Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე (მარცხნივ) და შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე (მარცხნივ) და შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი

ევროკავშირის „ტროიკა“, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის ხელმძღვანელობით, დღეს ასრულებს საქართველოში თავის ოფიციალურ ვიზიტს. სამდღიანი სტუმრობის დამამთავრებელ ეტაპზე დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარება და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში ევროკავშირის როლის გააქტიურებაა.

ევროკავშირი ერთადერთი სადამკვირვებლო მანდატის მქონე საერთაშორისო გაერთიანებაა საქართველოში. მისი სადამკვირვებლო მანდატის ერთი წლით გაგრძელების საკითხი, წინასწარი სრული კონსენსუსის პირობებში, პრაქტიკულად გადაწყვეტილად ითვლება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ტროიკის“ მეთაურთან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისიის შემადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო წინადადება მუშავდება. ამ წინადადებების დასახელება პარლამენტის თავმჯდომარემ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის საუბრის თემა კი, საქართველოში ევროკავშირის მისიის სამომავლო პერსპექტივების გარდა, შიდაპოლიტიკური პროცესები და ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფორმები იყო.

რეფორმებზე, ქვეყნის განვითარების გზებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირის „ტროიკის“ დელეგაციამ, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხელმძღვანელობს, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან.

„მე პირადად ვთქვი, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში, ძირითადად, მოდის იმ ძალადობისგან, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

მასთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ევროკავშირის „ტროიკას“ დახურულ კარს მიღმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც ესაუბრა.

პარლამენტში გამართული შეხვედრის დროს

„ჩვენ ევროკავშირის „ტროიკასთან“ კონკრეტულად საუბარი გვქონდა 2 თემაზე. ეს შეეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას და რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ პოლიტიკური კრიზისიდან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.“

პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განმარტებით, „ტროიკის“ დელეგაციის წევრებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა მყარად გამოხატეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბარშიც. თავის მხრივ, ირაკლი ალასანიამ და ლევან გაჩეჩილაძემ ევროკავშირის „ტროიკას“ გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ევროკავშირი შიდაპოლიტიკური პროცესების ნორმალიზებაში.

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, დიალოგი ხელისუფლებასთან, არჩევნები, მანიფესტაციების შესახებ ახალი კანონი, გარე საფრთხეები, ევროკავშირის როლის გაძლიერება საქართველოს დეოკუპაციის პროცესში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის პირობები. ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა საპარლამენტო ოპოზიციასთან.

18 ივლისს ევროკავშირის „ტროიკამ“ შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან. „ევროკავშირის სამეულის ამ ვიზიტის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, განაცხადა მისიის ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ. მანვე საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების სრულყოფა, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გაგრძელება და ევროპული, ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

ამავე ბრიფინგზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება;

„ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. გუშინდელი დღე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად გავატარეთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ მისიის მანდატის გაგრძელება შესაძლებელი იქნება. ამ მისიამ შეიტანა წვლილი ვითარების სტაბილიზაციაში. ვიზიტისას განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესი, ვიმსჯელეთ იმ სფეროებზე, რომლებშიც ევროკავშირი და საქართველო ვზრდით თანამშრომლობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში, და აგრეთვე ევროინტეგრაციის მთლიან პროცესზე. აქ უნდა აღინიშნოს ვიზების ლიბერალიზაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების პერსპექტივა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები.“

XS
SM
MD
LG