Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 18.07.2009


დასავლეთის გამოცემებმა გასული კვირის მანძილზეც არაერთ პუბლიკაციაში გააშუქეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, თბილისში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობის მოახლოებამ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის სამხედრო ხომალდის შესვლამ.

ლონდონში გამომავალი ყოველკვირეული "ეკონომისტის" პუბლიკაციაში ყველა ეს ამბავია ნახსენები, თუმცა სტატია, ზოგადად, კავკასიის რეგიონის არასტაბილურობას ასახავს და იწყება ცნობილი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობაზე გამოხმაურებით. როგორც ცნობილია, ესტემიროვა 15 ივლისს მოიტაცეს გროზნოში, რამდენიმე საათში კი უკვე მოკლული იპოვეს მეზობელ ინგუშეთში.

როგორც ჟურნალ “ეკონომისტში” ვკითხულობთ, რუსეთს უყვარს დასავლეთის უშიშროების სამსახურების დადანაშაულება რეგიონის დესტაბილიზაციაში. თუმცა, ზოგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას. "სანამ მეზობელ ქვეყნებს სააკაშვილისნაირი ხალხი უდგას სათავეში - ნეონაცისტები და ნეოფიურერები - მშვიდობა არ გვეღირესებაო", - ეს შეფასება, როგორც “ეკონომისტი” გვამცნობს, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადი იედელევს ეკუთვნის. სტატიაში ნახსენებია ასევე ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა. ეს ვიზიტი განხორციელდა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ სურს სამხედრო კონფლიქტის განახლებაო. ამ "მესიჯის" გასაძლიერებლად, წერს “ეკონომისტი”, საქართველოს სანაპიროს ამერიკული სამხედრო ხომალდი მიადგა, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად.

ცხინვალში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის 13 ივლისს ჩასვლას გამოეხმაურა "ნიუ-იორკ ტაიმსიც", რომელიც მედვედევის ვიზიტის იყენებს იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად დიდი განსხვავებები რჩება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პოზიციებში გასულ კვირაში მათი შეხვედრის შემდეგაც. სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ მოსკოვში ვიზიტისას ობამამ განმეორებით გამოხატა "ურყევი რწმენა, რომ პატივი უნდა ეცეს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას". არადა პირიქით, რუსეთი სულ უფრო იძლიერებს პოზიციებს ამ ტერიტორიაზე, რასაც ხაზს უსვამს ცხინვალში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტი. ზაფხულშივე აფხაზეთში ჩასვლას აპირებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ვკითხულობთ "ნიუ-იორკ ტაიმსში".

აფხაზეთს ეხება ორი საყურადღებო პუბლიკაცია, რომელზეც ახლა შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: ორივეში მოყვანილია დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის განცხადებები. ბრიტანეთის ყოველდღიური, საფინანსო-ეკონომიკური პროფილის "ფაინენშალ ტაიმსის" ჟურნალისტი, მისივე განმარტებით, ბაღაფშს ესაუბრა აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით. ამ სტატიაშიც ნახსენებია დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება საქართველოს ტერიტორიალი მთლიანობის საკითხის გარშემო. თვით ბაღაფში, ვკითხულობთ “ფაინენშალ ტაიმსში”, გამორიცხავს საქართველოში აფხაზეთის რეინტეგრაციას. "ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ყველამ უნდა დაივიწყოს - საქართველომაც, დასავლეთმაც და ყველა დანარჩენმაცო" - უთქვამს სპერატისტების ლიდერს “ფაინენშალ ტაიმსთან” ინტერვიუში. ასევე ბაღაფშის თქმით, აფხაზეთის გრძელვადიანი მიზანია დემილიტარიზაცია, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, სანამ აფხაზეთის მოქალაქეებს იარაღი არ დაუყრიათ და საქართველოს უარი არ უთქვამს აფხაზეთზე. ბაღაფში ერთობ მძაფრ შეფასებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით - "სააკაშვილს არასტაბილურობა, სისხლი და ომი სურს".

