Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასულ კვირაში ბოლოდროინდელი პრესისთვის ჩვეულ თემებს ჯოზეფ ბაიდენის მოსალოდნელი ვიზიტისთვის მზადება, მთავრობაში შესაძლო ცვლილებები და ტელევიზიების ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები დაემატა.

შაბათის ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ბაიდენის ვიზიტის დროს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ისეთი ადამიანიც მივა, ვინც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა. ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ სექტემბრიდან პოლიტიკური ბრძოლის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი იწყება და ამისთვის, ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებაც ემზადება.

დღევანდელ ”ალიაში” ბაიდენის ვიზიტის გამო აქციის მოწყობის შესახებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოსაზრებებს გაეცნობით. ეკა ბესელია ფიქროს, რომ არ არის ტრაგედია ოპოზიციის არაერთსულოვნება ბაიდენის აქციით დახვედრის საკითხის მიმართ. კობა დავითაშვილი კი არ იწონებს იმ კოლეგების შეხედულებას, რომლებიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას აქციის გამართვას უმართებულოდ თვლიან. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ”ალიანსი” უფრო სწორად მიიჩნევს თავისი პოზიცია ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას გამოხატოს. ნიკო ორველაშვილი კი ”ფორუმის” გადაწყვეტილების მართებულობის გამოჩენას დროს ანდობს. გასული კვირის პრესა წერდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებაზე - ბაიდენის ჩამოსვლას აქციით დახვდნენ, ვინც თვლის, რომ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიტიკური ნიშნით იხდიან დღეს სასჯელს საქართველოს ციხეში.

რადგან ამ თემას შევეხე, აქვე გაგაცნობთ ღია წერილს, რომელიც ”ჯორჯიან ტაიმსის” 16 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა. პატიმრობაში მყოფი პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ვრცელი წერილით მიმართავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. ეს წერილი საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ მაისაიას ტელევიზიით გავრცელებული ვიდეო-ჩვენების შემდეგ მისი საქმის შესახებ პრაქტიკულად აღარაფერი იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ წერილში მაისაია უარყოფს ბრალდებას და დასძენს, რომ მან ბრალდება 8 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზეც უარყო და სრულ უნდობლობას უცხადებს მისი დანაშაულის მამხილებელ მასალებს. ”ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაკავება განხორციელდა წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე”, - წერს მაიასაია და ჩამოთვლის არგუმენტებს, მათ შორის - მიმდინარე წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მაისაია მოითხოვს იმ სამი პირის გათავისუფლებას, რომლებიც მაისაიას ჩვენებების საფუძველზე დააკავეს, რადგან ეს ჩვენებები, 16 ივლისს გამოქვეყნებული წერილის თანახმად, უკანონო ხერხებით იყო მოპოვებული. წერილში ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და, მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას წინასწარ აკისრებს შსს-ს. მაისაიას ღია წერილს 16 ივლისის ”ჯორჯიან ტაიმსი” აქვეყნებს.

რაც შეეხება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, 15 ივლისის ”საქართველოს რესპუბლიკა” წერდა, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გილაურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დააბრუნებს, მთავრობას კი ზურაბ ადეიშვილს ”შეუყუდებსო”. პრესაში დაიწერა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიგი უგულავაც განიხილება. ”ალია” კი წერდა, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დავით კეზერაშვილი დაინიშნოს. ხუთშაბათის ”რეზონანსი” მორიგ სამთავრობო ”კარუსელს” სექტემბერს უკავშირებს და თავის ვერსიებს სთავაზობს მკითხველს, რაც დიპლომატიურ კორპუსში ცვლილებებსაც უკავშირდება.

მანიფესტაციების რეგულაციასთან დაკავშირებული საკანანონმდებლო ცვლილებების შესახებ მიმდინარე კვირაში ბევრი დაიწერა. ”ვერსიის” ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორთან, უმრავლესობის წევრ ლაშა თორდიასთან. ის ამბობს: ”ზოგი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ 3 თვის განმავლობაში აქციები რა ფორმითაც იმართებოდა, დაშვებულია, და ახლა ხელისუფლებას კანონით ისეთი რეგულაციები შემოაქვს, რომლებიც ამ ყველაფერს კრძალავს. მსგავსი ტიპის აქციებს მოქმედი კანონმდებლობაც კრძალავდა. უბრალოდ, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კანონის დარღვევის ხარჯზე, ეს აქციები ჩატარებულიყო.”

18 ივლისის ”ახალ თაობაში” კი ამავე საკითხზე ადვოკატ, უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის უმრავლესობის მიერ არგუმენტად დასავლური სტანდარტების მოხმობას ასე უპასუხებს: ”დასავლეთის მაგალითი კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოაქვთ. დასავლეთში არ ხდება პოლიციელი ნარკოტიკს ან იარაღს უდებდეს ადამიანს და ისე იჭერდეს. დასავლეთში პოლიცია პრეზიდენტის სახელს არ სკანდირებს. იქ არ არის ასეთი უსამართლო სასამართლო, რომელიც პროკურორის ნებისმიერ თითის ქნევაზე მისთვის სასურველ განაჩენს გამოიტანდა... მაგალითად, რომელ ევროსტანდარტებში ჯდება ყველას ტელეფონის მოსმენა?” - კითხულობს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში უფლებადამცავი გელა ნიკოლაიშვილი.

დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადოს, რადგან მან კარგად იცის პიარის პრინციპები და ამგვარი ნაბიჯის ეფექტი.

ტელევიზიების მმართველობაში ცვლილებებზე არაერთი გაზეთი წერდა: 15 ივლისის გაზეთი ”ვერსია”, სტატიით ” ‘ნაციონალების’ რუხი კარდინალი ისევ გამოჩნდა”, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის, ”ჯორჯიან მედია ჰოლდინგის” გენერალურ დირექტორად დანიშვნას ეხმაურება. ”როგორც ”ნაციონალების” კულუარებში კარგად ჩახედული წყაროები გვიმტკიცებენ, არველაძე ის ფიგურა არ არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს - სააკაშვილს უგულავას დაბალანსება დასჭირდა პოლიტიკაშიც და მედიასივრცეშიც...” - წერს ”ვერსია”. 14 ივლისის ”ალიას” ამ ფაქტზე ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი უზიარებს მოსაზრებას: ”ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ მის დანიშვნას. ახლა უკვე ღიად გამოჩნდა, ვინ აკონტროლებს ”იმედს” რეალურად”, - ამბობს ჯანგირაშვილი. ტელემედიასივრციდან ყველაზე ხმაურიანი მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტიდან ლევან ყუბანეიშვილის წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობა იყო. მართალია, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პრესაში ამ ამბის განხილვისთვის. ”ჯერ საკითხავია, წავიდა თუ გაუშვეს. სანამ ლევანი არ გააკეთებს განცხადებას, მე ვერ ვილაპარაკებ...მოდით, თავმდაბლობა გვერდზე გადავდოთ და ვთქვათ, რომ მას სურდა, ჰქონოდა ეთერში გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ეყოლებოდა”, - ამბობს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დღევანდელი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში და გამოთქვამს წუხილს, თუკი ყუბანეიშვილის გადადგომა ”რამენაირად” მის გადაცემას უკავშირდება. 16 ივლისის ”ყველა სიახლე” ტელესივრცეში საკადრო ცვლილებებს გიგი უგულავას გავლენის შეკვეცის მცდელობას უკავშირებს.

ამავე გაზეთში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ განიხილება თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა: ”ვცდილობთ ამ პროცესებში ჩაერთოს რადიკალური ოპოზიციაც, რათა საარჩევნო კოდექსის თუ სხვა ცვლილებების გატარებაში მათაც მიიღონ მონაწილეობა და მუდმივად არ იდგნენ ქუჩაში, არ ისხდნენ საკნებში და იქიდან არ გველაპარაკებოდნენ”, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ორშაბათს ”კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა ინტერვიუ თბილისის მერ გიგი უგულავასთან, რომელიც ვარაუდობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას თბილისში პროცესები საინტერესოდ წარიმართება, რადგან, მისი თქმით, არ არის ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მოსახლეობის 80% დაუჭერდა მხარს. ”შესაძლოა, ჩვენ 7-10%-ით ვიღაცაზე მეტი გვქონდეს, ვიღაცას კი სხვაზე 2%-ით მეტი, რაც ნიშნავს, რომ ეს თანაზომიერი პოლიტიკური ძალებია”, - აცხადებს უგულავა. ჟურნალისტი მას შეახსენებს პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამს, ”გაჩეჩილაძეს თბილისში არჩევნებს ვერავინ მოუგებსო”. უგულავას პასუხი: ”არისტოტელეს სიტყვებით გიპასუხებთ: ”მე მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მიყვარს”. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პრეზიდენტმა ეს თქვა, მაგრამ ის შეიძლება ცდებოდეს. იქნებ, ჯობდა, ოპოზიციას ვადამდე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მოეთხოვა, რომელზეც ქალაქის მერი პირდაპირი წესით აირჩეოდა. იქნებ, თანხმდებოდა ხელისუფლება?” - ეს იყო ნაწყვეტი გიგი უგულავასთან ინტერვიუდან, რომელიც ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა.

დიალოგის თემა ამ კვირის პრესაშიც აქტიურად განიხილებოდა. 13 ივლისის ”კვირის ქრონიკა” ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე: ”დიალოგზე დიდი ხანია საუბარი მიდის. ოპოზიციას ორივე უნდა ჰქონდეს ხელში, ფარიც და მახვილიც. დიალოგზე შეიძლება მეც წავიდე. ეს დიალოგი შეიძლება იყოს სააკაშვილის გადადგომის პროცედურებზე.”

14 ივლისის ”რეზონანსი”, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: ”ჩვენ დღეს აღმოვჩნდით ორი პოლიტიკური ძალის ამარა: ერთის მხრივ, ხელისუფლება, რომელმაც ამოწურა რესურსი იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებას რაღაც პოზიტიური შესთავაზოს... მეორეს მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ვერა და ვერ მოუძებნია თავისი სახე. სახე არ ნიშნავს მხოლოდ ლიდერს. სახე ნიშნავს კონკრეტულ პოზიტიურ იდეებს, ადამიანთა კონკრეტულ პოზიტიურ მოლოდინებს, კონკრეტულ ჯგუფს მაღალი მორალური და ინტელექტუალური კაპიტალის მქონე ადამიანებისა, სტრატეგიას, რომელიც მხოლოდ თუნდაც ერთთვიან მძლავრ მოძრაობასა და სამიტინგო თრობაზე არ იქნება გათვლილი და რომელიც ხელისუფლების ყველა უმცირესი შეცდომის მაქსიმალური გამოყენებისაკენ იქნება მიმართული.”

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG