Accessibility links

logo-print

რატომ ჩადის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინასა და საქართველოში?


ჯოზეფ ბაიდენი

ჯოზეფ ბაიდენი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოახლოებული ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევს. ორივე ქვეყანას ნატოში გაწევრიანება სურს, ორივე რუსეთის ზეწოლას განიცდის და ორივეში, პირველ რიგში, ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი აქვთ - იმედი, რომ, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია მათი ინტერესების ხარჯზე არ იზრუნებს მოსკოვთან ურთიერთობის “გადატვირთვაზე”. ეს „საკომპიუტერო ტერმინი“ პირველად სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გამოიყენა რუსეთთან დაახლოების მეტაფორად.

მაგრამ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ტონი ბლინკენმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში “გადატვირთვა” არც ერთი სხვა ქვეყნის საზიანოდ არ მოხდება. ბლინკენის თქმით, კიევსა და თბილისში ბაიდენის გამოსვლებში საუბარი იქნება ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან შეერთებული შტატების მეგობრობაზე; დაგეგმილია შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან.

ამასთანავე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება საქართველოში ომის განახლებას. “ჩვენ სავსებით მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ მათი გამართლებული მისწრაფება, შეინარჩუნონ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ვერ განხორციელდება ძალის გამოყენებით”, განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა მათთვის “კარტ ბლანშის” მიცემას არ ნიშნავს და ვიცე-პრეზიდენტი ორივე ქვეყანაში ვიზიტისას მათს ლიდერებს ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს შემთხვევაში, ბაიდენი, გავრცელებული ინფორმაციით, მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემების გარდაქმნას.

ამერიკელ პოლიტოლოგ დევიდ სატერს ნიშანდობლივად მიაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი ორიოდ კვირაში იმართება მოსკოვში პრეზიდენტ ობამას სტუმრობის შემდეგ. როგორც სატერმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელობისა თუ სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, ეს ორი ქვეყანა რუსეთს, მართალია, ვერ შეედრება, მაგრამ რაც შეეხება ყურადღებას, რომელსაც კიევი და თბილისი იმსახურებენ, რაც შეეხება ამერიკელი ხალხის სიმპათიას უკრაინისა და საქართველოს ხალხებისადმი, აქ ვაშინგტონის დამოკიდებულება განსხვავებული არ არის. ხოლო ის გარემოება, რომ ბაიდენის ვიზიტი უშუალოდ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ დაინიშნა, დევიდ სატერის შეფასებით, ცხადჰყოფს შეერთებული შტატების პოზიციას: უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან, რომელთაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და უფლება, თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილებები, მათ შორის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვისთან დაამყარონ კავშირი, და შევიდნენ თუ არა ნატოში.

ბაიდენის ტურნე ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ამ პოზიციის, უწინარეს ყოვლისა, სიმბოლური გამოხატულება იქნება.

ტურნე ორშაბათს იწყება კიევში ვიზიტით, ოთხშაბათს კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკვე თბილისში ელიან.
XS
SM
MD
LG