Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია სააკაშვილის იმედზე დარჩა


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სამ კანონში ცვლილებების შეტანას და აცხადებდა, რომ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ხოლო აღნიშნული კანონების გზა დიქტატურის გზაა, საქართველოს პარლამენტმა დამატებითი განხილვის წინადადება ჩააგდო. ოპოზიცია გეგმავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვოს არ მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ განახლებულ კანონებს.

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, მომდევნო კვირისთვის გადადებულიყო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დებატები, არ დაკმაყოფილდა. უმრავლესობამ 17 ივლისს განაცხადა, რომ ოპოზიციის მცდელობას, პროცედურულად დაბრკოლებულიყო საკითხის განხილვა, საფუძველი არ ჰქონდა. კანონპროექტების ერთ-ერთმა ავტორმა, პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტის სესიაზე თქვა, რომ მათ უკვე ყველა შენიშვნა მოისმინეს:

”ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა ეს საკითხი განხილული ყოფილიყო, მივედით და ვიმსჯელეთ და მცდელობა, რომ კიდევ გადავწიოთ და გავაჭიანუროთ ეს პროცესი, არასწორი იქნება.”

”ქრისტიან-დემოკრატებს”, რომლებმაც შენიშვნები 16 ივლისის სხდომაზეც წარმოადგინეს, იმედი ჰქონდათ, რომ განხილვა ორშაბათამდე მაინც, ანუ 20 ივლისამდე, გადაიდებოდა, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილს ელიან. გიორგი ახვლედიანი უმრავლესობას სწორედ ამისკენ მოუწოდებდა. ახვლედიანი ამბობდა, რომ საინტერესო იქნებოდა პრეზიდენტის პასუხები მათ მოსაზრებებზე, და უმრავლესობას მოუწოდებდა, არ აჩქარებულიყვნენ.

უარის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს. საპარლამენტო ოპოზიციის არგუმენტაცია ის არის, რომ მთელ რიგ საკითხებზე მათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები სჭირდებათ.

პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტები ცოტა ხნით ადრე სახალხო დამცველის აპარატსაც გადაუგზავნა შენიშვნებისთვის. სოზარ სუბარის პასუხში თითქმის იგივე შენიშვნებია, რაზეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთი ექსპერტი საუბრობს.

მაგალითად, მასში ვკითხულობთ, რომ, კანონპროექტის მიხედვით, არ არის განსაზღვრული, ზუსტად რა რაოდენობა არის საკმარისი ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას აქციის გასამართად, ბუნდოვანია ვინ შეაფასებს აქციის მონაწილეთა რაოდენობას. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც აქციის მონაწილეებს საშუალებას მისცემდა, კონკრეტულ მომენტში თავი დაეცვა ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითნებობისაგან და ა.შ.

პარლამენტს მეორე მოსმენის დროს ბევრი აღარ უმსჯელია. პავლე კუბლაშვილი მხოლოდ რამდენიმე დეტალზე შეჩერდა:

”დაზუსტდა, რომ არალეტალური იარაღი მოიცავს ასევე არალეტალური ჭურვების გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი არ ჩაითვლება არალეტალურად. ასევე დაზუსტდა, რომ შსს-მ ერთ თვეში უნდა მოამზადოს შესაბამისი ნორმატიული აქტები. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ ორგანიზებულად გზის გადაკეტვა შეზღუდვებში რჩება, ასევე ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი. ასეთ შემთხვევაშიც ჯარიმა არის ლოგიკური და ეს დაზუსტებაც შევიდა კანონში, ჩვენი ოპონენტების მოთხოვნის შესაბამისად.”

ძალაში დარჩა ადმინისტრაციული სასჯელის 90 დღემდე გაზრდის ინიციატივაც, თუმცა კი ამ კონკრეტულ ცვლილებას ბევრი ოპონენტი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანია ადვოკატი მანანა კობახიძეც:

” როდესაც ბრალდებულს ჩვენ სამი თვიდან ორ თვემდე ჩამოვუყვანეთ წინასწარი პატიმრობის ვადა და მივიჩნიეთ, რომ ეს სამი თვე იყო ძალიან მკაცრი სასჯელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად არაადეკვატური სასჯელი.”

ძალაში რჩება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის აკრძალვაც,თუ აქციაში საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მონაწილეობს. მანანა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ფონზე მეტისმეტად გაძნელდება ქვეყანაში მანიფესტაციების მოწყობა:

”ერთი ავსტრიული საქმე მინდა მოვიხმო, სადაც პირდაპირ მიუთითა ევროპის სასამართლომ, რომ მაშინაც კი, როდესაც დემონსტრაციამ შესაძლოა თავი მოაბეზროს ან შეაწუხოს საწინააღმდეგო აზრის მქონე საზოგადოების ნაწილი, დემონსტრაციის მონაწილეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ აქცია, ყოველგვარი შიშის გარეშე. ევროსასამართლო იქვე მიუთითებს იმ პოზიტიურ ვალდებულებაზე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, რომ დაიცვას დემონსტრანტები და არა თავად შეუქმნას ამ შიშის საფუძველი.”

”ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე გვეუბნება, რომ არც ერთი მათი უმთავრესი შენიშვნა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. ერთადერთი გზა, რაც საპარლამენტო ოპოზიციას რჩება, ისაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსთხოვოს არ მოაწეროს ხელი უკვე მიღებულ კანონს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG