Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინო, მხოლოდ სუბტიტრებით!


კადრი ფილმიდან "ქარწაღებულნი". ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი
კადრი ფილმიდან "ქარწაღებულნი". ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით, ცოტა ხანში შეიძლება სავალდებულო გახდეს ფილმების ჩვენება სუბტიტრებით კინოდარბაზებსა და სამაუწყებლო სივრცეში. ამ იდეას უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა სუბტიტრებით ფილმის ორიგინალის ჩვენების პრაქტიკა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ წარმატებით აითვისა.

ცოტა ხანში, თუ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცეს, ჩვენს კინოდარბაზებში ფილმებს მხოლოდ და მხოლოდ, როგორც კინემატოგრაფისტები ამბობენ, ”პირველადი წარმოების ენაზე” უჩვენებენ - ქართული სუბტიტრებით. ფაქტობრივად, ასე იქნება სამაუწყებლო სივრცეშიც, ე.ი. ტელევიზიით ნაჩვენებ ფილმშიც, თუმცა სერიალებს სუბტიტრები არ შეეხება. კანონპროექტი კულტურის სამინისტროში დაიწერა. მინისტრი ნიკოლოზ რურუა ამბობს, რომ პრობლემა არა მარტო ისაა, რომ ფილმებს ქართულ ენაზე უხარისხოდ ახმოვანებენ... პრობლემა თავად დუბლიაჟშია...არაერთ ქვეყანაში გადავიდნენ ფილმის სუბტიტრებით ჩვენების სისტემაზე... იყო წინააღმდეგობაც - მაგალითად, ესპანეთში. თუმცა ესპანელებიც შეეჩვივნენ სუბტიტრებით უცხოური კინოს ყურებას. კანონპროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოშიც შეეჩვევიან. ამას წინათ კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ”რუსთავი 2”-ის ეთერში ჩამოთვალა არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეიცვალოს დუბლიაჟი სუბტიტრებით:

”პირველი, ადამიანი უკეთესად აღიქვამს ხელოვნების ნაწარმოებს ორიგინალში - ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც გვიყვებიან; ძირითადად, ეს თარგმანი არის ხოლმე ძალიან უხარისხო. და მეორე, მაყურებელთა უმრავლესობა მიეჩვევა უცხო ენას.”

როგორც გაირკვა, მომავალში სუბტიტრებიანი ფილმების გაშვების წესსა და პერიოდულობას კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს. ესაა და ეს... საზოგადოებაში ამ ნოვაციის მიმართ ერთი აზრი არ არსებოს, თუმცა დისკუსია ამ თემაზე ქვეყანაში არ დაწყებულა. კინომცოდნე ნინია კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სუბტიტრებით ფილმების ჩვენების ასეთი სახით დაკანონებას, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ სუბტიტრებით ნაჩვენები ფილმი სრულფასოვნად აღიქმება მაყურებლის მიერ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინია კაკაბაძე აღნიშნავს:

”კინოთეატრებში რომ იყოს ფილმები სუბტიტრებით, ამას მივესალმები, რადგან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ფილმი ასე უკეთ აღიქმება. რაც შეეხება ტელევიზიაში მხოლოდ სუბტიტრებით ფილმების ჩვენებას, ამას არ მივესალმები, რადგან ამ შემთხვევაში განცხადება გაკეთდა, რომ ასე ინგლისური ენაც უნდა ვისწავლოთ. მწყდება გული, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორებს ჰგონიათ, რომ ფილმი მხოლოდ ინგლისურ ენაზე არსებობს.”

მოსაზრება, რომ სუბტიტრებით კინოს ჩვენება უცხო ენის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს, კინოკრიტიკოსების (და არამარტო კინოკრიტიკოსების) მსუბუქი ქილიკის საგანი გახდა... ხომ არ ნიშნავს ეს განცხადება იმას, რომ მომავალში მხოლოდ ინგლისურენოვანი ფილმები უნდა ვნახოთ კინოთეატრებში? კარგ კინოს დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იღებენ. ნუთუ სუბტიტრებით ფილმების ყურება ყველა ამ ქვეყნის ენის შესწავლას გულისხმობს? ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ არ მიესალმება ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას:

”პირველი არგუმენტი ჩემთვისა ისააა, რომ ჯობია მაყურებელს მივცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება. არჩევანის საშუალება უნდა შევუქმნათ მაყურებელს: ვისაც სურს, შეუძლია ორიგინალში ნახოს ფილმი, ვისაც სურს, - სუბტიტრებით, ვისაც სურს, - ქართული თარგმანით. არ შეიძლება მაყურებელს წავართვათ მთლიანად არჩევანის უფლება და შევთავაზოთ ერთი არჩევანი.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG