Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიფესტაციების ახალი წესები და ახალი სანქციები კრიტიკის საგნად რჩება


შეკრებისა და მანიფესტაციების და პოლიციის კანონების, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაცვლელად საჭირო პროცედურებისთვის საქართველოს პარლამენტს 20 დღე დასჭირდა. უმრავლესობის მიერ 26 ივნისს ინიცირებულმა კანონპროექტებმა კანონის სახე 17 ივლისს მიიღო. ხელისუფლების ახალი იდეა ოპოზიციამ დიქტატურის ნიშნების შემცველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა და აპრილიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებს დაუკავშირა, სამოქალაქო სექტორმა კი დემოკრატიიდან უკან დახევად გამოაცხადა. მსგავსი შეფასებები მიუღებელია საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის პავლე კუბლაშვილისთვის, რომელიც საზოგადოებას საერთაშორისო რევიზიას მხოლოდ კანონების დამტკიცების შემდეგ დაჰპირდა. “მთლიანად კანონი აუცილებლად გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. შესაბამისად, იქიდან მოსულ შენიშვნებზე აუცილებლად, ალბათ, გვექნება მსჯელობა. ეს კანონი არსებულ პოლიტიკურ რეალობას არ უკავშირდება, მაგრამ სამომავლოდ, ყოველგვარი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ეს დაზუსტებები გაგვეკეთებინა“ ,- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ამ კვირაში, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მოხსენიებულმა „ალბათ მსჯელობამ“ რეალურად, შესაძლოა, არაფერი შეცვალოს, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება სახელმწიფოს არ ევალება. შესაბამისად, თუკი ხელისუფლება პოზიციას არ შეცვლის, საქართველოში საპროტესტო აქციისას ქუჩების გადაკეტვას მხოლოდ გარკვეული, თუმცა კონკრეტულად დაუდგენელი, რაოდენობის ადამიანები შეძლებენ, მანიფესტაციის წესების დამრღვევები მაქსიმუმ სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან, პოლიციას კი ე.წ. არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება ექნება. ამ და სხვა ნორმების კრიტიკოსთა საპასუხოდ, ხელისუფლება მუდმივად ევროპულ გამოცდილებაზე მიუთითებდა, საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში კი ჩაწერა, რომ მიზანი, „დემოკრატიული პროცესების განვითარების პარალელურად, კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებაა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, მსგავსი განმარტება წინ უძღოდა ისეთი მკაცრი სასჯელის დაწესებას, როგორიც 90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაა. მის წესებს, როგორც თამარ ხიდაშელი ამბობს, არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ განსაზღვრავს. კერძოდ, არსებული პრაქტიკით, ადმინისტრაციულ პატიმრებს ათავსებენ დროებით იზოლატორებში, სადაც, ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, წამების ტოლფასი უმძიმესი პირობებია. სხვა მსჯარდებულთაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პატიმრებს არც სამედიცინო შემოწმების, არც გასეირნების და ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება აქვთ და არც სასჯელის შეფარდებამდე დაცვის მომზადების საშუალება.

ადმინისტრაციულ პატიმრებს დღემდე არც განაჩენის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ, რადგან კოდექსი მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადასინჯვას ითვალისწინებდა. გადასინჯვა რომ გასაჩივრებას არ ნიშნავს, ეს, სომხეთის მაგალითზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. სტრასბურგს სომხეთის მოქალაქემ მას შემდეგ მიმართა, რაც 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს და, გასაჩივრების უფლების არარსებობის გამო, საკუთარ სახელმწიფოს საქმე მოუგო. საქართველოში განხორციელებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, ადმინისტრაციული პატიმრები განაჩენის გასაჩივრებას შეძლებენ. ამ შემთხვევაში აღარ, თუმცა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც, როგორც წესი, საკუთარ პრეცედენტებს ეყრდნობა, საქართველოს დამარცხების პერსპექტივა სხვა ნორმის გამო ექნება. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, საქართველოში მანიფესტანტების მიერ ქუჩის გადაკეტვა მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა ვახტანგ მენაბდემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც თურქეთში მოედანი გადაკეტა 39-მა ადამიანმა, რომელთა აქცია პოლიციამ დაშალა, ერთს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამ საქმის განხილვისას სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც დემონსტრანტები ძალადობას არ მიმართავენ, ხელისუფლებამ შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს მშვიდობიანი აქციისადმი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონაწილენი მოძრაობას აფერხებენ. ვახტანგ მენაბდემ სტრასბურგის სასამართლოში თურქეთის სახელმწიფოს დამარცხების ეს ფაქტი გაიხსენა დისკუსიისას, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით გამართეს. დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მსგავსი კანონების ინიცირება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებას სხვა პოტენციალი არ გააჩნია. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ სამთვიან პროტესტს და დიალოგისთვის მზადყოფნას ხელისუფლებამ კანონების გამკაცრებით უპასუხა. „პოლიციური აზროვნება ნაციონალური მოძრაობის არსებობის ძირითადი ღერძია. ასეთ ვითარებაში კი ვერც დემოკრატიაზე და ვერც ზოგადად ქვეყნის რაიმე კეთილდღეობაზე მეტ-ნაკლები დარწმუნებით ვერ ვისაუბრებთ“ ,- უთხრა ექსპერტმა რადიო თავისუფლებას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეკრების კიდევ ერთი მონაწილის, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილისთვის საკანონმდებლო ცვლილებები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება არ შეეცადა გაერკვია, რამ წარმოშვა საპროტესტო აქციები და ამ პრობლემის გადაწყვეტა რაღაც წესების შემოღებით გადაწყვიტა. „ეს არის კლასიკური მანიფესტაცია იმისა, რომ ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. შეიძლება, ადამიანი არ იყოს თქვენთან, მაგრამ ის არ იყოს თქვენი მტერი. უფრო მეტიც, ეს არის ბუნებრივი უფლებების ჩამორთმევა, როდესაც ადამიანს უნდა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი“ ,- ამბობს მარინა ჩიტაშვილი და დასძენს, რომ დემოკრატიული წესით სახელმწიფოს მართვისას საზოგადოებას შენიანად და შენს მოწინააღმდეგედ არ ყოფენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს კრიზისი დიალოგით და კომპრომისით მოაგვაროს, არამედ დაპირისპირებას ამწვავებს და ძალადობის ესკალაციის საფრთხეს ქმნის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG