Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ ზნაურის რაიონთან მოსაზღვრე სოფლები პრაქტიკულად დაუცველია


2008 წლის აგვისტო. რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი ახალგორის რაიონის თავზე

2008 წლის აგვისტო. რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი ახალგორის რაიონის თავზე

ფრონეს ხეობის სოფელი კნოლევი ქართველებით დასახლებული ერთ-ერთი ბოლო სოფელია, რომელსაც ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფლები ესაზღვრება. კნოლევის მცხოვრებთა ინფორმაციით, რუსი და ოსი მესაზღვრეები საგუშაგოებს აძლიერებენ და სოფლის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა შემოჰყავთ. ყოველ ღამით სოფლის მიმართულებით სროლის ხმა ისმის. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი ის 14 ოჯახია, რომელიც ე.წ. უკონტროლო, ნეიტრალურ ზონაში ცხოვრობს. ისინი ყოველ ღამით ბანდიტური ჯგუფების თავდასხმის მოლოდინში არიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზნაურიდან ახალგორამდე, ქართული სოფლების გასწვრივ, ააშენეს სასაზღვრო კარვების 20-მდე ქალაქი, სადაც ყოველდღიურად წვრთნებს ატარებენ და პატრულირებენ. ქართული სოფლების მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავს, როგორ ავლებენ მათ მიწის ნაკვეთებთან რუსები მავთულხლართებს. კარვების ქალაქებთან რუსმა სამხედროებმა მძიმე ტექნიკაც განალაგეს. როგორც გორის რაიონის, ასევე ფრონეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მძიმე ტექნიკის განლაგების ფაქტს და ქართველი მოსახლეობის კუთვნილ მიწაზე მავთულხლართების გავლებას შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩინჩილაკაშვილიც ადასტურებს. საქართველოს ხელისუფლება რუსი სამხედროების მოქმედებაზე რეაგირებას ვერ ახდენს და მხოლოდ ინფორმაციას აწვდის ევროკავშირის მეთვალყურეებს, რომლებიც, თავის მხრივ, არსებულ მდგომარეობას საკუთარ ანგარიშებში აღწერენ.

რუსი სამხედროები ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გაბმას ზაფხულის განმავლობაში დაასრულებენ. მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ოსური დაჯგუფებები ქართულ სოფლებში უპრობლემოდ აღწევენ და საქონელს იპარავენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რუს სამხედროებს სამსახური რთულ პირობებში უწევთ, ხშირად საკვების პრობლემა აქვთ და ამიტომ, მათთან შეთანხმებით, ოსური დაჯგუფებები ქართულ სოფლებში საჭმლის მოსაპოვებლად გადადიან.
XS
SM
MD
LG