აფხაზი სეპარატისტების ლიდერი კიდევ უფრო სიტყვაუხვია მისი (და, როგორც ცნობილია, მისი მოსკოველი მფარველების) შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტისაგან მომდინარე საფრთხეზე საუბრისას "შპიგელთან" ინტერვიუში. გერმანიის ამ ყოველკვირეული, მემაცრხენე-ლიბერალური გამოცემის კორესპონდენტი უვე კლუსმანი სოხუმში ესაუბრა დე ფაქტო პრეზიდენტს, მას თავდაპირველად ჰკითხა, ხომ მიიჩნევთ თავს იზოლირებულად, რახან მეზობლებიდან, რუსეთის გარდა, არავის უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობაო? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, ბაღაფში ამბობს, რომ მოცმულ ეტაპზე რუსეთთან კავშირები საკმარისია ეკონომიკის განვითარებისთვის. “რასაკვირველად, გაგვიხარდებოდა, ევროპა ჩვენს მიმართ უფრო ღია პოლიტიკას რომ აწარმოებდეს. მაგრამ მე ეს დროის ამბად მიმაჩნია”, აცხადებს ბაღაფში. მისივე თქმით, აფხაზეთი უკვე ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას ირანთან, იორდანიასთან, თურქეთთან და ბელორუსიასთან. “არავის შევეხვეწებით, გვაღიარეთო", ამბობს ბაღაფში “შპიგელთან” ინტერვიუში - ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საქართველოს ამ ოკუპირებული ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემას, ეთნიკური ქართველი დევნილების დაბრუნების პერსპექტივას, აფხაზეთში ბაღაფშის ოპოზიციას და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სააკაშვილის ოპოზიციას ეხება. ბაღაფშის შეფასებით, "საბჭოთა კავშირის ნებისმიერი სხვა ყოფილი წევრი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, აფხაზეთში არის ოპოზიცია და პლურალისტული პრესა." ეს, დასძენს ბაღაფში კარგია და აჩვენებს, რომ მისმა რესპუბლიკამ არჩევანი დემოკრატიაზე შეაჩერა. საეჭვოა, დემოკრატიის არჩევაზე ლაპარაკი დამაჯერებლად ჟღერდეს ინტერვიუში, რომელშიც ბაღაფში დასავლეთს ურჩევს, საქართველოს ფინანსურად დაეხმაროს აფხაზეთიდან დევნილების რეინტეგრაციისთვის მათს საკუთარ, საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც ბუნებრივია, არ გულისხმობს აფხაზეთის, საიდანაც ეთნიკური ქართველების უმრავლესობა ჯერ კიდევ 1992-93 წლებში განდევნეს. ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ გერმანიის ყოველკვირეული “შპიგელის” საინტერნეტო გამოცემაში.

დაბოლოს, ერთ პუბლიკაციაზე, რომელსაც გამოცემა “იურეიჟა ვიუ” აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით. სტატიაში როგორც ვკითხულობთ, ჯერ არ არის ნათელი, რა "მესიჯით" ჩადის ბაიდენი თბილისში: საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის გამოსათქმელად, თუ გასაფრთხილებლად, ნუ გააღიზიანებთ რუსეთსო...

მოსკოვში ობამამ მიმომხილველებისთვის მოულოდნელად მძაფრი განცხადებები გააკეთა საქართველოსა და, ზოგადად, სახელმწიფოთა უფლების მხარდასაჭერად, აირჩიონ მოკავშირეები, რომლებსაც თავადვე ანიჭებენ უპირატესობასო, წერს სტატიის ავტორი. მას მოჰყავს ამერიკელ ექსპერტ ლორენს კორბის შეფასება, რომ ის, რაც ობამამ საქართველოსთან დაკავშირებით თქვა, მისი, ალბათ, ყველაზე მკაცრი განცხადება იყო რუსეთში სტუმრობის დროს. სტატიის ავტორს მოჰყავს ასევე ინფორმაცია, რომელიც რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორმა, დავით კაკაბაძემ გააცნო ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების ვაშინგტონში შეკრებილ ჯგუფს. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი გამოთქვამს შეფასებას, რომ ობამა ფაქტობრივად დაემუქრა მედვედევს: მას აუწყა, რომ "შეერთებული შტატები ამჯერად გვერდზე აღარ გადგება საქართველოში რუსეთის ხელმეორედ ინტერვენციის შემთხვევაში". ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ თქვა ჩვენს რადიოსთან საუბარში საქართველოს ხელისუფლების სამმა წარმომადგენელმა. მათ ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვეს. ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ობამას რაიმე განცხადების ზუსტი ტექსტი.

ასეა თუ ისე, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 20-24 ივლისს უკრაინასა და საქართველოს ეწვევა. “იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორს მოჰყავს ნაწყვეტი ჯო ბაიდენის ოფისის განცხადებიდან, რომ "ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს".
XS
SM
MD
LG