Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მედვედევის ჩასვლითა და „ღორის გრიპით“ მოწამლული კვირა


გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან, უდავოდ, გამორჩეული იყო საქართველოში ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელი სტუმრობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში. გასულ კვირაშივე საქართველოს სტუმრობდნენ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც თბილისში ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის მოსამზადებლად ჩავიდნენ. კვირის მიწურულს კი გავრცელდა შემაშფოთებელი ცნობა იმის თაობაზე, რომ საქართველო ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ გავრცელების არეალში მოექცა. H1N1 ვირუსით დაავადებულია საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომელიც კვირის დასაწყისში ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნდა.

გასული კვირა, პოზიტიური ინფორმაციით, გალში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ქართული და აფხაზური მხარეების პირველი შეხვედრით დაიწყო. მოლაპარაკებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანსიორგ ჰაბერი და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ბერბეკეც მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მოხდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ასევე ითქვა, რომ, ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრა სისტემატურად, ორ კვირაში ერთხელ, გაიმართება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრას კონსტრუქციულად მიუდგნენ:

„ყველა პროცედურულ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი შედეგია. ქართული და აფხაზური მხარეები დიდ მოქნილობას ამჟღავნებენ, რაც ამ შეხვედრებს კარგ სამომავლო პერსპექტივებს უქმნის. მოკლედ, მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი.“ თუმცა ამგვარი დადებითი განწყობა მნიშვნელოვნად გაახუნა გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, ოფიციალურ თბილისთან შეთანხმების გარეშე სტუმრებოდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს. დიმიტრი მედვედევის ცხინვალში სტუმრობას მწვავედ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა და ამ რეგიონის ანექსიის დაკანონების მცდელობის გამო შეშფოთება გამოთქვა:

„საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩამოსვლას; მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია; მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.“ მედვედევის ცხინვალში ჩასვლას უარყოფითი შეფასებით გამოეხმაურა ევროპის კავშირიც. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხინვალში მედვედევის ვიზიტი შეუთავსებელია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. "ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვიზიტმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხევაზე, რეგიონში სტაბილურობას მიაღწიოს“, ნათქვამია განცხადებაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 16 ივლისს ეწვია, 17 ივლისს კი ზუგდიდში ჩავიდა და ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული ზონის, აფხაზეთის, მახლობლად - იქ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა.

კარლ ბილდტი: ”დღესდღეობით ვითარება იცვლება საპირისპირო მიმართულებით. ვგულისხმობ გაეროს მისიის გასვლას. დაიბლოკა ეუთოს მისიაც. საერთაშორისო დასწრება მცირდება. ევროკავშირის მისიას მანდატი აქვს მთელ საქართველოში, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან რთულია. ჩვენ მაინც განვაგრძობთ ამ საკითხის გატანას. დრო შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ მზად ვართ ასეთი მომენტისთვის. ევროკავშირის მისია ამჯერად სადამკვირვებლო მისიაა. ის ცდილობს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებასაც.”

თუმცა კარლ ბილდტი, როგორც მასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, საქართველოში მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის შესაფასებლად არ ჩასულა:

„საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს. ეს არის საქართველოსთვის მთლიანად პოზიტიური თემები - ისეთი, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა ასოცირებულ წევრობაზე ხელშეკრულება, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირის ფინანსური დახმარება.“

დავით ბაქრაძის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ასევე შეხვდა ოპოზიციის ლიდერთა ნაწილს, მათ შორის, ირაკლი ალასანიას, რომელმაც გასულ კვირაში საკუთარი პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ დააარსა.

ირაკლი ალასანია: „ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რათა ერთობლივად განვახორციელოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთი სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ალიანსურ რეჟიმში უკვე გვაქვს რამდენიმე წამოწყება, რომელთა კონკრეტული სამიზნე საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის ცვლილებების სწორად განხორციელებაა. უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ საარჩევნო სისტემის რეფორმირების კონკრეტულ მიმართულებებს.“

საარჩევნო სისტემისა და,ზოგადად, კანონმდებლობის შეცვლაზე გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტშიც მსჯელობდნენ. დეპუტატებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რამაც პოლიტიკური პარტიების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცვლილებები დაიწუნეს და კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, მაგრამ პარლამენტმა გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა განხილულიყო ეს საკითხი, განვიხილეთ. მცდელობა, რომ გადავწიოთ, გავაჭიანუროთ და ა.შ., არასწორი იქნება“, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა.

გასულ კვირაშივე გადაწყდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით მომავალ კვირაში, 20 ივლისს, გამოვა. მომავალ კვირაშივე იგეგმება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლა. ნაკლებსავარაუდოა, რომ მაღალი თანამდებობის ამერიკელი სტუმრის საქართველოში ჩამოსვლას ხელი შეუშალოს „ღორის გრიპმა“, რომლის გავრცელების არეალში, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, გასულ კვირაში საქართველოც მოექცა:

„ჩვენთან დადასტურდა ერთი შემთხვევა H1N1 ვირუსის არსებობის. ადამიანი, რომელსაც ჩაუტარდა ტესტირება, ახლა არის იზოლირებული და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების გამოვლენა მოხდა დროულად. პაციენტი კარგად გრძნობს თავს. მკურნალობა ტარდება ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების მიხედვით. პანიკის საფუძველი არ არსებობს.“

ალექსანდრე კვიტაშვილმა ისიც თქვა, რომ გრიპით დაავადებული ქალბატონი საქართველოს მოქალაქეა და რომ იგი საქართველოში ხუთი დღის წინ ინგლისიდან ჩამობრძანდა. სულ მსოფლიოში ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ ვირუსით 120 ათასი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 450-ს არ აღემატება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG