერ-ბრიგადების“ მხრიდან, რომლებსაც დღეს რატომღაც პოლიციელებს ეძახიან. გვაქვს უამრავი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო ჩაფიქრებული სასტიკი აქცია, რომელიც მიმართული იყო ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წინააღმდეგ.“

შეტაკების შედეგად, ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების გარდა, სხვადასხვა ხარისხის ფიზიკური დაზიანება ჟურნალისტებმაც მიიღეს. ინიციდენტიდან ერთი დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომუშავე ჟურნალისტებს, რადგან სამინისტრომ სრულად ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინცინდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რომლის შედეგადაც სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური - 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი დასჯილ პოლიციელთა ვინაობის, ჩინისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ. არადა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ინტერესი, იცოდეს, ვინ დაისაჯა 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევის გამო:

„ჩვენ, საზოგადოებას, ხომ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვინ იყვნენ, რა თანამდებობები ეკავათ... დაისაჯნენ უბრალო რიგითები თუ ის ადამიანები, რომლებმაც ბრძანება გასცეს. ასეთი ინფორმაციის გასაიდუმლოება, ჩემი აზრით, არის ყოვლად დაუშვებელი.“

თამარ ხიდაშელის თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დასჯილი პოლიციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 ივნისს მიმართა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად კი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა. თამარ ხიდაშელი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას:

„რამდენჯერმე ტელეფონით დავუკავშირდით შსს-ს, კერძოდ, კანცელარიას, და ვიკითხეთ, რატომ არ ხდებოდა ჩვენს განცხადებებზე რეაგირება. გვითხრეს, რომ ჩვენი განცხადებები ინახება ბატონ შოთა ხიზანიშვილთან, რომელიც, როგორც ჩანს, არ აპირებს ჩვენს განცხადებებზე რეაგირებას.“

საწინააღმდეგოს ამტკიცებს შოთა ხიზანიშვილი, შიგანან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლიციას არაფერი აქვს დასამალი:

„ყველა წერილის ასავალ-დასავალი არ ვიცი. წერილები არის ძალიან ბევრი. ეს წერილი გაგზავნილია თუ არა, ზუსტად არ მახსოვს. გავარკვევ... ყველა შემთხვევაში, თუ გაგზავნილი არაა, აუცილებლად გაიგზავნება. რა დასაკავებელი ინფორმაცია ეგ არის!“

თუმცა, ამგვარი განმარტების მიუხედავად,“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თადარიგს იჭერს და ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. ახალგაზრდა იურისტები ამჯერად ვანო მერაბიშვილისგან მოითხოვენ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას და იმ პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრას, რომლებმაც დაუდევრობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო საჯარო ინფორმაცია არ გასცეს. თამარ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა.
XS
SM
MD
LG