Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენს უკრაინაში ელიან


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კიევში ვიზიტს იწყებს. ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური „რეგიონების პარტიის“ ლიდერს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კონსტანტინ ელისეევის განცხადებით, კიევი მოელის, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას აშშ-ის მიერ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა დადასტურდება. კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯოზეფ ბაიდენი თბილისში გაემგზავრება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის ტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტების მიზანი ამ ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებაა. ბლინკენის განმარტებით, აშშ-ის დაინტერესებულია, რომ უკრაინა და საქართველო მისი ეფექტური პარტნიორენი იყვნენ, გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკა ჰქონდეთ და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალები ჰყავდეთ. ტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ისთვის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჯოზეფ ბაიდენის თანხმლებ დელეგაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის და ეროვნული უშიშროების და ეკონომიკური საბჭოების მაღალჩინოსანთა საკმაოდ სერიოზული გუნდია.
XS
SM
MD
LG