Accessibility links

logo-print

საქართველოს ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობს


ევროკავშირის დელეგაცია პარასკევს ზუგდიდს ეწვია

ევროკავშირის დელეგაცია პარასკევს ზუგდიდს ეწვია

საქართველოში იმყოფება ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიან: ესპანეთის, ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩი სანტიაგო კამერო, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები, ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კარელ კოვანდა და სხვა პირები. ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეხვედრების თემაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, ასევე ევროკავშირის როლის გააქტიურება საქართველოში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. ევროპელ სტუმრებს 17 ივლისს ჰქონდათ ერთგვარი საველე ვიზიტი ოკუპირებული ზონების სიახლოვეს - იქ, სადაც ევროკავშირის მონიტორები მუშაობენ.

დელეგაცია საქართველოში რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა სწვეოდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში,ეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის საქართველოში გამომგზავრებამდე იყო ცნობილი. მართლაც, ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია 17 ივლისს ზუგდიდში ჩავიდა და ადგილზე შეისწავლა მდგომარეობაა საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული ზონის ( აფხაზეთის ) მახლობლად - იქ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა. იქვე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კალრ ბილდტმა:

”დღესდღეობით ვითარება იცვლება საპირისპირო მიმართულებით. ვგულისხმობ გაეროს მისიის გასვლას. დაიბლოკა ეუთოს მისიაც. საერთაშორისო დასწრება მცირდება. ევროკავშირის მისიას მანდატი აქვს მთელ საქართველოში, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან რთულია. ჩვენ მაინც განვაგრძობთ ამ საკითხის გატანას. დრო შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ მზად ვართ ასეთი მომენტისთვის. ევროკავშირის მისია ამჯერად სადამკვირვებლო მისიაა. ის ცდილობს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებასაც.”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი შემდგომი ერთი წლის ვადით უახლოეს პერიოდში უნდა გაუგრძელდეს. გადაწყვეტილებას ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭო მიიღებს. ევროკავშირში არის სრული კონსენსუსი საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი გაუგრძელდება, თუმცა ეეჭვება საკითხის გადაწყვეტისას სერიოზული ცვლილებები იქნეს შეტანილი მისიის მანდატში. ევროკავშირის მისიის მოქმედი მანდატი მთელ საქართველოს ფარავს, მაგრამ მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ. მანდატი მთელ საქართველოზე ვრცელდება, მაგრამ კახა გოგოლაშვილს არ ჰგონია, მანდატის გაგრძელებისას გადაწყდეს შესაბამის დოკუმენტში მონიტორების განთავსების ადგილების მითითება იმავე ოკუპირებულ ზონებში. რამდენადაც მონიტორებს პირობითი საზღვრის გაღმა მუშაობის საშუალება არ ეძლევათ, გოგოლაშვილი არც იმას ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება მონიტორების რაოდენობის გაზრდის თაობაზე, თუმცა, ექსპერტის აზრით, მოსალოდნელია მისიის ტექნიკური გაძლიერება დამატებითი აღჭურვილობით და ტექნიკით.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და, ამავე დროს, წმნიდა პრაქტიკული დატვირთვა აქვს. ევროკავშირის მისიის ყოფნა საქართველოში ადასტურებს ევროკავშირის დაინტერესებას რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით. რაც შეეხება პრაქტიკულ სარგებელს, როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, ” მონიტორები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ბევრად მეტი იქნებოდა ინციდენტები. რუსები ამ ინციდენტების გამო საქართველოს მხარეს დაადანაშაულებდნენ და შეიქმნებოდა სახიფათო სიტუაციები. რუსები დაიწყებდნენ ლაპარაკს არარსებულ ფაქტებზე და ამ ფაქტებს ვითარების ესკალაციისთვის გამოიყენებდნენ...”

საქართველოს ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ევროკავშირის მისია საქართველოში არის ერთგვარი სამშვიდობო ფარი, რომელიც საფუძველს აცლის რუსეთიდან აგორებულ მითებს იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რაიმე აგრესიული ქმედებებისთვის ემზადება.

ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციამ 17 ივლისს საკუთარი თვალით ნახა. ვიზიტი გრძელდება, ევროპელი სტუმრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, 18 ივლისს შეხვედრები გაიმართება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG