Accessibility links

logo-print
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი რჩება მედიაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. ”რეზონანსი” პირველ გვერდზე წერს: ”ოპოზიცია ბაიდენს აქციებით დახვდება და მის წასვლამდე რუსთაველზე კარვებს არ აიღებენ. ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ აქციაზე გაახმოვანა. თუმცა, როგორც ჩანს, საპროტესტო აქციაზე მონაწილეთა სპექტრი არც ისეთი ფართო იქნება. ალასანია აქციის გამართვაში აზრს ვერ ხედავს, ალიანსის წევრები და პარტნიორები კი აცხადებენ, რომ აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იქნეს მიღებული”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი. ამავე გაზეთში წაიკითხავთ 22 ივლისისთვის აეროპორტის ტრასაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.

”რეზონანსის” კორესპონდენტი ესაუბრა სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილს, რომელიც ლაპარაკობს 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველთა მიერ გამოყენებულ იარაღზე: ”სხვათა შორის, სანამ ამ იარაღს გამოიყენებდნენ, 6 აპრილს დავწერე - რა სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოიყენოს შსს-მ და ვთქვი, რომ იქნებოდა ეფენ-303. ზუსტად ერთი თვის თავზე, 6 მაისს, მართლა გამოიყენეს. ვწერდი, რომ მოსალოდნელია, რომ ლიდერებს სწორედ თავის არეში ესროლონ, იმიტომ რომ ისინი მონიშნონ-მეთქი. მონიშნონ - იმ გაგებით, რომ ეს ტყვია საღებავის შემცველია და როცა ადამიანს მოხვდება, ეჯრ ერთი, სერიოზულად აზიანებს და, მეორეც, საღებავით ნიშანიც რჩება. ზუსტად ერთი ერთზე მოხდა ეს ყველაფერი ერთ თვეში. ეს ტყვია სახიფათოა. ჩემი ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებს ჯერ კიდევ ერაყში ჰქონდათ ეფენ-303 და მისი გამოცდა იქ მოხდა. მაშინ, როცა ახლო მანძილიდან ერაყში მასობრივი არეულობისას ხალხს ესროლეს, რამდენიმე ადამიანი თავის არეში მოხვედრილი ტყვიით დაიღუპა კიდევაც. ამიტომაც ეს იარაღი უკვე არ განეკუთვნება არალეტალურს, არამომაკვდინებელს, არამედ - მცირედ ან ნაკლებად ლეტალურს”, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გაზეთები დღეს ირაკლი ალასანიას გუნდის მიერ პარტიის დაფუძნებას ეხმაურებიან: ”დემოკრატიის ევოლუცია ქართულად - ბურჯანაძე-დემოკრატებიდან ალასანიას თავისუფალ დემოკრატებამდე” – ”ვერსიის” პირველი გვერდის სათაური გახლავთ. ავტორი წერს: ”და ფრიალებდა ”თავისუფალი დემოკრატების” ბარათები და იყო ერთ ხორც, ყველა ხმით, არც ერთის წინააღმდეგ არჩეულთა ღიმილები. და საერთოდ, მთლი პრეზენტაციაც ღიმილების კონკურსი იყო - უსუფაშვილი ინტელექტუალურად, გამყრელიძე დარდიმანდულად, ალასანია კი მორცხვად იღიმოდა და განსაკუთრებით, სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილში წამოწითლდა, სადაც განაცხადა, ამჟამინდელ ხელისუფლებაში მტრებს კი არა, პარტნიორებს ვეძებთო”, - წერს ”ვერსია”.

”ახალი თაობა” ორშაბათისთვის პარლამენტში დაგეგმილ პოლიტიკურ დებატებზე წერს: ”პარლამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დრო ითხოვა და ამიტომ პარლამენტს ორშაბათს ესტუმრება. ამ ფაქტს ოპოზიცია მიესალმა, რადგან, ისევე როგორც უმრავლესობა, ოპოზიციაც პრეზიდენტის დასახვედრად სათანადოდ ემზადება. ეს სააკაშვილის პირველი სტუმრობა არ არის. ამ პარლამენტში პრეზიდენტი ორჯერ იყო. ერთხელ შარშან, სექტემბერში, და მეორედ პარლამენტის დროებით კომისიაში ახსნა-განმარტების მისაცემად”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ოპოზიციის პროტესტი და ”ზედმეტი” პულტები პარლამენტში” – ”24 საათი” 16 ივლისის პარლამენტის სხდომის დეტალებზე წერს: ”გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტთა ლოჟაში გადანაცვლებულმა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დარბაზში მყოფი დეპუტატების რაოდენობა გადათვალა, ვიცე-სპიკერს იქიდანვე გადმოსძახა, რომ დარბაზში იმდენი დეპუტატი არ იჯდა, რამდენი პულტითაც ხმის მიცემა მოხდა. თავის მხრივ, მაჭავარიანმა მანდატურის სამსახურს დეპუტატების რეგისტრაციის შედეგების შემოწმება დაავალა. მოგვიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამ სამსახურის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა და დეპუტატების სათითაო რეგისტრაცია პირადად დაიწყო. მაჭავარიანი პირობას იძლევა, რომ კანონდამრღვევი კანონმდებლები აუცილებლად დაისჯებიან”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG